ამა წლის 30 ნოემბერს თბილისის აეროპორტის მესაზღვრე-კონტროლიორმა ვაჟა ღოღაძემ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყალბი პასპორტის შესახებ განაცხადა, რომელიც ვაჟა-ფშაველას N14-ში მცხოვრები ვინმე ლევან მაისურაძის სახელზეა გაცემული 2011 წლის 25 აგვისტოს და მასში ვანო მერაბიშვილის სურათია ჩაკრული. "ყველა სიახლის" წინა, 49-ე ნომერში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრმა და სამოქალაქო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა მესხიამ ის ადამიანი დაასახელა, ვინც, სავარაუდოდ, ყალბი პასპორტი გადასცა ვანო მერაბიშვილს. მესხია ამბობს, რომ ეს პიროვნება არის გიორგი ეპიტაშვილი, რომელიც უშიშროების თანამშრომელია და სამოქალაქო რეესტრში მუშაობს... რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა. საბუთი გაცემულია გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში ჩაკრულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი. გიორგი ლორთქიფანიძემ დაადასტურა, რომ ეს პასპორტი და პირადობის მოწმობა მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ პასპორტები სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს ორი პასპორტი გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი 150 პასპორტი არსებობს და ისინი, ძირითადად, მაღალჩინოსნებზეა გაცემული. ამ ყალბი დოკუმენტების გაცემის თარიღი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რეესტრს ამჟამად პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. ამ საკითხზე კომენტარისთვის გიორგი ვაშაძეს მივმართეთ:
- ამ პასპორტებთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება და ამ საკითხზე აღარ ვისაუბრებ.
- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ივანე მერაბიშვილს ყალბი პასპორტი გადასცა გიორგი ეპიტაშვილმა, რომელიც რეესტრის თანამშრომელი და უშიშროების ოპერმუშაკია?
- არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით...
- ვანო მერაბიშვილის ყალბ პასპორტზე...
- პასპორტი არ აღმოუჩენიათ, რაღაც ქსეროასლი არის რაღაც დოკუმენტის, სხვა არაფერი ვიცი.
- გიორგი ეპიტაშვილი თუ მუშაობს რეესტრში?
- ასეთი თანამშრომელი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და არა რეესტრში. ჩემი მუშაობის პერიოდში ყალბი პასპორტი არც გაიცემოდა და ვერც გაიცემოდა, სისტემა ისე მუშაობს.
ვცადეთ გიორგი ეპიტაშვილთან დაკავშირება, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა ვინმე დათომ, რომელმაც განაცხადა, რომ ორი თვეა, ეს ნომერი აქვს.
ვესაუბრეთ ვაჟა-ფშაველას 14 ნომერში მცხოვრებ მანონ მაისურაძეს, რომლის ბინაში ვინმე ლევან მაისურაძეა ჩაწერილი.
- ქალბატონო მანონ, იცოდით, რომ თქვენს მისამართზე ვინმე ლევან მაისურაძე იყო ჩაწერილი?
- ამ მისამართზე 1961 წლიდან ვცხოვრობ. მეუღლე 30 წლის წინ გარდამეცვალა. ეს ყველაფერი ტყუილია, ლევან მაისურაძე აქ არავინ ცხოვრობს.
- როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ ლევან მაისურაძის სახელზე მთავრობისგან მისალოცი ბარათი მიიღეთ...
- რამდენიმე წლის წინ ფოსტალიონმა მოიტანა მისალოცი ბარათი. ახალ წელს ულოცავდნენ ვინმე მაისურაძეს, წერილი უკან გავგზავნე. არც მინახავს რა სახელი ეწერა, მაისურაძე დიდი გვარია და, ალბათ, ამიტომაც შეეშალათ მისალოცი ბარათის ადრესატამდე მიტანა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)