"მეცხრე არხთან" დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. გასულ კვირას არხის გენერალურ დირექტორად ლუბა ელიაშვილი ოფიციალურად დაინიშნა. ქალბატონ ლუბასთან ვრცელი საუბრისას შევეცადეთ, ყველაფერი გაგვერკვია.
- როგორ ფიქრობთ, ხომ არ ასრულდა გია ხუხაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული საუბრის ჩანაწერის ნაწილი?
- და რა შესრულდა?
- ის, რომ თქვენ ხართ არხის დირექტორი. საუბარი იყო იმაზე, რომ თქვენ მოხვიდოდით "მეცხრე არხზე", ყველაფერს დაანგრევდით და კახა ბექაური არხიდან უნდა წასულიყო.
- იმ პერიოდში, როდესაც ეს საუბარი გამოქვეყნდა, მე უკვე ვიყავი "მეცხრე არხზე". როცა მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ეთერში ვიჯექი და ვამბობდი, ცუდი რამ დაგვემართება-მეთქი და მაინტერესებს, ეს რას ნიშნავს, მიშასთან ვიყავი შეკრული? ვიღაცები ამბობდნენ, რომ კახა ბექაური გახდებოდა დირექტორი, მართლაც ასე მოხდა და ეს რას ნიშნავს? ზოგი ნათქვამი მართლდება, ზოგი არ მართლდება.
- და რატომ შეადარეთ ტელევიზია ფერმას?
- შრომითი ურთიერთობა კერძო სტრუქტურის მეპატრონესა და თანამშრომლებს შორის, არის ეს ტელევიზია თუ ფერმა, ნებისმიერ შემთხვევაში რეგულირდება შრომითი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით. მე ვერ ვხედავ განსხვავებას შრომით ხელშეკრულებებში ჟურნალისტებსა და ყველა დანარჩენ ადამიანებს შორის. ეს პრობლემა იცით საიდან მოდის? ესაა ეროსი კიწმარიშვილის დამკვიდრებული სტანდარტი, როდესაც ის ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ისინი რაღაცით აღმატებულები არიან სხვებზე. მე ასე არ მიმაჩნია. ჩვენ ვართ მედიატორები ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობები და გვაქვს ჟურნალისტური ეთიკა.
- ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა "მეცხრე არხთან" დაკავშირებით. თუნდაც ის, რატომ წავიდა კახა ბექაური...
- კახა ბექაური არ ამბობს რატომ წავიდა და მე რატომ უნდა ვთქვა? მე საკუთარ თავზე ყველაფერს ვამბობ. უარი არასოდეს მითქვამს ინტერვიუზე. ბოლო დროს ტელეფონს გამოვურთე ზარი. სხვა შემთხვევაში საქმეს ვერ გავაკეთებ, მარტო ტელეფონზე უნდა ვილაპარაკო. როდესაც ხდება ორი სტრუქტურის შერწყმა და კადრების გადანაწილება, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ კადრები უნდა შემცირდეს. "ინფო 9"-ის ჟურნალისტები გვყავს, რომლებმაც კარგად იმუშავეს და ისინი დასაქმდებიან. "მეცხრე არხის" ეთერი, რომელიც ამდენ ხანს ცარიელი იყო, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დარჩეს არხზე და აკეთოს თავისი საქმე. "ინფო 9" შეერწყმება "მეცხრე არხს", ხოლო "ინფო ტვ" დარჩება საიტად.
- თუ ესაუბრეთ შორენა შავერდაშვილს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ ლარად გადასცეს ტელევიზია...
- მიმაჩნია, რომ ამ ამბავს სერიოზულად არ შეიძლება შეხედო. ვესაუბრე შორენა შავერდაშვილს, როცა ნინო ჟიჟილაშვილთან ვიყავით გადაცემაში სტუმრად. მთხოვა მეთქვა, რა ხდებოდა რეალურად. ვუთხარი, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი შეწუხდა იმ შენიშვნებით, რაც მოდიოდა არასამთავროებიდან, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ტელევიზია. კანონი არ უკრძალავს მის მეუღლეს, რომ ჰქონდეს ტელევიზია, მაგრამ რაკი შეექმნა ეს უხერხულობა, ეძებს გზებს და ამ გზების ძიებაში მე გავხდები დირექტორი თუ კახა ბექაური გახდება ჰოლდინგის გენერალური დირექტორი, მხოლოდ დამფუძნებლის გადასაწყვეტია-მეთქი. ერთ-ერთ ვერსიად ისიც კი ითქვა, რომ დაიხურებოდა ტელევიზია და "პირველ არხს" გადაეცემოდა დიღმის შენობა. სხვათა შორის, სტუდია ძალიან მაგარია და სუპერთანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ცოტა გაუაზრებელი, მაგრამ სერიოზული ტექნიკური ბაზაა.
- რატომაა ტექნიკური ბაზა გაუაზრებელი?
- საკითხავია, ნამდვილად ექვსი მანქანა იყო საჭირო პირდაპირი ჩართვისთვის თუ ოთხიც საკმარისი იქნებოდა. ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ისაა, რომ დგანან ეს მანქანები და მაინცდამაინც დასაქმებული არ არიან. ბატონმა ბიძინამ თქვა, ყველაფერს "პირველ არხს" გადავცემ, უბრალოდ, ჟურნალისტებს უმუშევრად ნუ დაგვიტოვებთ და წაიყვანეთ, სამაგიეროდ, მთელ აპარატურას გაჩუქებთო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის წინადადების შინაარსი და ამ ყველაფერს უცნაური რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი შორენას ვუთხარი, როგორც თავად მითხრა, ისე, არაგასასაჯაროებლად. ცოტა ხანში მესმის, შორენა ამბობს, ლუბა ელიაშვილმა მითხრა, არხი იხურებაო. არადა, არ მითქვამს ასე. მერე ვკითხე შორენას, არხი რომ მართლა გადმოგცენ, მე თუ დამტოვებ დირექტორად-მეთქი და ბევრი იცინა.
- როგორ ფიქრობთ, ეს სიცილი თანხმობის ნიშანი იყო?
- (იცინის) ჯერჯერობით ჩემით ძალიან უკმაყოფილოა. "ლიბერალში" დაწერა წერილი, სადაც ნინო ჟიჟილაშვილი, ია ანთაძე, ირაკლი აბსანძე საუბრობენ ჩემზე. საინტერესოა, როცა ჩემზე ბევრ ადამიანს ალაპარაკებ, მე რატომ არაფერს მეკითხები? ესაა ჟურნალისტური სტანდარტი? მაპატიოს ყველამ, მაგრამ იმით, რაც ჟურნალ "ლიბერალში" გამოაქვეყნა, უკვე მივხვდი ამ ჟურნალის შინაარსს... ვპირდები საზოგადოებას, რომ "მეცხრე არხი" აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება. მაქვს გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაცია იმაზე, ვის რამდენი ჰქონდა ხელფასი, ან თუნდაც იმაზე, ვინ არის ჩვენი კონტრაქტორი. თუ ამის ცოდნის სურვილი საზოგადოებას ექნება და მათ შორის არასამთავრობოებსაც დააინტერესებთ, თანახმა ვარ, გამოვამზეურო ეს კონტრაქტები, თუ, რასაკვირველია, ორივე მხარე იქნება მომხრე, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდეს.
- რა კონტრაქტებზეა საუბარი?
- ყველაფერზე. მაგალითად, "მეცხრე არხსა" და "ლიბერალს" შორის არსებულ ხელშეკრულებაზე. ყველაფერი შეიძლება გახდეს ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება ჟურნალისტების წასვლის თემას, ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, ვასიკო მაღლაფერიძეს რატომ არავინ ჰკითხა, მე მერჩოდა თუ სხვა რამის გამო წავიდა არხიდან?
- ვის ერჩოდა?
- არ ვიცი. მან თქვა, რატომ არ გამაგებინეთ, არხზე რა ხდებოდაო. მე როგორ უნდა გამეგებინებინა მისთვის სიახლეები, როცა თვითონაც კახა ბექაურისგან გავიგე, რომ მიდიოდა და მე ვხდებოდი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ცნობილი იყო ისიც, რომ მიდიოდა თეონა გეგელია. უკვე გამზადებული იყო ახალი დილის ჯგუფი. თეონამ შესანიშნავად იცოდა, რომ დილის გადაცემა იხურებოდა, კონტრაქტი უმთავრდებოდა და მე რატომ მბრალდება მათი წასვლა, ვერაფრით გავიგე.
- თქვენ უფრო ნათია ლაზაშვილის და თამარ რუხაძის წასვლა გბრალდებათ...
- არხიდან საკუთარი სურვილით წავიდნენ ნათია ლაზაშვილი, ირაკლი აბსანძე, თამარ რუხაძე. თამარ რუხაძეს სამჯერ შევთავაზე დარჩენა და სრულ სარედაქციო ხელშეუხებლობას დავპირდი. მალხაზ ჭკადუა და გიორგი ფუტკარაძეც პრინციპულად წავიდნენ. სოსო კაციტაძე უკვე გადასული იყო "იმედზე". ასე რომ, მე არ მეხება მათი წასვლა. ჩემს დირექტორობამდე წავიდა პროდიუსერი ეკა ვეფხვაძე. რატომ არ ატყდა ამ ყველაფერზე ამბავი? ნათია ლაზაშვილისა და თამარ რუხაძის თემა არის მნიშვნელოვანი არასამთავროებისთვის? მე რა დაგიშავეთ, ყველა რომ მერჩით? მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს არსად ჩანდა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი დიდი შავი ჯვარი მქონდა დასმული სოციალურად აქტიურ ადამიანს. სულ ცოტა ორჯერ ნულიდან მაქვს აწყობილი ტელევიზია. მათ შორის ერთს, "იბერიას", ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. 1997-1998 წლებში "რუსთავი 2" და "იბერია" ვიყავით ლიდერები. არადა, "იბერიას" ჰქონდა დაახლოებით იმდენი ბიუჯეტი, რაც "იმედის" ერთ გასართობ გადაცემას. მაპატიოს ყველამ, მაგრამ ვიდრე იმაზე დაიწყებენ საუბარს, როგორი მენეჯერი ვარ და რას გავაკეთებ, ხანდახან საკუთარ ბიოგრაფიასაც გადახედონ. ჟურნალ "ცხელი შოკოლადიდან" ისე არიან თანამშრომლები წასული, ბევრი პრეტენზია ჰქონდათ შორენას მიმართ. ოდესმე ვინმეს მის კერძო გადაწყვეტილებებზე აუტეხია ამხელა ამბავი? როგორც ვხედავ, ამ ყველაფრის შინაარსი ისაა, რომ ყველას ერთ ლარად უნდოდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება.
- თუ გქონდათ შეხვედრა არხის მფლობელ ეკა ხვედელიძესთან?
- ეკას და ბატონ ბიძინას შევხედრივარ, მაგრამ ტელევიზიასთან დაკავშირებით ჯერ არ გვქონია შეხვედრა. როდესაც ყველაფერს დავალაგებ, ყველაფერში გავერკვევი, მერე შევხვდები.
- ქალბატონ ეკას რასთან დაკავშირებით შეხვდით?
- ქალბატონი ეკას მოწვევა მინდოდა, რაც იმ პერიოდში ვერ განხორციელდა. "ინფო-9"-ზე ინტერნეტტელევიზია მაუწყებლობდა, მაგრამ ეკა ძალიან დაკავებული იყო და მისი ეთერში მოწვევა ვერ შედგა. ძალიან სასიამოვნო ადამიანია და მიხარია, რომ ამ სტრუქტურაში დირექტორად დავიწყე მუშაობა.
- თქვენი მეუღლე პარლამენტარია, ეს მუშაობაში ხელს არ შეგიშლით?
- არა, და გეტყვით რატომ. ჯერ ერთი, ეს კანონით არაა აკრძალული, მეორეც, მე ჟურნალისტი ვარ, გამოდის, რომ ვერასდროს ვერსად ვიმუშავებ იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე შალვა შავგულიძე პარლამენტარია.
- შესაძლებელია "მეცხრე არხზე" ვიხილოთ კრიტიკული სიუჟეტი თქვენს მეუღლეზე?
- რასაკვირველია. დიდი ხნის განმავლობაში მიმყავდა დიალოგი. შალვა მაშინ ადვოკატი იყო და არც ერთხელ არ მიმიწვევია გადაცემაში. აი, ასეთი ცუდი ურთიერთობა გვაქვს (იცინის). სხვათა შორის, ნათია ლაზაშვილი, რომელმაც ამის გამო ბრალი დამდო, როცა "რუსთავი 2"-ის ეთერში იჯდა, მისი ქმარი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა. არასდროს არ ჰქონია ამის გამო უხერხულობა. თანაც, ის იყო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი. ნათიაც და თამარ რუხაძეც ახლო წარსულში ოქრუაშვილის პარტიის სახეები იყვნენ.
- თქვენსა და თამარ რუხაძეს შორის თქვენი შვილის გამო დაიძაბა ურთიერთობა?
- ვინმე ზაზა სვანაძეს ბევრი იცნობს. ის გამუდმებით ამტკიცებდა სხვადასხვა ეთერში, რომ მე ვარ დახავსებული, დამწნილებული, ნათრევი და ეს გადიოდა ეთერში. ამაზე ჩემმა შვილმა თქვა, უნდა ვუპასუხო, რაც ეკუთვნისო. ერთ დღეს ამ ადამიანმა გამართა პრესკონფერენცია და აგინა ყველას, ვინც ოდესმე "ოცნებაში" გამოჩენილა, მათ შორის თინა ხიდაშელს, მე და მაია ფანჯიკიძეს. ორსაათიან პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ ლუბა ელიაშვილის შვილი სუბუტექსის ბარიგებთან მეგობრობდა. არც ერთმა არხმა ამ გაუწონასწორებელი კაცის პრესკონფერენციაზე რეაქცია არ მოახდინა. მხოლოდ "მაესტრომ", სადაც თამარ რუხაძე იყო საინფორმაციოს უფროსი, და "რეალ ტივიმ". თამარმა ამ პრესკონფერენციის ზუსტად ის პასაჟი გადასცა და "რეალ ტივიმ" ეს ფრაზა ატრიალა. მერე თამარს დავურეკე და ვუსაყვედურე, თქვენ ხომ დაბალანსებული ხართ და როდესაც ლუბა ელიაშვილის შვილზეა საუბარი, იქნებ აზრი მეც მკითხოთ-მეთქი. თამარმა თავდაპირველად თავის მართლება სცადა და მითხრა, პრესკონფერენცია იყო და რა მექნაო. მერე ბოდიში მოიხადა და თქვა, ეს ამბავი ხვალვე გამოსწორდება, მოვიდეს გიორგი და დაიცვას თავიო. სხვათა შორის ის, ვინც ამ სიუჟეტის "მაესტროს" ეთერში გაშვებაზე მუშაობდა, დღეს ჩემთან მუშაობს და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
- როგორი იქნება "მეცხრე არხი"?
- წინააღმდეგი ვარ ნონსტოპ ნიუსების. ჩვეულებრივი გერმანული სტანდარტის ტელევიზია იქნება. საათში ერთხელ ათწუთიანი ნიუსები გავა ეთერში. იქნება საინფორმაციო-გასართობი ტელევიზია.
- კახა ბექაური წავიდა და ეკა ბერიძე არხზე დარჩა. ეკასთან გქონდათ საუბარი?
- რასაკვირველია, ჩვენ თბილი, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. მე მას პატივს ვცემ, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს. თუმცა გული დამწყდა, როცა მან თქვა, არხზე მანამდე დავრჩები, სანამ მას პრობლემები აქვსო. მე ძალიან მიხარია და მომწონს ეკასთან მუშაობა და მგონი, მას არანაირი დისკომფორტი არ შეჰქმნია მუშაობისას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არანაირი კარიერული ზრახვები ამ არხთან დაკავშირებით არ მქონია, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა გარემოებამ მოიტანა.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)