ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის Time-ის მკითხველებმა ონლაინ-გამოკითხვით, "წლის ადამიანად" სამხრეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაასახელეს.
ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერს ტიტულს ოფიციალურად ჟურნალი მომავალ კვირას მიაკუთვნებს. როგორც Time-ი აღნიშნავს, რაც კიმ ჩენ ინი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ჩაუდგა სათავეში," ქვეყნის კონტროლი გააძლიერა, Time-ის გარეკანზე მოხვდა (ამ წლის თებერვალში) და "წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცადაც" კი დაასახელეს". მას ეს ტიტული ამერიკულმა სატირულმა გამოცემა Onion-მა მიაკუთვნა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ხმა 5.6 მლნ ადამიანმა მისცა.
მეორე ადგილზე ამერიკელი სატირიკოსი და პოპულარული ტელეწამყვანი ჯონ სტიუარტი გავიდა. მან მკითხველთა 2,4 მლნ ხმა მოაგროვა.
მესამე ადგილი არალეგალი იმიგრანტის კოლექტიურ იმიჯს გადაეცა (1,55 მლნ ხმა). მეოთხე ადგილი ამერიკელ ტანმოვარჯიშე გოგონა გაბი დუგლასს ერგო (1,51 მლნ ხმა). მეხუთეზე მიანმარის პრეზიდენტი ტხეინ სეინი და ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩჟი (1,49 ხმა) გავიდნენ.
"წლის ადამიანის" ტიტულისთვის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები და უფლებადამცველები იბრძოდნენ.
მათ რიცხვშია: რუსული პანკ-ჯგუფი Pussy Riot, ავსტრიელი პარაშუტისტი ფელიქს ბაუმგარტნერი, რომელმაც ოქტომბერში სტრატოსფეროდან წარმატებული ნახტომი განახორციელა და კორეელი რეპერი Psy, რომლის ჰიტმა Gangnam Style ინტერნეტში ნახვებით რეკორდი დაამყარა.
19 დეკემბერს Time-ი საკუთარ არჩეულ "წლის ადამიანს" დაასახელებს, რომლის ფოტოც ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდება. იგი არა მკითხველთა აზრს, არამედ გამოცემის ექსპერტებისა და რედაქტორების მსოფლმხედველობას ეფუძნება. ხშირად მკითხველთა და რედაქციის არჩევანი ერთმანეთს არ ემთხვევა.
Time-მა პირველი წლის ადამიანი 1927 წელს დაასახელა. იგი ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი გახდა, რომელმაც ატლანტის ოკეანეს მარტომ პირველად გადაუფრინა.
სხვადასხვა დროს ეს საპატიო წოდება ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, რომის პაპმა იოან პავლე II, უინსტონ ჩერჩილმა, იოსებ სტალინმა, ადოლფ ჰიტლერმა, ბარაკ ობამამ მოიპოვეს.
მომზადებულია Time-ის მიხედვით.