კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ჩანაწერის კონსტიტუციიდან ამოღების ინიციატივას დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი კონსტიტუციის საგანი საერთოდ არ არის.
ამასთან, დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში საკითხი უმცირესობის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი.
"პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დადებითად ვაფასებ, რადგან პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით უხერხულობა შეიქმნა. სხვა ვითარება იყო, როცა კონსტიტუციაში აღნიშნულ ცვლილებას იღებდნენ. მაშინ გათვალისწინებული იყო, რომ პარლამენტი და მთავრობა პრეზიდენტთან ერთად, ერთიან გუნდს წარმოადგენდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ახლა უმრავლესობას აქვს უფლება, პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი დააყენოს. ვფიქრობ, პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი დროულია, მაგრამ უფრო კარგი იქნება, თუკი ამის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდებოდა. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ხალხის აზრი დადებითი იქნება და უმცირესობა, რომელიც წარმოდგენილ ინიციატივას დღეს მხარს არ უჭერს, ხალხის აზრს გაითვალისწინებდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი კონსტიტუციის საგანი არ არის და სრულიად საკმარისია, მისი პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრა. როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, კონტიტუციაში აუცილებლად უნდა ეწეროს, ქვეყნის დედაქალაქი, ხოლო რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელს, მასთან დაკავშირებული ნორმა კონსტიტუციებში იშვიათად იდება.
პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული. პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან 48/1 მუხლი ამოდის, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული. ამავე მუხლის გათვალისწინებით, მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაა დასაშვები პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებითი შეცვლა.
პროექტის თანახმად კონსტიტუციაში აღარ ეწერება, სად არის პარლამენტის ადგილსამყოფელი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას უმრავლესობა პარლამენტის რეგლამენტის მეშვეობით აპირებს.
საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტში დეპუტატების სახელით შედის და მას, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 80-მდე პარლამენტარი აწერს ხელს.
პარლამენტის წევრთა მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი - სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. ამის შემდეგ კონსტიტუციური პროექტი პარლამენტს წარედგინება, რომელიც მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის აქვეყნებს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ იწყება.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი დაუჭერს.