2009 წლის 5 მაისს ხელისუფლებამ მუხროვანის ამბოხის ინსცენირებით ჯარსაც გააწნა სილა, მიტინგებიც დაშალა და ხალხიც შეაშინა. ერთ თვეში უამრავი მაღალი ჩინის სამხედრო გაათავისუფლეს, 200-მდე პროფესიონალი მოსწყვიტეს ჯარს და ბაჩო ახალაია მოიყვანეს თავდაცვის მინისტრად. ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიტყოს, მართლა იყო თუ არა ამბოხი. რატომ აქვს ამბოხის ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაყენებული. შეიძლება, რომ სამი კაცი აწყობდეს ამბოხებას?! - ამბობს ინტერვიუში ამბოხების მოწყობის ბრალდებით გასამართლებული და 29 წლით პატიმრობამისჯილი კობა ოთანაძის ძმა ჯიმშერ ოთანაძე.
- ბატონო ჯიმშერ, რატომ დაუკავშირეს ე.წ. მუხროვანის ამბოხს კობა ოთანაძე, რა საერთო ჰქონდა მას ამ ყველაფერთან?
- სამოქალაქო პირს, კობა ოთანაძეს ორი ერთმანეთის გამომრიცხავი მუხლი აქვს წაყენებული - დაუმორჩილებლობის და ამბოხის. ასაფეთქებელ ხელსაწყოდ ჩათვალეს მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც თითქოს რაღაც კაფსულები უერთდებოდა. მსგავს სისულელეებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით, კობას 29 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოზე 125-მდე სამხედრო პირი ჰყავდათ მოყვანილი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამბოხების ამბავი ყაზარმებში გადაცემა "კურიერიდან" შეიტყვეს. კობამაც ტელევიზიით შეიტყო ეს ამბავი, დაგვირეკა და გვითხრა, პრობლემა არ არის, ყველაფერი გაირკვევაო, მაგრამ შემდეგ მასზე, ლევან ამირიძესა და გია კრიალაშვილზე გამოცხადდა ძებნა და გაიცა მათი ლიკვიდაციის ბრძანება.
- თუ იცით, როგორ მოხვდნენ ერთად ოთანაძე, ამირიძე და კრიალაშვილი?
- არ ვიცი, სად და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და სად იმალებოდნენ. გეტყვით იმას, რომ როგორც კი მათზე ძებნა გამოცხადდა, დაიწყო თვალთვალი ჩვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. წაიყვანეს ჩემი დეიდაშვილი ზაზა სანდოძე, აწამეს მცხეთის რეგიონალურ სამმართველოში, შემდეგ გადმოიყვანეს კუდ-ში, სადაც მის წამებაში პირადად მონაწილეობდნენ დათა ახალაია და ერეკლე კოდუა. ზაზა გაიყვანეს ჯვრის მონასტრის დაბლა, ტყეში, სადაც შესაშინებლად ფეხებში ესროლეს. მას უნდა ეღიარებინა, რომ მანქანით გადაჰყავდა ძებნილები. ჩვენება რომ ვერ მიიღეს, დიდხანს აწამეს, შემდეგ ციხეში მაინც აღიარებინეს და 2 წელი მიუსაჯეს. ერთი კვირის შემდეგ დაიჭირეს ჩემი უმცროსი ძმა სასაცილო ბრალდებით - თითქოს მან ჩუსტით გალახა 8 სპეცრაზმელი. მოსამართლემ თქვა, ჩუსტის ნაცვლად სხვა რამე ჩაწერეთ, სირცხვილიაო და შემდეგ ჩაწერეს, რომ სპეცრაზმელები იატაკის საწმენდი ჯოხით სცემა. გამთენიისას შემომიცვივდნენ მეც, მიმიყვანეს "მოდულის" შენობაში. მეორე დღეს კი კობა დაცხრილეს თიანეთის გზატკეცილზე. გამთენიისას გამათავისუფლეს და ვნახე, რომ ჩემი 18 ნათესავი ჰყავდათ დაკავებული.
- გია კრიალაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას არ მოუკლავთ და ადგილზე მისი გვამი მიიტანეს. ბატონი კობა რას ამბობს ამის შესახებ?
- როგორც ვიცი, სამივენი გლდანის ტყის მიდამოებში, აგარაკებთან ახლოს იმალებოდნენ. შემდეგ დაუკავშირდნენ ვიღაც ახლობელს, იქიდან რომ გაეღწიათ. საქმეში ფიგურირებს ქალბატონი, ძებნილებს სწორედ მან მიუყვანა მიკროავტობუსი, რომელიც გადატიხრული იყო (ალბათ, სასამართლოზე მოიყვანენ იმ "ახლობელ" ქალბატონს და გავიგებთ მის ვინაობას). აი, რას ამბობს კობა: "ავტომანქანაში უკან ჩამალული ყოფილან სპეცრაზმელები, საპატრულო მანქანა მოდიოდა საპირისპირო მიმართულებით და როგორც კი გაგვცდა, შემოტრიალდა და გზა გადაგვიკეტა. ამ დროს სამალავიდან ამოხტნენ სპეცრაზმელები და პირდაპირ ცეცხლი გაგვიხსნეს, სამივე ჩაგვცხრილეს და მანქანიდან გადმოგვყარეს".
- მართალია, რომ მათ ცეცხლი თარგამაძე-უგულავა-მერაბიშვილის თანდასწრებით გაუხსნეს?
- დიახ, მათ თვალწინ გახსნეს ცეცხლი, იყო მათი ლიკვიდაციის ბრძანება. გივი თარგამაძეს უთქვამს კობაზე, ეს ის ბიჭია, რკინის მანეთიანებს რომ ღუნავს ხელითო და მაჯები დაუხვრიტეს, ტყვიებით თითქმის ყველა ორგანო დაუზიანეს. უკვე დაღუპულ კრიალაშვილს კი თარგამაძემ თურმე წიხლები ურტყა და დედა აგინა. იქ იყო შს მინისტრი და ქალაქის მერიც. რა უნდოდა იქ გიგი უგულავას?
მანამდე სოდ-ის თანამშრომლებმა გამაფრთხილეს, კობას კვალს მისდიე, დაგვაჭერინე, თორემ პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, სადაც ნახავთ, ადგილზე მოახდინეთ ლიკვიდაციაო. კობა ჩვენთან კავშირზე არც გამოსულა, კარგად იცოდა, მისი ყველა ნაბიჯი და საუბარი რომ ისმინებოდა.
- როგორც გაცხადდა, თქვენი ძმა ციხის საავადმყოფოში აწამეს...
- კობა თიანეთის გზატკეცილზე მომხდარიდან მეხუთე დღეს გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, ისევ აპარატზე იყო მიერთებული, სიკვდილს ებრძოდა. მას ქაღალდზე დაწერილი ტექსტი მიუტანეს და უთხრეს, წაეკითხა, თან ეს პროცესი ფირზე უნდა გადაეღოთ, ტელევიზიებით რომ გაევრცელებინათ. უარი რომ მიიღეს, წვეთოვანი მოაგლიჯეს და საწოლიდან გადმოაგდეს. კობას ჭრილობები გაეხსნა და ლამის სისხლისგან დაიცალა. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ციხის უფროსსაც, რა უფლებით შედიოდნენ მასთან ციხის საავადმყოფოში სპეცრაზმელები და კუდის თანამშრომლები?! ჭაღს 12 თუ 14 ნათურა ჰქონდა და დღედაღამ ანთებულს ტოვებდნენ, არ აძინებდნენ და ასე აწამებდნენ...
- რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ამბოხის ინსცენირება?
- სააკაშვილმა ყველაზე დიდი აგრესია კობა ოთანაძის მიმართ გამოხატა, როცა მუხროვანის ნაწილში მივიდა. იმ პერიოდში კარვები იყო გაშლილი რუსთაველის პროსპექტზე, ათასობით ადამიანი გამოთქვამდა პროტესტს და ამ დროს, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა მუხროვანის ამბოხების ამბავი. სააკაშვილის ხელისუფლებამ მუხროვანის ამბოხის ინსცენირებით სამი კურდღელი დაიჭირა - ჯარსაც გააწნა სილა, მიტინგებიც დაშალა და ხალხიც დააშინა. ერთ თვეში უამრავი მაღალი ჩინის სამხედრო გაათავისუფლეს, 200-მდე პროფესიონალი მოწყვიტეს ჯარს... ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დანიშნეს. წაგებული ომი გამარჯვებად გვაზეიმეს და "ვაშა" გვაძახებინეს. ბატალიონის მეთაურმა გორგიაშვილმა თქვა, მე ვაცხადებ პროტესტს და არ მივიღებ მონაწილეობას 26 მაისის აღლუმში, რა გვეზეიმება, როცა ამდენი ბიჭი დაგვეღუპაო. სხვათა შორის, კადრები, სადაც სააკაშვილი ჯარს ტუქსავს - სად არის ოთანაძე, ტანკები ვინ ამოქოქაო, ვაზიანშია გადაღებული და არა მუხროვანში.
- ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა?
- ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას. ხალხმა უნდა შეიტყოს, რომელ მაღალჩინოსანს რა წვლილი აქვს ამ საქმეში შეტანილი, რა უნდოდა სპეცოპერაციის ადგილზე ქალაქის მერს? უნდა გაირკვეს ისიც, რატომ მონაწილეობდნენ სამოქალაქო პირები - უგულავა-გაბაშვილები აგვისტოს ომის დროს სამხედრო ოპერაციებში, როგორ გასცემდნენ განკარგულებას და ა.შ. ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიტყოს, მართლა იყო თუ არა ამბოხი. რატომ აქვს ამბოხის ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაყენებული. შეიძლება, სამი კაცი აწყობდეს ამბოხებას?! რომელ ამბოხზეა ლაპარაკი, როცა ერთი ტყვია არ გავარდნილა, სამხედრო ნაწილიდან ერთი ჯარისკაცი არ გამოსულა. ჭორი ააგორეს, თითქოს სამხედროებს "მოდულის" შენობისთვის ტანკებით უნდა გადაევლოთ. იმედია, მალე დაიწყება გამოძიება და გამოჩნდება, ვინ მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, ვინ ჩაცხრილა ისინი. იმ სპეცრაზმელებს 12-12 ათასი დაურიგეს. რაც მთავარია, როდესაც ისინი ღამით გაჰყავდათ, მოატყუეს, წამლის "ბარიგები" უნდა აიყვანოთ, რომლებიც შეიარაღებული არიანო და მისცეს ჩაცხრილვის განკარგულება. არ ვიცი, სპეცრაზმელები მოტყუვდნენ და ისე ჩაცხრილეს ეს უიარაღო ხალხი თუ ფულზე გაწუწკებულებმა ჩაიდინეს ეს საშინელება. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" სააკაშვილის, მერაბიშვილის, თარგამაძისა და უგულავას მეთაურობით.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)