საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მოიტანს.
გჯერათ, რომ მთავრობაში ცვლილება რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს? - შესაბამის შეკითხვაზე დადებითი პასუხი რესპონდენტთა 52 %-მა გასცა. 34 % ფიქრობს, რომ ურთიერთობები გარკვეულწილად გაუმჯობესდება, 5% მიიჩნევს, რომ მთავრობაში ცვლილებას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოყვება, 1 % კი, ამ საკითხს კიდევ უფრო სკეპტიკურად უყურებს და კითხვაზე პასუხისას "კატეგორიულად არას" კატეგორიას ირჩევს, ხოლო 8 % პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება იმას, ემხრობიან თუ არა რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, 83 % აცხადებს, რომ მთლიანად ემხრობა, 11 % აღნიშნულს გარკვეულწილად უჭერს მხარს, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება - 2 %, ასევე 2 % კატეგორიული წინაააღმდეგია, კიდევ 2 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
IRI-ის მიერ ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, რუსეთთან მიმართებაში კიდევ ერთი კითხვა დაისვა - კერძოდ, შეფასდა მოსახლეობის განწყობა, დამთავრდა თუ ელიან რუსეთის აგრესიის გაგრძელებას საქართველოსადმი. "თქვენი აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დამთავრდა, თუ ჯერ კიდევ გრძელდება?" - 23 % მიიჩნევს, რომ აგრესია დამთავრებულია და მის განახლებას არ ელოდება. 19 % ამბობს, რომ დამთავრდა, მაგრამ შეიძლება აღდგეს, 47 % ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია ახლაც გრძელდება, 11 %-მა კი პასუხი არ იცის.
რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რესპონდენტთა 65 % მას სრულად ემხრობა, 17 % გარკვეულწილად ემხრობა, 4 % გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 5 % კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 9 %-მა კი პასუხი არ იცის.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო ასაკის მქონე 1500 პირი, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.