რუბრიკა "წიგნის თაროს" ამჯერად მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე სტუმრობს. ინტერვიუდან შეიტყობთ, რას ფიქრობს ქალბატონი მარინა დღევანდელი საზოგადოების ინტელექტსა და მუსიკალურ გემოვნებაზე და "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურებზე რომელ კომპოზიტორებს ირჩევდნენ კონკურსანტები მისი გულის მოსაგებად.
- წიგნი, სამწუხაროდ, კომპიუტერმა და ინტერნეტმა ჩაანაცვლა. დღევანდელ საზოგადოებას ძირითადად მშრალი, მოკლე ინფორმაცია აინტერესებს. ჩემს შვილიშვილებს კითხვას ვაძალებ და ვაძლევ წიგნებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ. ბავშვი კითხვას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს. ამ მხრივ გადამწყვეტი როლი ოჯახს აკისრია - უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვებმა ნაკლები დრო გაატარონ კომპიუტერთან, დღეში ერთი საათი მაინც დაუთმონ წიგნს, გერმანიაში ნათესავები მყავს და ვიცი, რომ ტელევიზორს საათზე მეტხანს არ რთავენ, განსაზღვრულ დროს უთმობენ კომპიუტერთან მუშაობასაც. ჩვენთან ეს არ რეგულირდება და ბავშვები მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ტექნიკით გატაცება მოდაა და მალე გაივლის. სკოლასაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა მოსწავლისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
- წიგნიერების ნაკლებობა მუსიკის სამყაროშიც იგრძნობა?
- დღევანდელი საზოგადოება უცხოურ მუსიკაში კარგად გათვითცნობიერებულია, მაგრამ ქართული მუსიკა ნაკლებად ესმით, რაც მუსიკალური სკოლების შემცირებამ გამოიწვია. წლების წინ ყოველი მეორე ბავშვი მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. დღეს კი საკონცერტო დარბაზში მსმენელი ძლივს შეგვყავს, მუსიკის მოსმენის კულტურა აღარ არის.
- დღეს საკონცერტო დარბაზების ნაცვლად რესტორნები ივსება...
- ამას წინათ სტუმრები გვყავდა, სამშაბათი იყო და ვერც ერთ რესტორანში ვერ წავიყვანეთ, ადგილი არ იყო... არადა, გავიძახით, საშუალო ფენა არ გვყავსო. რესტორნებში ძალიან მდარე მუსიკა ისმის, რაც გემოვნებაზე მოქმედებს. საზოგადოდ, საქართველოში მუსიკალური გემოვნების ნაკლებობაა. რესტორნები იყოს, - ქართველს ქეიფს რა გადააჩვევს, - მაგრამ კლუბები უნდა გაიხსნას, სადაც ცოცხალ, გემოვნებიან მუსიკას მოისმენ. უამრავი ჯაზკლუბი იყო, მაგრამ დაიხურა...
- "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურებზე ახალგაზრდების მუსიკალურ გემოვნებას უშუალოდ ეცნობოდით...
- შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი "ჯეოსტარში"... სიმკაცრის გამო ბევრი მამტყუნებს, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მომზადებული ახალგაზრდობა მოდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იცოდნენ, რომ თუ გინდა, მარინა ბერიძეს მოეწონო, ბიძინა კვერნაძის, გოგი ცაბაძის ან რევაზ ლაღიძის სიმღერა უნდა შეასრულო. მე მაინც სიმკაცრის მომხრე ვარ. როდესაც ადამიანი ცუდად მღერის, მას აუცილებლად უნდა მიანიშნო და თუ ნიჭიერია, უნდა უთხრა, რა გააკეთოს, უკეთ რომ იმღეროს.
- როგორი მკითხველია მარინა ბერიძე?
- ალბათ ასაკის ბრალია - დღეს მემუარები უფრო მომწონს. იმ ასაკში ვარ, როდესაც ადამიანს ყველაფერი წაკითხული აქვს, რაც წასაკითხია. თანამედროვე ლიტერატურას თვალს ნაკლებად ვადევნებ. მძიმე ლიტერატურის კითხვა უკვე მიჭირს. მაგალითად, დღეს მარკესს ვეღარ წავიკითხავ. გამოსავალი ვიპოვე - მოგონებებს ვეცნობი. დიდი ადამიანების ცხოვრების გაცნობა ძალიან საინტერესოა.
- რომელი მწერალი მოგწონთ?
- დოსტოევსკი, რომელმაც ისეთივე გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორიც მუსიკაში - მალერმა. ძალიან მიყვარს მარკესი. ერთხანს მიხეილ ჯავახიშვილით ვიყავი გატაცებული. თანამედროვე მწერლებიდან სიამოვნებით ვკითხულობ დათო ტურაშვილსა და აკა მორჩილაძეს.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?
- მახსოვს, მარკესის "პატრიარქის შემოდგომამ" კინაღამ ჭკუიდან შემშალა... დროთა განმავლობაში ეს განცდა ნელდება, მაგრამ განსაზღვრულ პერიოდში რაღაც ძალიან დიდს გაძლევს. ასე ვარ მუსიკაშიც - მქონია რახმანინოვის, მალერის, მოცარტის, ყანჩელის პერიოდები...
- დიდი საოჯახო ბიბლიოთეკა გაქვთ?
- იმდენი წიგნი მაქვს, აღარ ვიცი, სად წავიღო. დროც არ მაქვს. სულ ვოცნებობ, დიდი შვებულება ავიღო და ეს დაგროვილი ლიტერატურა წავიკითხო.
- რის წაკითხვას გვირჩევს მარინა ბერიძე?
- დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" წავიკითხოთ, ძალიან დროულია..
ესაუბრა დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)