დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის განხილვა 11 დეკემბერს გაიმართა და ლორდთა პალატის წევრების შეკითხვებს მთავრობის წარმომადგენელმა, უოლეს სალტაირმა უპასუხა.
"ლიბერალ-დემოკრატი" სალტაირის შეფასებით, 1-ელი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის რთული კოჰაბიტაციის პერიოდი უდგას.
"ახლა ყველა მხარის ვალია, ითანამშრომლონ, რათა მოხდეს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის კონსოლიდაცია", - განაცხადა უოლეს სალტაირმა.
ამასთან, მან საქართველოში ბოლო პერიოდის დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ახალი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გამოც, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება შეუმცირდება.
"ერთ-ერთი შემაშფოთებელი სიგნალი ისიც იყო, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა ბიუჯეტის შეკვეცის შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რაც შედეგად მოიტანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების მკვეთრ შემცირებას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ისევე როგორც რიგი უცხოური მთავრობებისა, რათა ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ კოჰაბიტაციას პრეზიდენტსა და ახლანდელ მთავრობას შორის შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე", - აღნიშნა მან.
აღნიშნულის მიუხედავად, სალტაირის თქმით, ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია საქართველოს ახალ მთავრობასთან მიმართებაში რადიკალურები იყვნენ.
"ცოტა ნაადრევია ვიყოთ ასეთი რადიკალურები. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მთავრობაზე, რომელიც, ფაქტობრივად, ორ თვეზე ნაკლებია, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და "ქართული ოცნების" კოალიციაზე, რომელიც ერთობ მრავალფეროვანია. მას უძღვება საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც ძალიან მცირე პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. ის (კოალიცია, მთავრობა) თანდათან პოულობს საკუთარ გზას. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არ არის უნაკლო დემოკრატია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არჩევნები აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და მოხდა მთავრობის დემოკრატიული ჩანაცვლება. ჩვენ ამ ფაქტებს უნდა მოვეჭიდოთ და მთელი ჩვენი მონდომებით უნდა ვეცადოთ, რომ ვუზრუნველყოთ ახალი მთავრობის მიერ მათი დემოკრატიული ვალდებულებების სრულად შესრულება", - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ლორდთა პალატაში საქართველოს საკითხის განხილვისას.
გარდა ამისა, მან პალატის წევრებმა საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის შესაძლო განახლების საკითხზეც დაუსვეს შეკითხვა და სთხოვეს შეფასება. სალტაირმა აღნიშნა, რომ მათთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება მისასალმებელი იქნება.
"ახალმა მთავრობამ ნამდვილად სცადა დაეწყო ახალი დიალოგი რუსებთან, მაგრამ ჯერჯერობით, რამდენადაც მე ვიცი, რუსებმა მათ დიდი კეთილგანწყობით არ უპასუხეს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები კვლავ რჩება. რუსეთი კვლავაც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ ჟენევის მრავალეროვანი მოლაპარაკებების კონტექსტში, რომელშიც ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, ჩვენ ძალზე მოხარული ვიქნებოდით თუ რუსეთსა და საქართველოს შორის უფრო პოზიტიური დიალოგი გაიმართება", - აღნიშნა მან.
საბოლოოდ, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, უნაკლო არც საქართველოს წინა მთავრობა იყო და არც ახალი ხელისუფლებაა.
"წინა მთავრობა არ იყო უნაკლო. საქართველოში პატიმრების რაოდენობა იყო ძალზე მაღალი და ციხეებში პირობები იყო ნამდვილად საშინელი. უნაკლო არც ახლანდელი მთავრობაა. მედიის თავისუფლება გარკვეულწილად შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიისკენ გარდამავალ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს", - დასძინა სალტაირიმ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკითხის განხილვისას ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელს ლორდთა პალატის არაერთმა წევრმა დაუსვა შეკითხვა, მათ შორის ჰარის პენტრეგართი სალტაირისგან იმით დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ის, რომ ყოფილი მთავრობის წევრების დაკავება შემაშფოთებელი სიგნალია. ამ თემას შეეხებოდა შრომის პარტიის წარმომადგენელ ლორდ ჰევორთის შეკითხვაც, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლის აზრი იმასთან დაკავშირებით აინტერესებდა, უკანასკნელი მოვლენები რამდენად ლახავდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაციას და იქცევა თუ არა "ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად". უოლეს სალტაირმა აღნიშნული განცხადებებით სწორედ ლორდთა პალატის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.