მაკა ცინცაძე - მე და ჩემს მეუღლეს მუდმივად გვენატრება ერთმანეთი და სულ ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდით

მაკა ცინცაძე - მე და ჩემს მეუღლეს მუდმივად გვენატრება ერთმანეთი და სულ ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდით

მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროდან " ახალ ამბებს გვამცნობს, წლისა და ოთხი თვის კესოს დედაა. ბავშვი, სამსახური ოჯახი, ყველაფერი ერთად ცოტა დროს არ მოითხოვს, მაგრამ მაკა ახერხებს იმას, რომ დრო სწორად გაანაწილოს და უყურადღებოდ არავინ დატოვოს. სულ ახლახან გამოცდაზე პირველივე გასვლით მართვის მოწმობაც აიღო და მანქანას ისე მართავს, რომ მეუღლის შექებასაც იმსახურებს.

შვილთან ერთად გატარებული დილა

- იქიდან გამომდინარე, რომ მყავს წლისა და ოთხი თვის კესო, ჩემი დილა დაახლოებით ათ საათზე კესოზე ზრუნვით იწყება. ჭამის შემდეგ კესო აუცილებლად მიდის სასეირნოდ, ხან მე მიმყავს, ხან ბაბუს - ვისაც სცალია, ის ზრუნავს ამ საკითხზე. მართალია, ბავშვის გაზრდაში ბებიები აქტიურად არიან ჩაბმულნი და მეხმარებიან, მაგრამ შაბათ-კვირასა და დღის პირველ ნახევარს, სამსახურში წასვლამდე, მთლიანად კესოსთან ვატარებ. პატარა უკვე ცდილობს ლაპარაკს, ბევრს დარბის, საკმაოდ აქტიურია, შესაბამისად, დიდი ენერგიაც მიაქვს, ანუ მასთან ურთიერთობა ენერგიის სასიამოვნო ხარჯვას უკავშირდება (იღიმება). როდესაც ტელევიზორში ჩემი ანონსი გადის და კესო უყურებს, მცნობს და მეძახის, დადა, დადაო, ისედაც მეუბნებიან ხოლმე, როდესაც ეკრანზე გხედავს, ყოველთვის გეძახისო. ამ ბოლო დროს გამოტირებაც დაიწყო, ამიტომ ვცდილობ, სახლიდან ისე გავიდე, არ დამინახოს, გასვლისას ბავშვის ტირილი რომ გესმის, განწყობაზე მოქმედებს და ბევრ ცუდ ემოციას იწვევს.

რაც შეეხება დილის რიტუალს, ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი მახასიათებს, უბრალოდ, ყავის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუ ყავა არ დავლიე, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში უმოქმედო ვარ. ხშირ შემთხვევაში ყავას მაშინ ვსვამ, როცა კესო იძინებს, ამ დროს მაქსიმუმ ერთი საათით ვიცლი საკუთარი თავისთვის და თავს უფლებას ვაძლევ ყავა მშვიდად დავლიო, თან დედას ვესაუბრო სხვადასხვა თემაზე.

თავის მოვლა და შოპინგი

- მაკიაჟსა და თმას სამსახურში ვიკეთებ, ამიტომ სახლიდან გასვლის წინ დიდხანს არ ვემზადები, მთავარია გაბურძგნილი არ გავიდე შინიდან, ძირითად პროცედურებს ტელევიზიაში ვიკეთებ. შოპინგისთვის იშვიათად ვიცლი, ამ საქმეს უფრო შაბათ-კვირის დღის პირველ ნახევარს ვუთმობ ხოლმე. შოპინგოთერაპია მართლა დიდი თერაპიაა ჩემთვის და არა დამთრგუნველი პროცედურა, მაგრამ ამ ეტაპზე იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ამ პროცესს დიდი დრო დავუთმო, ამიტომ ვცდილობ, სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება და შევიძინო სასურველი ნივთი.

მაკა - დიასახლისი

- მოგატყუებ, რომ გითხრათ, ტორტების გამოცხობას ვასწრებ-მეთქი, თუმცა იყო დრო, ამასაც ვაკეთებდი. არ მივეკუთვნები გოგონების იმ კატეგორიას, რომელთაც სამზარეულოში არაფრის კეთება კარგ ტონად მიაჩნიათ. ბევრი რამის გაკეთება ვიცი, როგორი გამომდის, ეს სხვა თემაა, თუმცა მეუღლე უკმაყოფილო ნამდვილად არ მრჩება. ახლა გაგიმხელთ ტირამისუს რეცეპტს, რომელსაც ხშირად ვამზადებ. ტირამისუს ხშირად ფრანგებს მიაწერენ, თუმცა თუ სწორად მახსოვს, იტალიური, მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი დესერტია. ამისთვის საჭიროა მოგრძო ფორმის ორცხობილა, შაქარი, ყავა, კაკაო, ნაღები, კვერცხი, ღვინო მარსალა, რომლის ნაცვლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვისკი, რომი ან კონიაკი და ნაღების ყველი მასკარპონე. ერთი ულუფის მოსამზადებლად ყავა გახსენით 250 გრ მდუღარე წყალში, გააგრილეთ და გაგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი 100 გრ შაქართან ერთად. შემდეგ კვერცხის გულები ათქვიფეთ 100 გრ შაქართან ერთად გათეთრებამდე და დაუმატეთ მასკარპონე. კვერცხის ცილა კი ცალკე ათქვიფეთ და შეურიეთ ყველიან მასას. ორცხობილა დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, შემდეგ ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი. რამდენიმე საათით მოათავსეთ მაცივარში, სუფრაზე მიტანამდე საცერით მოაყარეთ კაკაო. შეეცადეთ მოამზადოთ ნაყინის ჭიქებში, რომ გადმოღებისას ფორმა არ დაკარგოს, მით უფრო, თუ სტუმრებისთვის გინდათ.

ტელევიზია

- ვისაც "ნიუსრუმში" ერთხელ მაინც შეუხედავს, კარგად ეცოდინება, როგორი ქაოსია იქ, უამრავი ხალხი ირევა, ისმის უამრავი ამბავი, მიდის მსჯელობა, რა უნდა გავიდეს პირველ-მეორე სიუჟეტად და. ა.შ. არის ფურცლების ფრიალი, რეკვა და. ა.შ. მოკლედ, დიდი შრომა იდება დღის მნიშვნელოვანი "ნიუსების" მომზადებაში, რათა დაასწრო სხვას, განიხილო სხვა ჭრილში და სხვა რაკურსით, რომ მაყურებელს ესა თუ ის საკითხი საინტერესოდ მიაწოდო. ბუნებრივია, ძალიან დატვირთული ვარ, ხშირ შემთხვევაში ზარებსაც ვერ ვპასუხობ, რაზეც ოჯახის წევრები თუ ახლობელ-მეგობრები მსაყვედურობენ. ვინაიდან სამსახურს გვიან ვამთავრებ, დრო იმისთვისაც არ მრჩება, რომ სამუშაოს შემდეგ ვინმეს გავუარო და მოვინახულო, ხან ისე გადის რამდენიმე კვირა, მეგობრებს ვერ ვნახულობ, ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს, მერე კი მე ვცდილობ, შაბათ-კვირას ბავშვთან ერთად დავალაგო ურთიერთობა მეგობრებთან, მოვინახულო და არავინ დავტოვო ნაწყენი (იღიმება).

ღელვა ეთერის წინ

- სულ მიკვირს, როცა ამბობენ, არ ვღელავ ეთერში გასვლის წინო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, თითოეული გამოშვების წინ ვღელავ და ჩემი გული გაცილებით სწრაფად ძგერს, ვერ გადავლახე ეს მომენტი. მოგეხსენებათ, ღია ეთერი სიურპრიზებითაა სავსე, შეიძლება სუფლიორი გაჩერდეს, კადრი არ დაჯდეს ზუსტად, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ისე გამოვიდე სიტუაციიდან, რომ ეს მაყურებლისთვის შესამჩნევი არ გახდეს, რამდენად გამომდის, არ ვიცი, თუმცა ის უდავოა, რომ მაყურებელი ძალიან კრიტიკულია, რაც, ერთი მხრივ კარგია, ზრდაში გეხმარება, უფრო მარტივად ხედავ შეცდომებს და ცდილობ, გახდე უკეთესი.

ამბავი, რომლის გამოცხადებაც ძალიან გაუჭირდა

- ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი, როცა ეროსი კიწმარიშვილი შემოიჭრა ტელევიზიაში და "მაესტროს" ნუცუბიძის ოფისიდან წამოსვლა მოუხდა, ვიყავით გაუგებრობაში და გადავიტანეთ უმძიმესი პერიოდი. ვინც მაშინ ნახა, რა პირობებში გვიწევდა მუშაობა, გაოცებული დარჩა. მართლა ძალიან მიჭირდა მომხდარის გაანალიზება. გვქონდა კონკრეტული ფაქტები, მიზეზები, რასაც ვაჩვენებდით სამართალდამცველებს, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდნენ. გარდა ამისა, ყოველთვის მიჭირს იმ ამბის გამოცხადება, რაც პატარა ბავშვს ეხება. ამ შემთხვევაში გამოვყოფ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ბარბარე რაფალიანცის ტრაგიკულ ამბავს. ასევე ძალიან რთული იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ყურება, გაშიფვრა და შემდეგ გაშუქება, სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება გადმოვცე ის ემოცია, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი. მართლა არ მეგონა, თუ პატიმრების საქმის შემდეგ რამე ასე ძლიერ იმოქმედებდა და დამთრგუნავდა, როგორც ეს პატარა ბარბარეს ამბავმა მოახერხა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ.

ახალბედა მძღოლი

- ახლხან ავიღე მართვის მოწმობა, სხვათა შორის, გამოცდაზე პირველივე გასვლით (იღიმება). რაც შეეხება იმას, თუ როგორი მძღოლი ვარ, გეტყვით, რომ ჩემი მეუღლე მაქებს და რა ვიცი... თუმცა ეტყობა, მაინც ღელავს და მირეკავს ხოლმე, თუ მიხვედი, როგორ იმგზავრეო, მეკითხება. ჯერჯერობით პატრულთან არანაირი შეხება არ მქონია, წესების სრული დაცვით ვმოძრაობ.

მეუღლესთან ურთიერთობა

- ერთმანეთს გვიან ღამით ვხვდებით. ის იმ დროს გადის სახლიდან, როცა მე მძინავს, მე კი სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ღამით ვხვდებით. ეს იმ მხრივაა კარგი, რომ კონფლიქტისა და ჩხუბისთვის დრო არ გვრჩება, ისედაც უკონფლიქტოები ვართ, მაგრამ მაინც... ამასთან, მუდმივად გვენატრება ერთმანეთი და სულ ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, დასვენების დღეები ერთად გავატაროთ. რაც შეეხება სამსახურებრივი თემების ოჯახში განხილვას, ეს ჩვენთან არ ხდება, სახლშიც რომ კიდევ პოლიტიკაზე მელაპარაკოს, ალბათ არ მესიამოვნება, შინ მოსულს უფრო სხვა რამ გჭირდება, ვიდრე პოლიტიკასა და სამსახურის თემებზე საუბარი.

პოპულარობა...

- არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ამბობენ, დამღალა პოპულარობამო. იმაზე კარგი შეგრძნება რა არის, როცა ადამიანი მოდის, გეფერება, კომპლიმენტს გეუბნება და სითბოს გამოხატავს შენ მიმართ?! მაშინაც კი, როცა ცუდ განწყობაზე ხარ, გამოუძინებელი, ცუდად გამოიყურები, ამ დროს კი სრულიად უცნობი ადამიანი გეუბნება, შენ ის არ ხარ, ახალი ამბები რომ მიგყავს?! ძალიან მიყვარხარო - ყველაფერი გავიწყდება, როგორ შეიძლება ამან დადებითად არ იმოქმედოს შენს ხასიათსა და განწყობაზე.

ძილის წინ

- საერთოდ, სახლში რომ მივდივარ, იმ გადაცემებს ან იმ "ნიუსებს" ვუყურებ, რომელიც არ მინახავს. შეიძლება ითქვას, რომ შინ დაბრუნებულიც ვაგრძელებ მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ ვცდილობ, ვნახო ყველაფერი, რათა რაიმე არ გამომეპაროს. ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ვკითხულობ პრესას, ეს ჩემი საქმეა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი სწორედ პრესიდან გამიგია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დღე იწყება პრესით. დაძინებამდე კი ხან წიგნს ვკითხულობ, ხან კი ტელევიზორს ვუყურებ და მერე ვიძინებ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები