ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოს ელჩების ჩანაცვლების პროცესი დაკავშირებული იყო გირგვლიანის ან სხვა საქმეების გამოძიების პროცესთან, სიცრუეა.
"ეს იცის ამ პროცესის მონაწილე ყველა ინდივიდმა. უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თავის განცხადებაში ცალსახად აღნიშნა, თუ რა იწვევს ჩვენს შეშფოთებას და არა მარტო ჩვენს შეშფოთებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კოჰაბიტაცია", - აღნიშნა ქუთელიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაშინება, მათზე ზეწოლა, ასევე, ღია ძალადობის გამოყენება იმ ინსტიტუციების მიმართ, რომელთა ცვლილება არ ექვემდებარება სამთავრობო ცვლილებას, ამის საჯაროდ დეკლარირება პრემიერისა და მისი გუნდის მხრიდან ხდება. ასევე, ქუთელიას განცხადებით, თუნდაც იუსტიციის მინისტრის უკმაყოფილების გამოხატვა იმ ფაქტის მიმართ, რომ სასამართლო უფარდებს გირაოს დაპატიმრების ნაცვლად, უკიდურესად ართულებს პოლიტიკურ თანაცხოვრებას იმ კონსტიტუციურ ფარგლებში, რომელშიც არის დღეს საქართველო.
თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოჰაბიტაციის სანაცვლოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვდა რიგ საქმეზე, კერძოდ, მისი თქმით, ბოკერია ითხოვდა, შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის დევნები იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია მოქცეულიყო წესიერად და კონსტრუქციულად.