"კაცების კინო" - ასე ჰქვია "ღამის შოუს" სტუდიის რიგით მესამე ფილმს, რომლის პრემიერაც 2012 წლის 12 დეკემბერს კინოთეატრებში გაიმართება. ფილმი იუმორისტული ჟანრისაა და ოთხი მთავარი გმირი ჰყავს, მათ როლებს "კაცების შოუს" გმირები დავით ლაბაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ჯანელიძე და იკო ვახტანგიშვილი თამაშობენ. მათ გარდა ფილმში დაკავებული არიან შოუს სტუმრები, რომლებიც სეზონის განმავლობაში გადაცემაში მიდიოდნენ და ვისზეც სცენარისტებმა ყველაზე კარგი ხუმრობები მოიფიქრეს. შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი დიდია, ფიქრობენ, რომ ხალხი ფილმს კარგად მიიღებს და გაერთობა. დავით ლაბაძის გარდა, ინტერვიუზე ფილმის ყველა მთავარი გმირი და "კაცების კინოს" პროდიუსერი დათო გოგიჩაიშვილი გვესწრებოდა.
დათო:
- ფილმში მთავარ როლებს "კაცების შოუს" წამყვანები ასრულებენ და ის სტუმრები, ვინც გადაცემებში გვყოლია და ვისზეც სასაცილო ხუმრობები დაწერეს სცენარისტებმა. ჭოლა, ია ფარულავა, ნანიკო ხაზარაძე, ანატოლი ბოისა და სხვები. ოთხი სტუმრის გარდა ყველა მოხვდა გადასაღებ მოედანზე.
ირაკლი:
- ზოგი აქ არ იყო, მაგალითად, ბიჭოლას გადაღებაც გვინდოდა, მაგრამ უკრაინაში იყო ერთი თვის განმავლობაში, როცა გადაღებები მიმდინარეობდა.
დათო:
- მაგალითად, ვლადიმერ ბოისა რესტორნის სცენაში გადავიღეთ, ფურცელს დაჭმუჭნის, სანაგვე ყუთში ისვრის და ჩააგდებს. მერე ჩაილაპარაკებს, ვა, აქ რომ ვაგდებ, მოედანზე რა მემართებაო (იღიმება). ჭოლა "სტაიანშიკის" როლშია, ამბობს, აქ მანქანები არ არის და წავალ, ჭოლას რაღაც ახალი სპექტაკლი დაუდგამს, მანქანები იქნება და ვინმე არიფს გამოვიჭერ, რომ ფული გადამიხადოსო. ვისზეც კარგი ხუმრობები მოვიფიქრეთ, ყველა გადავიღეთ. ცნობილი ადამიანები ადვილად დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე, "კაცების შოუში" სტუმრობა განსხვავდება სხვა გადაცემებისგან, რადგან აქ სტუმარიც მასპინძელია.
ირაკლი:
- ფილმში არ მონაწილეობენ კახა ბენდუქიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ასევე ტურიკა, მაგრამ მისი სურათი გამოვიყენეთ. გადაღებები მხოლოდ თბილისში მიმდინარეობდა, ბარში, რესტორანში, ქუჩაში, ტოტალიზატორში.
- სიუჟეტის შესახებ მოგვიყევით...
დათო:
- ეს არის ერთი ღამის ისტორია, რა გადახდათ "კაცების შოუს" წამყვანებს. ამერიკელი პროდიუსერი ჩამოდის და მათი გადაღებული ფილმის ყიდვა უნდა.
ირაკლი:
- ამ დროს ფილმი იკარგება, კომპიუტერიც ფუჭდება და ერთი ეგზემპლარი მხოლოდ მე მაქვს ფლეშკაზე. წინა ღამეს დავთვერი და ფლეშკა ვიღაცას ვათხოვე, მაგრამ არ მახსოვს, სად და ვის. რამდენიმე ადგილას ვიყავი და ოთხი მთავარი გმირი იმ ადგილებში მივდივართ და იმ ადამიანს ვეძებთ, ვისაც ფლეშკა მივეცი. ოთხივე ვიყოფით - იკო დისკოთეკაზე მიდის, მე და გიორგი ბარში და დათო ლაბაძე რესტორანში. ამ დროს სხვადასხვა სიტუაცია ვითარდება და ბოლოს ისევ ერთად ვიკრიბებით.
- ფილმის "პრომოში" ოთხივე გმირს ჯარისკაცების ფორმა გაცვიათ და დაჭრილი გიორგი ჯანელიძე მოგყავთ. ამ დროს რა ხდება?
ირაკლი:
- ეგ სწორედ ის ფილმია, რომლის შეძენაც ამერიკელ პროდიუსერს უნდა. ფილმი მეორე მსოფლიო ომზეა გადაღებული. ეგ სცენა "იმედის" მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთ შენობასთან გადავიღეთ, რომელსაც ანგრევდნენ და ჩვენ გავაჩერეთ დროებით, არ დავანგრევინეთ.
- რამდენად ეხმიანება ფილმი წინასაახალწლო განწყობას?
ირაკლი:
- იუმორით, თორემ წინასაახლწლო ფილმი არ არის. თბილისს უფრო ეხმიანება, იმ პერსონაჟებს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ.
- პოლიტიკური ხუმრობები თუ გექნებათ, მოასწარით ახალი პოლიტიკური რეალობის დამატება სცენარში?
დათო:
- ფილმის გადაღება რომ მორჩა, მინისტრები მერე დაინიშნენ, თუმცა პრეზიდენტს და ახალ პრემიერ-მინისტრს ვახსენებთ.
- ფილმი ძირითადად რა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი?
ირაკლი:
- "კაცების შოუს" რა ასაკის მაყურებელიც ჰყავდა, მათზე.
გიორგი:
- საბავშვო ფილმი არ არის, არანორმატიული ლექსიკაა გამოყენებული, ბავშვები მაინც არ არის სასურველი.
- "პრომოში" ერთმა ფრაზამ უკვე გაიჟღერა...
იკო:
- ბევრად უარეს ფრაზებს მოისმენთ, რადგან თბილისში ასეთი რეალობაა.
დათო:
- არის ფილმები, სადაც გინებას იმიტომ იყენებენ, რომ უბრალოდ გინება იყოს, ჩვენს შემთხვევაში კონკრეტულ კონტექსტში ზის და არა მაყურებლის ყურადღების მისაქცევად.
ირაკლი:
- დაბალბიუჯეტიანი ფილმია, მსახიობები, სცენარისტები ჩვენ ვართ.
- თქვენს შოუში მოსული სტუმრების გარდა, კიდევ ვინ არიან ფილმის პერსონაჟები?
გიორგი:
- თბილისური ყაიდის ადამიანები, გამორჩეულები... ერთი პერსონაჟი ტოტალიზატორში ცხოვრობს, მარტო ეგ აქვს საქმე, ასევე უმუშევარი დიასახლისი და მისი დაქალი. ფილმში შეგხვდებათ რამდენიმე ტაქსისტი, საზიზღარი მიმტანი, რომელსაც ყველა ეზიზღება, შტერი გოგონები, გეები, ძველი ბიჭები. თბილისში რომ გაივლი, რა საზოგადოებაც ტრიალებს, ეგენი არიან ფილმშიც.
- მგონი, მძიმე სურათი დახატეთ, გაბრაზებული მიმტანი...
იკო:
- სამაგიეროდ, ტაქსისტი ბედნიერია, ხომ გინახავთ ბედნიერი ტაქსისტები (იღიმება). მათ როლებს მსახიობები განასახიერებენ. ნატალია ბერეჟიანი, ნიკა ქაცარიძე, მანანა კაზაკოვა, გიორგი ვარდოსანიძე...
ირაკლი:
- მთელი ფილმი ჩახლართული ისტორიებია, ერთი დეტალი რომ მოგიყვეთ, ამისთვის ფილმი ნანახი უნდა გქონდეთ.
იკო:
- ერთ დეტალს გაგიმხელთ, ირაკლი ლაბაძეს იჭერენ. ყველას თავისი გასაჭირი აქვს.
ირაკლი:
- მე და გიორგი ერთად ვეძებთ ფლეშკას და ბარში ჩხუბს შევესწრებით.
გიორგი:
- მე ვცეკვავ... ვიცეკვე, მერე მუსიკა უნდა დაედოთ და ჯერ არ მინახავს, რა დაადეს.
- მაყურებელს აცეკვებული არ გვინახავხარ...
გიორგი:
- ამიტომაც ფილმში ვიცეკვე.
ირაკლი:
- არც მე ვუნახავვარ მთვრალი მაყურებელს და იმასაც ნახავთ, როგორ გამოვდივარ "პახმელიაზე" გაუბედურებული. იკო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, დაატარებენ აქეთ-იქით, მერე უცნაურ ოჯახში მოხვდება.
- ფილმის სცენარი ყოველდღიური რეალობიდან აიღეთ თუ თავად მოიფიქრეთ?
ირაკლი:
- ისტორები ჩვენ მოვიფიქრეთ, მაგრამ, როგორც გითხარით, თბილისელ ადამიანებზეა და ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს.
იკო:
- ფილმში ორი უცხოელიც თამაშობს. ერთი - ამერიკელ პროდიუსერს, მეორე კი შემთხვევით ბარში ხვდება და მონოლოგს ამბობს, რა უკვირს საქართველოში.
- ყველაზე მეტად რომელ გმირს გაუჭირდა ფილმში თამაში?
იკო:
- მე, რადგან პირველად მომიწია მსახიობობამ, თან მთავარი როლში, ამიტომ ვინერვიულე.
ირაკლი:
- პირველი ორი დღე ნერვიულობდა, მაგრამ არ გასჭირვებია. ორი დღის შემდეგ ნერვიულობაც მოეხსნა და ბევრ მსახიობზე უკეთ ითამაშა. ყველაზე მეტი დუბლი ლაბაძეზე გადავიღეთ, რადგან ხუმრობის დროს წინასწარ იცინოდა. ველოდებოდით, როდის მოჰბეზრდებოდა და მერე ვაგრძელებდით.
- რამდენ ხანს გაგრძელდება ფილმის ჩვენება კინოთეატრებში?
ირაკლი:
- ჩვენ გვინდა, ზაფხულამდე გაგრძელდეს (იცინიან).
დათო:
- ჩვენი გადაღებული ფილმებიდან "სიყვარულის ბალადას" სამი თვე აჩვენებდნენ, დაახლოებით მაგდენ ხანს - "ერთხელ შუა ქალაქში". წინა ორი ფილმი წარმატებული იყო და ამიტომ გავბედეთ მესამის გადაღება, თუმცა ეს არ არის ჩვენი ძირითადი საქმე, ტელეპროდუქციას ვაწარმოებთ და როდესაც დრო გვაქვს, მაშინ ვახერხებთ ფილმის გადაღებას. ვისაც "კაცების შოუს" იუმორი უყვარს, ჩვენი ფილმი ძალიან მოეწონება.
ნინო გიგიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)