"ჩემს გარეგნობას ძალიან მშვიდად, იუმორით ვუყურებ: ეს უფრო "ინსტრუმენტია" საქმისთვის", - აცხადებს პირს ბროსნანი გამოცემა 7Д-სთან საუბრისას.
- ქალბატონების აზრი თქვენს შესახებ ასეთია: "პირსს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს - ის ზედმეტად ლამაზია, ესე იგი ქარაფშუტაა. ცოტა უფრო მახინჯი რომ იყოს, ქვეყნის დასალიერამდე გავყვებოდი". რას იტყვით ამაზე, მისტერ ბონდ?
- ჩემს გარეგნობას ძალიან მშვიდად, იუმორით ვუყურებ: ეს უფრო "ინსტრუმენტია"საქმისთვის. თუმცა სასიამოვნოა, რომ ვიღაცა ლამაზად მთვლის. მინდა შევახსენო ქალბატონებს, რომ ლამაზი მამაკაცები სხვა მამაკაცებზე გაცილებით უფრო ერთგულები და საიმედოები არიან.
ქალების გამუდმებული ყურადღებით გადაღლილები, ისინი მათი ერთადერთი ქალის გულში "დამალვას" ცდილობენ და ამ სამალავიდან აღარ გამოდიან. (იცინის) ჩემი აზრით, მამაკაცი მხოლოდ გრძნობებით უნდა შეირჩეს.
- გამოდის, რომ თქვენი ახალი ნამუშევარი "სიყვარული - სულ ეს არის, რაც შენ გჭირდება" პირს ბროსნანის რომანტიკული ნატურის გამოხატვა უფროა. როგორ ფიქრობთ, ადამიანს სიყვარული ჰყოფნის სრული ბედნიერებისთვის?
- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრება სიყვარულის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნება. ყველას გვესაჭიროება ეს ღრმა გრძნობა - სანამ ის არ არის, ყველა ჩვენგანი მის ძიებაშია და როცა მას მოვიპოვებთ, ვხვდებით: ცხოვრება შესანიშნავი რამაა, ლამაზი, გემრიელი და ამაღელვებელი. როდესაც რეჟისორმა სუზანა ბირმა მის ახალ რომანტიკულ კომედიაში როლი შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ფილმში მიმდინარე მოვლენები და გრძნობები, რომელსაც ჩემი გმირი განიცდის, ჩემთან ძალიან დაახლოებული აღმოჩნდა. ცხოვრებას გმირი, ფილიპი ძალიან ღია ქალს უკავშირებს, რომელიც ონკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს. ეს შეხვედრა გმირებს იმედს აძლევს: ყველაფერი კარგად იქნება, სიყვარული ყველა უბედურებას გაუმკლავდება.
1991 წლის დეკემბერში ჩემი მეუღლე, კასანდრა კიბოთი გარდაიცვალა - მისთვის 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი დრო. კასისთვის შეუძლებლის გაკეთებასაც კი ვცდილობდი. ვიმედოვნებდი, რომ სასწაული მოხდებოდა. ერთადერთი, რაც მაშინ მშველოდა, მხატვრობა იყო. ტკივილს მიხშობდა ხატვა.
როდესაც კასანდრა გარდაიცვალა, მეგონა რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მინდა, რომ ამ ფილმმა ადამიანებს იმედი მისცეს.
- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავი სხვადასხვა კინოჟანრში მოსინჯეთ: ითამაშეთ დრამაში, კომედიაში, თუმცა, თქვენი სავიზიტო ბარათი მაინც ჯეიმს ბონდია - გენატრებათ ის?
- გამოგიტყდებით, თავიდან ძალიან მენატრებოდა და წარმოდგენა არ მქონდა, მის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი. მე წილად მხვდა 4 კომერციულად წარმატებულ ბონდიანაში თამაში და ამ დროის განმავლობაში ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მზად ვიყავი, მეხუთე ფილმშიც მეთამაშა, როდესაც სტუდიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მომსახურება აღარ სჭირდებოდათ. ეს ნამდვილი შოკი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში მონაწილეობის დაწყების დღიდან ვიცოდი, რომ ოდესღაც მასთან დამშვიდობება მომიწევდა.
დიდებულ შონ კონერს, ჩემს კერპსა და საუკეთესო ბონდს, რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ საბოლოოდ ჩამოშორებოდა ამ სუპერაგენტს. შონმა შემდეგ აღიარა, რომ ეს პროცესი მტკივნეულ ქირურგიულ ოპერაციას ჰგავდა, რომელიც სიამის ტყუპებს აცალკევებს.
მე თავიდანვე მოვემზადე ამისთვის. ვიცოდი, რომ ცხოვრების ბოლომდე ბონდის როლს ვერ შევასრულებდი და სტუდიასთან კონტრაქტიც მხოლოდ 4 ფილმზე მქონდა. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა მაინც დამამწუხრა. ახლა ვნება ცოტა ჩაცხრა. ახალი 007 დენიელ კრეიგის შესრულებით ძალიან მომწონს. კრეიგი ნამდვილად ნიჭიერი მსახიობია.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს ახლობლებს, როდესაც ექს-ბონდმა მუზიკლ "მამა მია!"-ში უეცრად სიმღერა დაიწყო.
- ეს ნამდვილი კოშმარი იყო! დამიჯერეთ, ჩემი თავის მეც კი გამიკვირდა, როდესაც ამ როლზე დავთანხმდი. ერთადერთი რამ მაიმედებს, რომ ჩემი პარტნიორი თავად მერილ სტრიპი იყო! ABBA-ს სიმღერების რეპეტიციებზე, სახლში, საკუთარი ხმა ჩავწერე და ვუსმენდი. ამაზე უარესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომისმენია.
საკუთარი ხმა და ინტონაციები გულისამრევად მომეჩვენა. ათასჯერ ვინანე, რომ ამაზე დავთანხმდი. შემდეგ ჩემი ვოკალური მონაცემები ჩემმა შვილებმა მოისმინეს და მათ სახეზე ამოვიკითხე - "მამა ნამდვილად გაგიჟდა".
მსახიობებს ვოკალის მასწავლებლები გვამეცადინებდნენ, თუმცა ეს ნაკლებად დამეხმარა. ჩემი სიმღერით ოჯახის წევრებს ვთრგუნავდი. ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც ავმღერდი, ხოლო გადასაღები მოედანი ახლაც სიამოვნებით მახსენდება: თითქოს ისევ ახალგაზრდა ვიყავი, მთელი ცხოვრება წინ მქონდა და სული მღეროდა.
მერილ სტრიპიც გამოტყდა, რომ რაღაც მსგავსი მანაც იგრძნო.
- 8 წლის წინ თქვენ გახდით აშშ-ის მოქალაქე და ამასთან, ირლანდიის მოქალაქეობაც შეინარჩუნეთ. ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ მალიბუში თქვენი აპარტამენტები გაყიდეთ - გადასვლას აპირებთ ?
- დიახ, ნამდვილად გავყიდეთ ის ძველი სახლი, რომელიც 90-იან წლებში შევიძინეთ. მალიბუში სხვა უძრავი ქონებაც გვაქვს და ამ ადგილის დატოვებას არ ვაპირებთ. აქ ყველაფერი გვაწყობს. როდესაც გარემოს შეცვლა გვინდა, მთელი ოჯახით ვსტუმრობთ ჰავაის. იქ რამდენიმე წლის წინ ერთი მყუდრო სახლი შევიძინე. ბავშვებთან ერთად ვცურავ, ვვარჯიშობ, ვსვამ და ვხატავ. თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, სულით მაინც ირლანდიელი ვარ. იქ ჩემი ფესვებია, ჩემი რელიგია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი ხასიათი, დაიბადა ჩემი ოცნება, იქ დარჩა ყველაფერი, რაც დღემდე ძალას მმატებს.
- თქვენ ხუთი შვილი გყავთ, რომელთაგან სამი უკვე დიდია. როგორია მრავალშვილიანი მამობა თქვენი პროფესიის ადამიანისთვის?
- ვცდილობ მათთვის მეგობარი ვიყო, რომ ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჩემთან და კილისთან მოდიოდნენ და დარწმუნდნენ, რომ მშობლებისთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის. ღმერთმა ისეთი ცოლი გამომიგზავნა, რომელიც ჩემს უფროს შვილებსაც ისე უყურებს, როგორც საკუთარს. არ ვთვლი, რომ სამაგალითო მამა ვარ, ვინაიდან დრო არ მყოფნიდა: უნდა მემუშავა, რომ ოჯახი მერჩინა. უფროსები - კრისი, შარლტა დ აშონი გამუდმებულ ყურადღებას ითხოვდნენ. იყო ყველაფერი: პრობლემა ნარკოტიკებთან, ავადმყოფობები, ავარიები, ციხეც კი. ზოგჯერ სასოწარკვეთა მეწყებოდა, მაგრამ კილი მეხმარებოდა. ახლა ეს სამეული მართლაც ზრდასრული ადამიანები არიან. შარლოტას შვილი ჰყავს, ჩემი საყვარელი შვილიშვილი. მაგრამ დღესაც კი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. სამივე მათგანი კინოინდუსტრიაშია ჩართული. მე და კილი დღემდე ვმონაწილეობთ მათ ცხოვრებაში.
- თქვენს უმცროს შვილებსაც მსახიობობა ხომ არ სურთ?
- თუ ისინი ამ პროფესიას აირჩევენ, არ ვიქნები წინააღმდეგი და აუცილებლად დავეხმარები. დილანს უკვე აქვს კინოში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, ჩემს ვაჟს კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს: უკრავს გიტარაზე, წერს სიმღერებს. დილანსა და პერისს ხატვის და პოეზიის მიმართ ჩემი სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცათ: ლექსებს წერენ. რა გამოვა მათგან საბოლოოდ, არ ვიცი.
ახლა მათთან იმაზე ვსაუბრობ, თუ როგორი აუცილებელია სწავლა. რომ უნდა იყვნენ თავაზიანები და ასე შემდეგ. ზოგჯერ ეს მჭერმეტყველება იმდენად მართობს, რომ იღლებიან. მე კი ვფიქრობ ჩემს თავზე : მე მხოლოდ 59 წლის ვარ, ადრეა ჯერ მორალის სწავლებისთვის. (იცინის)
- პირს, გადასაღებ მოედანზე ალბათ არაერთხელ შეყვარებიხართ პარტნიორს და არ დაუმალავთ გრძნობები...
- ასეთი რამ მართლაც მოხდა რამდენჯერმე, თუმცა სახელებს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. მივხვდი: ქალებს ამ დროს ვერ გააგებინებ, რომ მათი რჩეული აბეზარი, დესპოტი და მონოგამი ადამიანია. სჯობს ქალბატონებს ყურადღება სხვა მამაკაცზე გადაატანინო. უნდა დაუმტკიცო, რომ სხვა მამაკაცი უფროა მისი ღირსი. ზოგჯერ ეს მოქმედებს.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.