პროკურატურა ძებნილის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის განცხადებას შეისწავლის, - ამის შესახებ დღეს იუსტიციის სამინისტროში, მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება, ძებნილის სტატუსთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნება. თუმცა, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში, მაგრამ თუ მას გააჩნია ძებნილის სტატუსი, მოხდება მისი საზღვარზე დაკავება, როგორც ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში იგორ გიორგაძეს ექნება ყველა შესაძლებლობა, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მას ამისი სამართლებრივი საშუალებები მიეცემა. ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ პროკურატურამ იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებაც მიიღოს.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ დღეს ტელეხიდით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სურს ძებნილის სტატუსის მოხსნა, რისთვისაც პროკურატურას მიმართა.