მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ ცერემონიაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა წინწყაროში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რიჩარდ ნორლანდი სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო და შეხვდა მუსულმან მლოცველებს, რომლებმაც სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა მშვიდობიანად ჩაატარეს. სოფელში რიჩარდ ნორლანდი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და მას მეგზურობას უწევდა "საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმება მუსულმან და არამუსულმან მოსახლეობას შორის მისასალმებელია.
"ამ შეთანხმების შედეგად სოფელში მცხოვრებ მუსულმანთა თემს მიეცემა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა პარასკევის ლოცვაში. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რელიგიური თავისუფლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ინციდენტს ჰქონდა ადგილი როგორც წინწყაროში, ასევე სოფელ ნიგვზიანში. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს და ისეთი რადიკალური მოწოდებები, როგორც იყო - "საქართველო ქართველებისთვის" შესაძლოა, გახდეს იმის საფუძველი, რომ ვითარება კონტროლიდან გავიდეს და ძალადობაში გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უფლება და თავისუფლება, მიიღოს მონაწილოება რელიგიურ ცერემონიაში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლითაც ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის აუცილებლობას. როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპი სცდება რელიგიურ თემატიკას.
"მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ადამიანის უფლება მისი რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. დღევანდელი უმრავლესობა ხვალ შეიძლება, უმცირესობად იქცეს. ამ თემაზე ყურადღების მიქცევა აუცილებელია, რათა თითოეული ადამიანის უფლება იფიქროს თავისუფლად, ისაუბროს თავისუფლად და ისარგებლოს თავშეყრის უფლებით იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი. ჩვენ ვულოცავთ მოსახლეობას ამ შეთანხმების მიღწევას, რაც შესაძლებელი გახდა მთავრობის, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივების მონაწილეობით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა წინწყარო უკვე დატოვეს. სოფელში დასრულდა მუსულმანთა პარასკევის ტრადიციული ლოცვაც.