კვენტინ ტარანტინო, ბენ აფლეკი, ტომ ჰუპერი, ენგ ლი, დევიდ ო’რასელი და გას ვან სენტი, როგორც წლის საუკეთესო რეჟისორები გავლენიანი ჟურნალის Hollywood Reporter-ის მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბნენ. გამოცემის რედაქციის აზრით, ამ რეჟისორებს აქვთ შანსი, მომავალი წელს "ოსკარის" მფლობელები გახდნენ.
კინორეჟისორებმა და მომავალმა კონკურენტებმა ჟურნალთან საკუთარ ფილმებზე, მსახიობებთან მუშაობასა და რეჟისორთა დღევანდელ ყოფაზე ისაუბრეს.
სიმბოლურია, რომ 1997 წელს დამოუკიდებელმა რეჟისორმა, გას ვან სენტმა, მაშინ ბევრისთვის უცნობი ბენ აფლეკი საკუთარ ფილმში გადაიღო, ახლა კი ორივე რეჟისორია.
თავად ბენ აფლეკიმა, შესაძლოა, "ოსკარი" ფილმისთვის "ოპერაცია არგო" მიიღოს. ფილმი ამერიკელი დიპლომატების გათავისუფლების შესახებ მოგვითხრობს.
ლეგენდარული კვენტინ ტარანტინო სიაში ახალი ფილმით - "გათავისუფლებული ჯანგო" მოხვდა. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო და ჯეიმი ფოქსი ასრულებენ.
Hollywood Reporter-ის აზრით, "ოსკარის მფლობელი" შესაძლოა, ენგ ლიც გახდეს. მისი ფილმი "პის ცხოვრება" ინდოელ მოზარდზე მოგვითხრობს.
სიაში ტომ ჰუპერიც მოხვდა, რომელმაც ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანის "განდევნილების" ეკრანიზაცია შემოგვთავაზა. მთავარ როლებს ამ ფილმში ენ ჰეთევეი, ჰიუ ჯეკმანი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ.
სურათი "ჩემი შეყვარებული შეშლილია" ახალგაზრდა სოციოპათზე მოგვითხრობს, რომლის როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. "ოსკარი" მისთვის, შესაძლოა, რეჟისორმა დევიდ ო’რასელმა მოიპოვოს.
გამოცემასთან საუბრის დროს რეჟისორებმა მუშაობის პროცესის სირთულეებზე გაამახვილეს ყურადღება.
ტომ ჰუპერი:
"პირველი ფილმი 14 წლის ასაკში გადავიღე. ამ საქმეში ჩემი ძმა მეხმარებოდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის ყველაზე რთული. ჩემს ძმას შესანიშნავად ესმოდა, რომ ფირი შეზღუდულია და შეცდომების დაშვება არ შეიძლება... მაგრამ ბავშვები ბავშვები არიან და როგორც კი მიხვდა, რამხელა "ძალაუფლება" ჰქონდა, ძმამ უბრალოდ მომწამლა რეჟისურით."
გას ვან სენრმა აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე "სისხლით ნათესაობის" წინააღმდეგია:
"ცუდი გამოცდილება მივიღე. 14 წლის ვიყავი, როდესაც ფილმს დასთან ერთად ვიღებდი. მალევე მივხვდი, რომ არც ძმები და არც დები გადასაღებ მოედანზე შენი დამხმარეები არ არიან, ვინაიდან არ იზიარებენ შენს იდეას, არ უნდათ შენი ჩანაფიქრის ხორცშესხმა."
ტარანტინომ კოლეგა ბენ აფლეკს შეახსენა, რომ კარიერის დასაწყისში ბენმა ფილმში საკუთარი ძმა გადაიღო, რაზეც აფლეკმა შემდეგი პასუხი გასცა:
"ჩემი ძმა გადასაღებ მოედანზე მართლაც საშინლად იქცეოდა: ზოგჯერ დიალოგის გადაღებისას საკუთარ კომენტარებს აკეთებდა, მაგალითად ამბობდა: "ეს ხომ სრული სისულელეა!". მაგრამ ფილმში იმიტომ გადავიღე, რომ მიმზიდველი მსახიობია. "
აფლეკმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე რთული თანამშრომლის დათხოვნაა.
"არგოს" გადაღებების დროს რამდენიმე ადამიანი გავათავისუფლე. ეს ყველაზე რთულია ჩემთვის ამ პროფესიაში. ძირითადად იმიტომ, რომ მე, როგორც მსახობმა ვიცი, რამდენად არასასიამოვნოა ეს ფაქტი."
კვენტინ ტარანტინო გადაღებებს ასე იხსენებს:
"მსახიობთან, კამერებთან, გადასაღებ მოედანთან ურთერთობა მთლიანობაში ჩემთვის ყველაზე იოლია. აი პოსტპროდაქშენი - ეს სულ სხვა საქმეა."
დევიდ ო’რასელმა მომავალ კონკურენტებს და კოლეგებს თავისი შიში გაუზიარა:
"ყოველთვის მეშინოდა ერთი რამის - რომ საკუთარ გზას დავკარგავ. მქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც თითოეულ პროექტზე ზედმეტად დიდხანს ვფიქრობდი. საბოლოოდ ვხვდებოდი, რომ არცერთი პროექტი არ შემეფერებოდა. მაშინ მართლაც შემეშინდა იმის, რომ სრულყოფილებას ვერასდროს მივაღწევდი."
კვენტინ ტარანტინომ კოლეგები გააოცა. რეჟისორმა განაცხადა, რომ მალე მისი კარიერა შესაძლოა დასრულდეს:
"არასდროს ვგეგმავდი ფილმების გადაღებას ღრმა სიბერემდე. სავარაუდოდ, როდესაც კინოს "დავამთავრებ", მწერალი გავხდები."
მომზადებულია Hollywood Reporter-ის მიხედვით.