წინასწარ ვიცით, რომ ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება რუსულმა მხარემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ართქმაც არ შეიძლება, რადგან აგვისტოს ომის ამ ერთმა ეპიზოდმა, სავარაუდოდ, კრემლს საბაბი მისცა, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გაემართლებინა და მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა, თუ როგორ დაესხნენ თავს ქართველები რუსულ სამშვიდობო ძალებს.
"კვირის პალიტრა" რამდენიმე თვითმხილველს ესაუბრა. თუმცა შესაძლოა, მომხდარის მომსწრე იყოს ასზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მაშინ ცხინვალისკენ მიიწევდნენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
8 აგვისტოს, დილის ექვსის ნახევარზე, საარტილერიო მომზადების შემდეგ ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ ქართული არმიისა და პოლიციის რამდენიმე დანაყოფი და მძიმე ჯავშანტექნიკა დაიძრა.
თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც ორ ასეულამდე მებრძოლს აერთიანებდა, ზემო ნიქოზიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გავიდა, რათა ცხინვალის ქუჩებში დასავლეთიდან შესულიყო.
კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი დანაყოფები ფეხით გადაადგილდებოდნენ და სოფლიდან რვაასიოდე მეტრის გავლის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების ზედა ქალაქს მიუახლოვდნენ.
ჯერ კიდევ ზემო ნიქოზში, ოპერაციის დაწყების წინ მათ, ისევე, როგორც სხვა მებრძოლებმა, მიიღეს მკაცრი გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში პირველებს ცეცხლი არ გაეხსნათ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" მიმართულებით, რათა რუსებს ბრძოლის დასაწყებად საბაბი არ მისცემოდთ.
ამ ბრძანების თანახმად, დანაყოფებმა რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ქალაქს (რომელიც მავთულხლართით შემოღობილ 300მX120მ ფართობზე განლაგებულ რამდენიმე შენობას აერთიანებდა) მარცხნიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით შემოუარეს.
ამ დროს ცხინვალიდან სროლის ხმა უკვე ისმოდა, მაგრამ სამხედრო ქალაქში მყოფი რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" მშვიდად იყვნენ. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე შენობის სახურავზე განლაგებულ საცეცხლე წერტილებში იდგა და თვალს ადევნებდა მათი გვერდის ავლით 200-მდე ქართველი მებრძოლის გადაადგილებას.
დანაყოფების მებრძოლებმა ჩათვალეს, რომ მშვიდობიანად აუარეს გვერდი რუსულ სამხედრო ქალაქს და უკვე ცხინვალისკენ აპირებდნენ დაშვებას, რომ შეამჩნიეს - მათ ორი შავი "ჯიპი" (ოღონდ არა სამხედრო პიკაპები") წამოეწია. ქართველმა მებრძოლებმა იფიქრეს, რომ ეს რომელიმე მინისტრის ან მაღალჩინოსანი სამხედროს მანქანები იყო, რადგან ასეთი ძვირად ღირებული "ჯიპებით" მაშინ (და ახლაც) მხოლოდ მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ და მეთაურობასთან შესახვედრად მოემზადნენ, მაგრამ ორივე მანქანამ მოულოდნელად მოუხვია და ქართულ დანაყოფსა და რუსულ სამხედრო ქალაქს შორის, რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" პოზიციებიდან ჩრდილოეთის მხარეს, დაახლოებით 150-200 მ-ის მოშორებით გაჩერდა. მეწინავე "ჯიპიდან" სწრაფად გადმოვიდა ორი შავფორმიანი მამაკაცი, რომლებმაც, როგორც პროფესიონალებს შეჰფერის, ცალ მუხლზე ჩაიჩოქეს და რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" სამხედრო ქალაქისკენ РПГ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან ორჯერ გაისროლეს. მერე მანქანებში ჩასხდნენ და ორივე "ჯიპმა" დიდი სიჩქარით დატოვა იქაურობა.
სახტად დარჩენილმა მებრძოლებმა ვერც დაინახეს, სად აფეთქდა ეს რეაქტიული ჭურვები, მაგრამ მცირედი დაყოვნების შემდეგ სამხედრო ქალაქის ერთ-ერთი შენობის სახურავიდან რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა" ტყვიამფრქვევებიდან საპასუხო ინტენსიური ცეცხლი გახსნეს(!).