"ბავშვებივით ვართ მსახიობები, აპლოდისმენტები, ყვავილები გვიხარია, ჩვენ მიერ განსახიერებული როლები რომ ახსოვთ და უყვართ, ის გვახარებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს", - მითხრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.
მსახიობი ტელემაყურებლისთვის "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული როლით გახდა ცნობილი. ჭორიკანა მადონა ნელიკოს მეზობელია და ყველა მეზობლის, მათ შორის გურგენას ცოლის ამბებიც ზედმიწევნით იცის. ახლახან ქმარმა უღალატა და მასზე დიდ შურისძიებას ამზადებს... ნამდვილ ქმართან, მსახიობ თენგო ჯავახაძესთან ერთად უკვე 33 წელია ცხოვრობს. ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. ახალგაზრდა და მომხიბვლელ ბებიას საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი. დღეს ქალბატონ მარიკას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.
- ქუთაისში დავიბადე. მამა აგრონომი იყო, დედა - ფსიქოლოგ-ფილოლოგი. როცა დედამ ეს ფაკულტეტი დაამთავრა, სთხოვდნენ, კათედრაზე დარჩენილიყო. დედამ უარი განაცხადა, ჩემს ქალაქს ვერ მივატოვებო. მეც დედასავით მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი ქუთაისი. ძალიან თავმდაბალი და ამავდროულად განათლებული იყო დედა. წიგნის სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა. ჩვენს ოჯახში ხელოვანები, მწერლები იკრიბებოდნენ. ეს ჩემთვის ყოველდღიურობა და იმავდროულად დიდი გაკვეთილი იყო.
- ვისი სტუმრობა გახარებდათ ყველაზე მეტად?
- იპოლიტე ხვიჩიასი. ის ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო. მის ხელში გავიზარდე. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში თეატრს უკავშირდება, დედაჩემისა და იპოლიტეს დამსახურება იყო. მამა, როგორც მოგახსენეთ, აგრონომი გახლდათ, პიონერთა პარკის დირექტორი. თავად გააშენა ეს პარკი ქუთაისში, ახლანდელი ჭავჭავაძის პროსპექტზე. მამა ყოველდღე ყვავილებით მოდიოდა სახლში და ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. ჩვენს ოჯახში ყველა ლარნაკში ყვავილი იდო.
- იპოლიტე მეექვსე შვილიშვილს გეძახდათ, როგორი იყო ურთიერთობაში?
- ძალიან უბრალო და უშუალო. მთელი სტუდენტობა მასთან სახლში გავატარე თბილისში. მე და მისი უფროსი შვილიშვილი მანანა ვცხოვრობდით მასთან. დანარჩენებს ყველას თავ-თავისი ოჯახი ჰქონდა იმ დროისთვის. მანანა ტელევიზიაში მუშაობდა "პირველ არხზე" და ძირითადად მე და იპოლიტე ვატარებდით საღამოებს ერთად. ვუყურებდით ტელევიზორს, ვკითხულობდით, ვთამაშობდით ნარდს, კარტს. ჭირვეული ბავშვივით იყო, სულ ჭინჭყლობდა, მოგება უნდოდა. მოვაგებინებდი და მერე დამცინოდა, თამაში არ იციო (იცინის). ძალიან უხაროდა ჩემი და მანანას მეგობრების სტუმრობა, ოღონდ ვინმე ჩაეგდო ხელში. როცა რეპეტიცია ჰქონდა, ვერ დაელაპარაკებოდი, ეს მთელი რიტუალი იყო, როგორ ემზადებოდა, ყველაზე ადრე მიდიოდა, ზედმეტად პასუხისმგებლიანი იყო.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?
- მამა და იპოლიტე დიდად აღფრთოვანებულნი არ იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ერთდროულად კარგი მსახიობი და მზრუნველი ცოლი, დედა არ გამოვაო, ამბობდა იპოლიტე. როცა გავთხოვდი და კარიერაშიც წარმატებას ვაღწევდი, ყველა გვერდში მედგა. განსაკუთრებით დეიდაჩემი, ნუნუ, ის ჩემი ნამდვილი დეიდა არ არის, მაგრამ მეორე დედასავით მიყვარდა. იპოლიტეს შვილზე მაქვს ლაპარაკი... დედა ძალიან გულჩვილი იყო და ყოველთვის მიტევებისკენ მომიწოდებდა. ასაკთან ერთად გამოცდილება მემატებოდა. ვხედავდი, რომ თეატრში, გარდა მეგობრობისა, შური, შუღლი და არაკეთილსინდისიერებაც არსებობდა. ეს მანამდეც ვიცოდი, სანამ მუშაობას დავიწყებდი, 5-6 წლიდან კულისებში გავიზარდე, ყოველი სპექტაკლი ზეიმი იყო ჩემთვის, ახალ კაბას მიკერავდნენ, იპოლიტესთვის ყვავილები მიმქონდა.
- დედის დარიგებას ითვალისწინებთ ცხოვრებაში?
- ძალიან ვცდილობ. ყველაფერი შეიძლება აპატიო ადამიანს, უცოდველი არავინ არის. მეც, ნებით თუ უნებლიეთ, ცოდვილი ვარ. ის, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანეთ, შეგნებულადაც ჩაგადენინებდა ცოდვას ადამიანს. იმისთვის რომ თავი, ოჯახი გადაგვერჩინა, რას არ ჩავდიოდით ადამიანები. მე ამ ცოდვების არ მრცხვენია, მეამაყება კიდეც, რომ შევძელი და გადავრჩი, უფსკრულში არ გადავიჩეხე. გაჭირვება ჩემი მშობლების თაობაშიც იყო. მაგალითად, მახსოვს, დედა რომ ჰყვებოდა, როგორ ყიდდა სახლიდან ნივთებს იმისთვის, რომ თეატრის ბილეთები ეყიდა. მაშინ მთელი ქალაქი თეატრით ცხოვრობდა. ყოველი პრემიერა ზეიმი იყო, კაბებს იკერავდნენ, ოჯახებს თავიანთი რიგები ჰქონდათ დაკავებული დარბაზში... დარიგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა. მამა მეუბნებოდა, შენ ისეთი პროფესია გაქვს, აუცილებლად მსახიობს უნდა გაჰყვე ცოლად, რომ გაგიგოს და ოჯახი არ დაგენგრესო. ვერ გეტყვით, ჩემი ჯგუფელი თენგო ჯავახაძე მამაჩემის ხათრით შევიყვარე-მეთქი, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ უკვე 33 წელია ერთად ვცხოვრობთ.
- ამართლებს? მყარი ოჯახის გარანტია ერთი პროფესიის ცოლ-ქმარია?
- არა, ოჯახი მაშინაა მყარი, როცა ცოლსაც და ქმარსაც კარგად აქვთ გააზრებული ვალდებულება ერთმანეთისა და შვილების წინაშე. პროფესია არაფერ შუაშია. უბრალოდ, მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობდა კარიერაში, ვინაიდან ის კარგად იცნობდა ამ სფეროს. არასდროს დავუყენებივარ არჩევანის წინაშე, კარიერა თუ ოჯახი, ესა თუ ის როლი თუ ოჯახი. ჩვენს ოჯახში ფარდა არ ეშვება, სპექტაკლი დამთავრდება, მოვდივართ სახლში და კვლავ თეატრზე, როლზე, კოლეგებზე ვსაუბრობთ. ჩვენს შვილს, თეკლასაც გადაედო ეს "სნეულება". მსახიობია, თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. ბექა ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა.
- მსახიობების ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა, როგორი იყო სოციალურ ფონი, ფინანსური მდგომარეობა თქვენს ოჯახში, როგორ გაზარდეთ შვილები?
- ჩემი მშობლების ოჯახშიც არ იყო ფუფუნება. ინტელიგენტ მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ძვირად ღირებული სათამაშოები ეყიდათ. ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მე სხვა სიმდიდრე მქონდა, ჩემი მშობლების, ქმრის, შვილების, გარემოცვისა და საყვარელი პროფესიის სახით. ისეთი გარემოცვა მყავდა, რომ ვერ მიტოლდებოდნენ ის ოჯახები, რომელთაც ფულით მოჰქონდათ თავი. ჩემი სიმდიდრე წიგნები და ხელოვნება იყო... რაც შეეხება შვილებს, ბექა ათი წლით უფროსია თეკლაზე. თეკლა 1989 წლის 9 აპრილის პირმშოა. მაშინ მეგობრებს ვუთხარი, ხომ არასდროს მითქვამს, რომ მეორე შვილი უნდა გამეჩინა, დღეს გადავწყვიტე, შვილი უნდა გავაჩინო-მეთქი. ზუსტად ერთ წელიწადში, აპრილში მეყოლა თეკლა. შვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს, ხალხის სიყვარულზე, აპლოდისმენტებზე და დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ყოველთვის მიფასდებოდა შრომა. ყველა ხელისუფლების დროს შეძლებისდაგვარად პატივს მცემდნენ. მაქვს პატარა სახლი, სადაც დიდი სითბოა ყველასთვის, ვინც შემოდის. ჩემი სახლი ერთი პატარა თეატრალური სალონია.
- არაფერი გვითქვამს თქვენს პირველ ნაბიჯებზე სცენაზე...
- ეს სკოლიდან დაიწყო, შემდეგ პიონერთა სასახლეში გაგრძელდა. ჯერ იყო მხატვრული კითხვა, შემდეგ უკვე ქუთაისის თეატრის სცენა. მაშინ ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ქავთარაძე გახლდათ და სწორედ მის სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. "ბერნარდა ალბაში" მარტირიას როლმა დიდი წარმატება მომიტანა. ეს სპექტაკლი გასტროლებზე მოსკოვში რუსეთის კულტურის მინისტრის პრიზით დაჯილდოვდა. ჩემი პირველი კინოროლი ნანა მჭედლიძის "თბილისი და თბილისელებში" შედგა.
- სასიყვარულო გამოცდილებაზეც გკითხავთ. სანამ ის ერთი და მთავარი მოვიდოდა, პატარ-პატარა გატაცებები თუ იყო თქვენს ცხოვრებაში?
- რა თქმა უნდა, იყო. საბავშვო ბაღიდან მქონდა ინსტინქტი, რომ საწინააღმდეგო სქესს უნდა გავპრანჭვოდი. დღევანდელი ბავშვები ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ მშობლებთანაც და მეგობრებთანაც. მე ვერასდროს ვბედავდი ამის აფიშირებას. ბავშვობიდან ვეტრფოდი სილამაზეს. დღემდე ყველაფერი ლამაზი მიყვარს, ურთიერთობაც.
- ქალბატონო მარიკა, როგორ გგონიათ, როგორ უნდა მოახერხოს ქალმა, რომ კარიერაშიც წარმატებული იყოს და კარგი მეოჯახეც?
- ამისთვის მხოლოდ ქალის მონდომება არ არის საკმარისი. უმადური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახის სიამტკბილობა და ამდენწლიანი კეთილდღეობა მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ჩემს მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. განსხვავებული მამაკაცია იმ მხრივ, რომ განსაკუთრებით უყვარს ცოლი, შვილები და ოჯახი, ოჯახის დარაჯია. დღეს ასეთი პატიოსანი მამაკაცები იშვიათია. ჩვენ ერთმანეთს მხარში ვედექით 90-იან წლებში. არაფერი გვითაკილია იმისთვის, რომ ოჯახი გადაგვერჩინა. ერთმანეთის საკეთებელს ვაკეთებდით. საზღვარგარეთაც წავედი მცირე ბიზნესისთვის და სულ არ მეთაკილებოდა ის, რომ იქ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობდი, თან იმ წლებში უკვე დამსახურებული არტისტი ვიყავი, ყველა მცნობდა. ბევრი მსახიობი ამას არ იკადრებდა. ამ წლებმა ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილებზე უნდა მეფიქრა. დილის 8 საათზე სხვა ქვეყნიდან მოვფრინავდი და საღამოს 7 საათზე სპექტაკლს ვთამაშობდი. არავინ იცოდა, რომ ქვეყნიდან ვიყავი გასული.
- და სახლში ორი შვილი გელოდებოდათ?..
- სამი, თენგოს ვეუბნები, ჩემი უფროსი შვილი ხარ-მეთქი (იცინის). არა, მთლად ასეც ვერ ვიტყვი, ძალიან მედგა გვერდში. თეატრი დატოვა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი გვქონოდა ოჯახში. არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა უცხოელებთან. ეს მისთვის ტანჯვა იყო. ვერ აგიხსნით, რა ემართებოდა, რომ თავისი პროფესიით ვერ იხარჯებოდა.
- მსახიობ ცოლებზე ხშირად ეჭვიანობენ ქმრები, თქვენ თუ გიეჭვიანიათ თქვენი ქმრის თაყვანისმცემლებზე?
- როგორ არა. ჩემი მეუღლე ძალიან სიმპათიური მამაკაცია, ევროპული გარეგნობა აქვს და ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა, ოღონდ კულტურულ ფორმაში. მეც მყოლია თაყვანისმცემლები, რომლებზედაც ჩუმად შეიძლება გამეფიქრა, მაგრამ ეს ღალატს არ ნიშნავს. ერთმანეთის თაყვანისმცემლებზე მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობდით.
- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, როგორ ურთიერთობთ მათთან?
- ერთი ჩვევა მაქვს, ჩემი შვილები ეს-ემ-ესებს რომ მიგზავნიან, ვინახავ, ზოგიერთს რვეულშიც ვიწერ. დედას ვგავარ ამაში, ყველა მილოცვას, აფიშას, ჟურნალსა თუ გაზეთს ინახავდა. ჩემი მეგობრები ამის გამო მემატიანეს მეძახიან. ამას წინათ თეკლას ეს-ემ-ესი ვიპოვე, მწერდა, მადლობა დედა, რომ მოთმინება მასწავლეო. მართლაც ვასწავლე. ამდენი გაჭირვებისა და უსახსრობის ფონზე რამეს რომ მთხოვდა, სულ ვეუბნებოდი, ცოტაც მოითმინე, დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექნება-მეთქი და გაამართლა. მოთმინება ისწავლა. ამისთვის მადლობაც გადამიხადა. ასევე ვითმენდი მეც და დღესაც ვითმენ. ჩემი მეგობრები გაოცებული არიან ჩემი ენერგიულობით. როგორ შეგიძლია თბილისსა და ქუთაისს შორის ამდენი ირბინოო. გუშინწინ "დარისპანის გასაჭირში" მთავარი როლი, მართა ვითამაშე. ათის ნახევარზე წამოვედი ღამით თბილისში, დილით "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" გადაღება მქონდა კლინიკაში, ვასიკო მღალატობს სერიალში და ბოტოქსს ვიკეთებ (იცინის).
- მოგწონთ თქვენი გმირი, მადონა?
- ზედმეტად ცნობისმოყვარეა, ჭორიკანაც კი, მაგრამ ბოროტი არ არის. ყველაფერი აინტერესებს, იმიტომ, რომ უყვარს ნელიკო. არ უნდა, ვინმემ აწყენინოს და იცავს.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ... ამ გადასახედიდან, რა გახსენდებათ ხშირად, რას ნანობთ?
- დედა მახსენდება, მენანება, რომ აღარ არის, ვერავის ვეკითხები რჩევას, რა და როგორ გავაკეთო. ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი გარდაცვალება. თეკლამ გადამატანინა... ბავშვებივით ვართ მსახიობები, აპლოდისმენტები, ყვავილები გვიხარია, ჩვენ მიერ განსახიერებული როლები რომ ახსოვთ და უყვართ, ის გვახარებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იცით, ზოგს ჰგონია, რომ მსახიობებს პრობლემები არ გვაქვს, არ გვტკივა, არ გვცივა... რთულია მოაგვარო პრობლემები ისე, რომ არავის დაანახვო, რა გტკივა, რა გაწუხებს. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ეს შეძლო და არ გაბოროტდე. გაწონასწორებული უნდა იყო, არ უნდა დაგაკარგვინოს თავი არც ბედნიერებამ და არც უბედურებამ.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)