უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი საკმაოდ კვალიციფიური ომბუდსმენი იქნება.
"საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ღირსეული კანდიდატები იყვნენ. პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიციფიური სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა უჩა ნანუაშვილს დახურულ ფორმატში დღეს შეხვდა. მან შეხვედრაზე დეპუტატებს საკუთარი ხედვა და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში საკუთარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
დღესვე უმრავლესობამ ომბუდსმენობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ გურჩიანს მოუსმინა.
ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება. ესენი არიან: თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნიკა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.
პარლამენტმა ომბუდსმენი 13 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.