საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, ლუკა კურტანიძეც მონაწილეობს. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ორგზის მედალოსანმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი უკვე ოფიციალურად დაადასტურა. სახელგანთქმული ფალავანი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი გახლდათ, დარწმუნებულია, რომ საჭიდაო სამყაროს გაერთიანებას შეძლებს და ქართულ ჭიდაობას ძველ დიდებას დაუბრუნებს.
- უკვე წერილობით ვაცნობე ჭიდაობის ფედერაციას, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. უპირველესად, მინდა, აღვადგინო ის ხიდი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩატეხა საზოგადოებასა და სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის საჭიდაო სამყაროს შორის, შემოიტანა ის სიბინძურე, რომელმაც თაობები დააშორა ერთმანეთს, ღვაწლმოსილი ადამიანები კი, რომლებმაც ქართული ჭიდაობის ისტორია შექმნეს, გარიყეს, რადგან მათ ავტორიტეტთან შედარებით არარაობად მოჩანდნენ. გვერდით კი ისეთი ადამიანები დაიყენეს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ჭიდაობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნისთვის ბრძოლა. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ სოციალურად შეჭირვებულ სპორტსმენებს იძულებულს ხდიდნენ, ე.წ. ზონდერბრიგადებში გაწევრებულიყვნენ და ნიღაბაფარებულებს უპირისპირებდნენ თანამემამულეებს. ყველამ კარგად იცის, რა სიბინძურე ტრიალებდა წლების განმავლობაში სპორტის ყველა სახეობაში. თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, ეს სიბინძურე რომ მოვაშოროთ ქართულ ჭიდაობას, აღვადგინოთ თაობებს შორის ურთიერთობა, სამაგალითოდ ვაქციოთ დამსახურებული სპორტსმენების ღვაწლი და მომავალ თაობებს ვაჩვენოთ, რომ ისინიც ისევე იქნებიან დაფასებული, როგორც მათი წინამორბედები...
- უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში?
- ვინც უნდა იყოს, ყველა კონკურენტს სერიოზულად მოვეკიდები, მით უმეტეს, კონკურენცია და ბრძოლა ჩემთვის უცხო არ არის. მოწინააღმდეგეს ყოველთვის იმ განწყობით ვაფასებდი, რომ მასთან ბრძოლა გადამწყვეტია.
- თქვენი ტიტულების, გამოცდილების, ჭიდაობისადმი სიყვარულის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს... არ გაგიჭირდებათ?
- ყველაფერი ხომ პირველად ხდება? მსოფლიო ჩემპიონად არ დავბადებულვარ, მაგრამ უდიდესი შრომის შედეგად უამრავი ქართველი გავახარე. როცა სააკაშვილის რეჟიმთან დავიწყეთ ბრძოლა, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა მათი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს ხომ შევძელით? მთავარია, საქმე გიყვარდეს, როცა მიზანს დაისახავ, საქმეს სიყვარულით მიუდგები და მთელი არსებით იქნები ჩაბმული, ყველაფერი გამოვა. ის კი, როგორ არჩევანს გააკეთებენ, არჩევნებში მონაწილე ღვაწლმოსილი ადამიანების გადასაწყვეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძველი ხელისუფლებისგან უამრავი საშინელება გადავიტანე, დარბაზი არ მიმიტოვებია. სისხლიანი 26 მაისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც და სულიერადაც ძალიან მიჭირდა, ორიოდე კვირაში დარბაზში მივედი და ვარჯიში განვაგრძე. არ მინდოდა, ჩემი წაქცევით მტრები გამეხარებინა, ახალ თაობას გატეხილი ლუკა კურტანიძე ენახა! ფეხზეც დავდექი და თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდეც ვიბრძოლე. ასე განვაგრძობთ, ვიდრე საქართველო არ გაიმარჯვებს!
- ბოლო წლებში არც ისე კარგი დამოკიდებულება გქონდათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცთან, პირად მწვრთნელთან და ფედერაციის ზოგიერთ წარმომადგენელთან... თუ ლუკა კურტანიძეს პრეზიდენტად აირჩევენ, ჭიდაობის ფედერაციაში "საკადრო წმენდა" დაიწყება?
- არავითარი "საკადრო წმენდა" არ იქნება! იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თქვენ ახსენეთ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მათი მადლიერი ვარ და თუ წარსულს გადახედავენ, ისინიც უნდა იყონ ჩემი მადლიერი, რადგან ჩემი დიდი დამსახურებაც არის, წლების განმავლობაში წარმატებული მწვრთნელები რომ ერქვათ. 1992-2009 წლებში, არ ყოფილა წელიწადი, დიდი ტურნირებიდან წარუმატებლად დავბრუნებულიყავი, ორასზე მეტი მედალი მოვუტანე საქართველოს... რა დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეთ ჩემ მიმართ, საქმეს პროფესიულად მივუდგები, მათი გამოცდილების გამოყენებაზე უარის თქმას არ ვაპირებ. თუ მზად არიან, თავიანთი გამოცდილება ქვეყნის სამსახურს მოახმარონ, ყველა პირობას შევუქმნი. "საკადრო წმენდა" არ იქნება, მაგრამ როტაცია აუცილებელია, რადგან არა მგონია, 15-20 წლის განმავლობაში მთავარ მწვრთნელად მუშაობა გამართლებული იყოს. ოთხ წელიწადში ერთხელ პრეზიდენტები იცვლებიან... ყველა წარმატებული მწვრთნელი უნდა ხედავდეს, რომ მისი შრომა დაფასებულია. ახალი სისხლი აუცილებელია, სპორტსმენის მსგავსად, კონკურენციას მწვრთნელიც უნდა განიცდიდეს, სხვაგვარად ვერ განვითარდება...
ქართულ ჭიდაობას აქვს იმის პოტენციალი, კინკილა მედალს არ დასჯერდეს. ერთი ოქროს მედლით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ ვაპირებ, მინდა, ჭიდაობა კვლავ წარმატებული სახეობა გახდეს საქართველოში. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, აქვე მოამზადოს სპორტსმენები, შეკრებებზე სხვა ქვეყნებში გამგზავრება არ იყოს საჭირო. სწორი, მიზანმიმართული მიდგომაა საჭირო. სახელოვანი მოჭიდავეები მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, ყრილობის დროს კი არ უნდა გვახსენდებოდეს, მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული იმ საქმეში, რაც შესანიშნავად იციან. როცა ვეტერანი სპორტსმენები დაფასებულად იგრძნობენ თავს, ახალ თაობასაც მიეცემა სტიმული.
- წინა ხელისუფლებას ხშირად საყვედურობდნენ, რომ სპორტული ფედერაციების თავკაცებს პარტიული ნიშნით ნიშნავდა. ახალი ხელისუფლებაც იმავეს ხომ არ გაიმეორებს?
- შეიძლება, კრივში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დავით კვაჭაძე, რომელიც კრივის ფედერაციის პრეზიდენტად განიხილება, ყოფილ პრეზიდენტს შევადაროთ? მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ვარ და ამ რეგალიებს ვერავინ წამართმევს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერავინ მოგვედავება, თითქოს საქმის უცოდინარები ვართ. პირიქით - პროფესიონალები დავიბრუნებთ საყვარელ საქმეს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა წართმეული და თავისი პიარისთვის იყენებდა. ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აპირებს კენჭისყრას. ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, როცა ბევრს საერთოდ არაფერი სმენოდა საქართველოს სახელმწიფოს არსებობის შესახებ, ეთნიკურად ოსი ლერი ხაბელოვი დაჯილდოების ცერემონიაზე არ გადიოდა - ვიდრე საქართველოს დროშას არ აღმართავთ, კვარცხლბეკზე არ ავალო! ასეთი ხალხი არ უნდა გამოვიყენოთ? ხაბელოვს იქით უნდა ვთხოვდეთ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდეს... ასე რომ, თუ ვინმე მოგვედავება, იცოდეს, რომ პარტიული ნიშნით კი არ ვინიშნებით, პროფესიონალები ვიბრუნებთ ჩვენს სფეროს. თანაც, თუ ვინმე ამ საქმეს თანამდებობად აფასებს, ძალიან ცდება. ეს არის ქვეყნის მსახურობა, ტიტანური შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა!
ესაუბრა რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)