საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი პარლამენტში დეპუტატ ნუკრი ქანთარიას გამოსვლამ გამოიწვია.
შესვენებაზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ, უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც. აღნიშნული ინციდენტი უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ მობილური ტელეფონით გადაიღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.
დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მოუწოდა, "პოლიტიკურ სუტინიორობას" მოეშვან. "კარგი იქნება, თუ ამნისტიას საკუთარ რიგებში გამოაცხადებთ. აი, ახლა ორი გოგონაა აქ. ძალიან მწყდება გული, რომ ისინი თქვენთან არიან. ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე გოგონა. იქნებ, პოლიტიკურ სუტინიორობას მოეშვათ და ეს გოგონებიც გაათავისუფლოთ", - განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარიას კორექტულობისკენ თავად უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა, სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი, ქანთარიას გამოსვლაზე ბოდიში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოიხადა.
იხილეთ ვიდეო: პარლამენტარებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს