ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა. სავარაუდოდ, ის მალე დატოვებს ციხეს. დემეტრაძე, ყოფილ ძალოვან კახა მისირელთან ერთად, 2010 წელს დააკავეს. იგი მეგობარს, დავით გაგნიძეს უნდა შეხვედროდა. მათ ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. დაკავებულებიდან მხოლოდ პოლიციელი გამოუშვეს თავდებით, პარადოქსია, მაგრამ ამ ძალოვანსაც ქურდული სამყაროს წევრობა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა ედებოდა ბრალად. როგორც ამბობენ, დემეტრაძე ვატო ყიფიანთან მეგობრობის გამო დაისაჯა, თუმცა საზოგადოებამ ისიც იცის, რომ ციხეში მყოფი ვატო ყიფიანი 2008 წელს თავად ხელისუფლებამ გაუშვა და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც მისცა.
დემეტრაძე და გაგნიძე აცხადებდნენ, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონიათ. მაშინ ფეხბურთის ფედერაციაში გიორგი დემეტრაძის მამა მივიდა და შვილის დახასიათება ითხოვა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს ისე, რომ მიზეზიც არ აუხსნიათ...
სასამართლოში განსასჯელებს ნიღბიანი, შეიარაღებული ბადრაგის თანამშრომლები იცავდნენ. სასამართლო პროცესებზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სხდომებს ვერ ესწრებოდნენ, რადგან პატარა დარბაზში ტარდებოდა. მხოლოდ ოჯახის წევრები ახერხებდნენ შესვლას. რამდენიმე სხდომას ლევან ყიფიანი დაესწრო, ერთხელ კახა კალაძეც მოვიდა და მეგობარი გაამხნევა, სხვა ფეხბურთელები იქ არ გამოჩენილან. ძირითადად, პროცესებზე გიორგის ბავშვობის მეგობრები დადიოდნენ, ასევე თითქმის ყველა სხდომაზე მოდიოდა რუსთავიდან დემეტრაძის გულშემატკივარი ოთარ მამასახლისი. ხშირად, ის დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდა, სხდომის დასრულებას დერეფანში საათობით ელოდა. მის თეთრ მაისურს ასეთი წარწერა ჰქონდა: "თავისუფლება დემეს". მხოლოდ ერთ სხდომაზე მოახერხა დარბაზში ბურთით შესვლა და ფეხბურთელი შეძახილით გაამხნევა: "დემე, აი, ბურთი, არ ვიცი, როგორ მოგაწოდო, იცოდე, შენთან ვარ!".
"18 წლის იყო დემეტრაძე, თბილისის დინამოში რომ თამაშობდა და იმ დროიდან ვგულშემატკივრობ. რატომ გაწირეს სამი ქვეყნის ბომბარდირი?! მისი თამაშის საყურებლად კიევშიც კი ჩავედი... ველოდები დემეს გამოსვლას, ციხის კართან ბურთით უნდა დავხვდე. რუსთავის ციხეში რომ იჯდა, სპეციალურად მივედი, მასთან ვინ შემიშვებდა, ამიტომ ციხის შესასვლელთან დავდექი და ვყვიროდი: "დემე, დემე, შენთან ვართ, გამაგრდი!". არ ვიცი, გაიგო თუ არა ჩემი ხმა, მინდოდა გამემხნევებინა. იმედი მაქვს, ციხის თანამშრომლები ეტყოდნენ ყველაფერს და გაუხარდებოდა. დემეს დაბადების დღეზე ტორტი შევუკვეთე, გავაკეთებინე წარწერა: "დემე 35 წლის". ტორტი მისი ოჯახის წევრებს მივართვი და მივულოცე. მინდა მალე გარეთ ვნახო", - ამბობს ოთარ მამასახლისი.
გიორგი დემეტრაძემ ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა, საპროცესო გარიგება არ შედგა. მას სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, დავით გაგნიძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფეხბურთელის ადვოკატმა აღნიშნული საქმე სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა.
ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია გიორგი დემეტრაძის გათავისუფლებაზე. ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა, თუმცა არ გაუთავისუფლებია. გიორგი დაოჯახებული არ არის. ჩვენ მის დასაც გავესაუბრეთ, რომელიც გიორგიზე 10 წლით უფროსია.
ნინო დემეტრაძე: - 6 წლის იყო, მამამ ფეხბურთზე რომ შეიყვანა, ცელქი და ძალიან მოსიყვარულე ბავშვი იყო. თავისით გაიკაფა გზა. არ ვიცი, რატომ გაიმეტეს უდანაშაულო ბიჭი. როცა ციხეში მივდივარ, სულ მეტირება, ამიტომ მარტო არასოდეს დავდივარ. ის ხედავს ჩემს ცრემლებს და ცდილობს სხვა რამეზე გადაიტანოს საუბარი.
გიორგის დისშვილმა ანამ კი მისი დაკავების დღე ასე გაიხსენა: - კარზე ზარი გაისმა, როგორც კი გავაღე, პოლიციელები შემოცვივდნენ - 6 კაცი და ერთი ქალი. თქვეს, ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, რაღაც ქურდულ საქმიანობას უკავშირდებაო. ამაზე გაგვეცინა, მართლა ხუმრობა გვეგონა, სახლი ძირფესვიანად გაჩხრიკეს, ეძებდნენ იარაღს. ჩემი უფროსი გოგოს შარვლის ჯიბეებიც კი გადმოატრიალეს, იქიდან რვეულის დაკუჭული ფურცლები რომ ამოიღეს და კითხვა დაიწყეს, ვკითხე, რას აკეთებთ-მეთქი? იქნებ "ობშჩიაკის" ფურცლები არისო... ეს რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. მერე ბავშვის ეტლთან მივიდნენ, სადაც 4 თვის პატარა იწვა. მომთხოვეს ამომეყვანა, ესეც უნდა გავჩხრიკოთო, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი და კატეგორიული უარი განვაცხადე. იმდენად ვერ წარმოვიდგინე გიორგის დაკავება, რომ გადიოდნენ, გავეკიდე, ვინ გამოგგზავნათ, ხომ უნდა ვიცოდეთ-მეთქი? დაგიკავშირდებიანო და წავიდნენ. შემდეგ ახლობელმა უკრაინიდან დაგვირეკა და გვითხრა, გიორგი დააკავესო. გიორგი სააკაშვილის პირადი პატიმარია, მას სურდა ამ გზით ვიღაცაზე ეძია შური, მაგრამ ეს გზა არ გამოადგა.
- როგორც ვიცით, გიორგის დაკავება ვატო ყიფიანთან მისი კავშირის გამო მოხდა.
- ვატო ყიფიანის მამა და გიორგის მამა, ანუ ბაბუაჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ოჯახებით გვაქვს ურთიერთობა. ცნობილია, რომ ვატოს ათხოვა უკრაინაში თავისი ბინა. რა არის ამაში გასაკვირი? ნებისმიერ ახლობელს რომ ეთქვა, ბინა დამითმეო, დაუთმობდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გიორგი დამნაშავე არ იყო. იმედი გვქონდა, გაათავისუფლებდნენ, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთი რამ არ ხდებოდა. ახლა მოუთმენლად ველოდებით. ქვეყნის სირცხვილია, გიორგი დემეტრაძე პატიმრობაში რომ არის ძალიან აბსურდული ბრალდებით. იმდენჯერ გავრცელდა მის გათავისუფლებაზე ინფორმაცია, ალბათ სიმართლესაც ვერ დავიჯერებთ. ძნელია, სულ მოლოდინში რომ ხარ...
- ანა, გიორგიმ ერთი წელი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში, ე.წ. კრიტშიც გაატარა, ხომ არ იცით, იქ რატომ გადაიყვანეს?
- მიზეზი ნამდვილად არ ვიცით, ალბათ, მისი გატეხა სურდათ. 11 თვე იქ გაატარა. გლდანის ციხიდან ღამით გადაიყვანეს, არაფერი უთქვამთ, ერთი თვე არც რეკავდა, საშინელი ზეწოლა იყო, ჰიგიენური პირობებიც კი არ ჰქონდა, დაუბანელი, წვერგაუპარსავი იყო. მის სანახავად მოძღვარი შევიდა და შეწუხებული გამოვიდა, ეს რა ვნახე, ჩემზე დიდი წვერი აქვს, საშინელ მდგომარეობაშია, ძალიან გამხდარიაო. სამი კვირა საჭმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან ბარათი ჩამოართვეს, იქაურ საჭმელს ვერ ჭამდა, ამიტომ ის დღეები მარტო პურზე იყო. შემდეგ გახმაურდა ეს ფაქტი და ზეწოლა აღარ გაგრძელებულა.