ახმედ ჩატაევმა თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. მან სასამართლოდან გამოსვლისას ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.
"თავს კარგად ვგრძნობ. საქმე გრძელდება. მე ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ, რადგან ხელყუმბარები არ მქონდა. გირაოთი გამათავისუფლეს, რადგან კიდევ ერთი საქმე არის ჩემთან დაკავშირებული. ეს უკავშირდება იმ სამ მოწმეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელყუმბარები მქონდა", - განაცხადა ჩატაევმა.
მან კომენტარი ლოპოტას სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჩატაევის თქმით, მის ქართველ მეგობარს ქართველმა სამხედროებმა სთხოვეს, რომ მას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. მისი თქმით, ჯგუფის წევრებს დაელაპარაკა და, როდესაც ქართულ მხარესთან ბრუნდებოდა პასუხის მისაღებად, სწორედ მაშინ დაჭრეს.
მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ დაჭრა. კითხვაზე, თუ რას გეგმავდნენ ლაფანყურში მყოფი შეიარაღებული ჯგუფების წევრები, ჩატაევი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მათ ჩეჩნეთში გადასვლა უნდოდათ.
ჩატაევი აცხადებს, რომ პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას აპირებს და თუ საჭირო იქნება, ოპერაციასაც გაიკეთებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, თბილისიდან დუისში გაემგზავრება.
საქართველო - დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.
სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს-ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს.
29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.
არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს. მას არ აქვს ცალი ხელიც.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეონაში მცხოვრებმა ქისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა.