ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო გამოძიება დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი შსს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თუმცა, სამინისტროს განცხადებით, მან გამოძიებასთან პრაქტიკულად არ ითანამშრომლა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილი ყალბი პასპორტის გამოყენებით ქვეყნის დატოვებას 30 ნოემბრის ღამეს შეეცადა, როცა აეროპორტიდან სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ერევანში მიემგზავრებოდა... საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მესაზღვრე ვაჟა ღოღაძემ აღმოაჩინა, რომ ვანო მერაბიშვილი ქვეყნის დატოვებას ვინმე ლევან მაისურაძის სახელით გეგმავდა. "ყველა სიახლეს" დაუკავშირდა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი ლაშა მესხია, რომელიც ამ სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე გვესაუბრება:
- ყალბი პასპორტი საჯარო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გასცა 2011 წლის 25 აგვისტოს. მერაბიშვილის ყალბი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ეპიტაშვილმა გადასცა. იმხანად სამმართველოს ლევან სამადაშვილი კურატორობდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. როდესაც სპეციალურ სამსახურს ესა თუ ის დოკუმენტი სჭირდება, მას სწორედ ეპიტაშვილი ემსახურება. სწორედ ის ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებებს. ასეთი დოკუმენტის გაცემის ორი გზა არსებობს, ერთი - როდესაც მოქალაქე იცვლის სახელს და გვარს, ხოლო პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შეცვლა დაუშვებელია და მეორე - როდესაც ხორციელდება მოწმის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და ამისათვის საჭიროა მთავარი პროკურორის თანხმობა. ივანე მერაბიშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ გაყალბებასთან და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
- გიორგი ეპიტაშვილი დღესაც რჩება რეესტრის თანამშრომლად?
- დიახ, ის დღესაც მუშაობს სამოქალაქო რეესტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მან შეასრულა გიორგი ვაშაძის უკანონო ბრძანება, ამიტომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვაშაძის ბრალეულობის საკითხითაც. გიორგი ვაშაძის ბრძანებით, როდესაც ივანე მერაბიშვილზე გაიცა ყალბი პასპორტი, საარქივო მასალები განადგურებული იქნა. ამიტომ საქმე თუ აღიძვრება ამ დანაშაულზე, მოწმეების ჩვენებებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
- თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სამოქალაქო რეესტრში და დღემდე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც ამ სისტემაში პატიოსნად მუშაობს. სწორედ მათგან მივიღე ეს ინფორმაცია. მხოლოდ ივანე მერაბიშვილზე არ არის გაცემული ყალბი პასპორტი. როგორც რეესტრის თანამშრომლებმა მითხრეს, წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი პასპორტები გაიცა ერეკლე კოდუას, ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილე ამირან მესხელისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე. ადეიშვილმა ოთხი ყალბი პასპორტი გაიმზადა სხვადასხვა გვარით და მათი მეშვეობით გადაადგილდება. ჩემთვის ცნობილია, რომ ადეიშვილი ამჟამად კუბაში იმყოფება, რადგან ფიქრობს, რომ ყველაზე დაცული სწორედ იქ იქნება.
- ვანო მერაბიშვილის ყალბ დოკუმენტს მინიჭებული აქვს პირადი ნომერი 01424099048 (დაბადების თარიღი: 12.02.1970), ამ მონაცემებით საარჩევნო სიაში მართლაც არის დარეგისტრირებული ვინმე ლევან მაისურაძე, რომელიც ცხოვრობს ვაჟა-ფშაველას გამზირის 14 ნომერში, ბინა 182 (მისი საარჩევნო უბანი მდებარეობდა სამედიცინო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში). აღნიშნულ მისამართზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ანა მაისურაძე ცხოვრობს, რომელიც შინ არ დაგვხვდა. მეზობლები ლევან მაისურაძეს არ იცნობენ და ამბობენ, რომ მათ ასეთი მეზობელი არ ჰყავთ.
- არ გამოვრიცხავ, რომ ამ მონაცემებით მართლაც იყოს ვინმე რეგისტრირებული საარჩევნო სიაში, მოგეხსენებათ არარსებულ მისამართებზე არარსებულ ადამიანებს წერდნენ. სამოქალაქო რეესტრის ახალი პროგრამა ძალიან დახვეწილია და ორჯერ ერთი და იმავე პირადი ნომრის განთავსება მონაცემთა ბაზაში შეუძლებელია, რადგან სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)