გუდაურში, სასტუმრო "მარკო პოლოს" თანამშრომლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. როგორც მათ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ადმინისტრაციამ 100-მდე ადამიანს ხელფასი 600-დან, 300-350 ლარამდე შეუმცირა. მათი თქმით, თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
"24 წელია ვმუშაობ ამ სასტუმროში. 700 ლარი მქონდა ხელფასი, ახლა მეუბნებიან, 300 ლარი გექნებაო. როგორ მოვაწერო ხელშეკრულებას ხელი, ყველაფრის ფასმა მოიმატა. 1 ტომარა ფქვილში 60 ლარს რომ მივცემ, სხვა რამეც ხომ მჭირდება. ხელშეკრულება დაგვირიგეს და გვითხრეს, ან ხელი მოაწერეთ, ან სამსახურიდან წახვალთო," - აღნიშნა სასტუმროს თანამშრომელმა ნაზი ბურდულმა.
"ხელფასი გაგვინახევრეს, სეზონზე 600 ლარზე მეტი მქონდა, ახლა მეუბნებიან 350 ლარს მოგცემთო. თუ გაწყობთ მოაწერეთ ხელი, თუ არადა გამოძახებით იმუშავეთ, ერთ გამოძახებაში 21 ლარს მოგცემთო. გვეშინია, რომ დავთანხმდეთ, ჩვენ არ გამოგვიძახებენ და ვინც 350 ლარს დათანხმდება იმას ამუშავებენ. ჩვენ ისე ვრჩებით. არ ვაპირებთ ხელის მოწერას," - აცხადებს სასტუმროს თანამშრომელი ჟუჟუნა ჩოხელი.
სასტუმროს თანამშრომლები დახმარებისთვის დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ტრიპოლსკის მიმართავენ.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი