გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, რომელმაც 2011 წელს პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიას სთხოვა, დღეს მამის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს. მკვლელობის დეტალებზე ქალბატონი რუსუდანი ჟენევიდან გვესაუბრა, სადაც სწავლითა და ქართულ არქივებზე მუშაობითაა დაკავებული. როდესაც საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებაზე ვკითხე, აი, რა მიპასუხა: "მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა, ჯერჯერობით საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ჩემს ოჯახს, გამოძიებას დასჭირდება, ნებისმიერ დროს ჩამოვალ".
- დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იქნებ მოგვიყვეთ, რა ინფორმაცია მოიპოვეთ მკვლელობასთან დაკავშირებით...
- დასტურდება, რასაც ამ ხუთი წლის განმავლობაში ვამბობდი. მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე მკვლელობამდე ხორციელდებოდა ზეწოლა. მან თქვა, რომ რამდენიმე საათით ადრე, მაშინ, როდესაც გურამ შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე, აიყვანეს თბილისის ზღვაზე, სადაც აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღო ამ სიბინძურეში, ხელში დააჭერინეს იარაღი და გაასროლინეს, რათა ანაბეჭდები მტკიცებულებად დარჩენილიყო. მკვლელობის შემდეგ ის მიიყვანეს ვერაზე, ჩემი აზრით, შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე და აიძულეს, გაევლო ის გზა, რაც 15 წუთის წინ სირბილით განვლო ნამდვილმა მკვლელმა, რომელიც ამ დროს უკვე სამშვიდობოს იყო გასული. "ალდაგის" ფირზე, საქმის მასალებზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, იკვეთება შემდეგი სურათი: მამაჩემი ყოველ კვირა დღეს საჯარო ბიბლიოთეკიდან მოდიოდა ფეხით, ქაშუეთთან კვეთდა ქუჩას მიწისქვეშა გადასასვლელით და მოუყვებოდა მელიქიშვილის გამზირს ჭავჭავაძემდე. მისი ეს მარშრუტი ცნობილი იყო მკვლელებისათვის. მოგეხსენებათ, ეს საზარელი ქმედება ჩადენილია კამერების წინ. ფირზე ჩანს, რომ მამაჩემს უკან მოჰყვება ბარათელზე მინიმუმ 15 სმ-ით მაღალი მკვლელი, რომელიც ახდენს პირველ და სასიკვდილო გასროლას, მეორე და მესამე, ანუ საკონტროლო გასროლებს ახდენს მეორე მკვლელი, რომელიც მამას დათქმულ ადგილზე ელოდა. მოწმეთა ჩვენებით მკვლელს, რომელიც მამას უკან მოჰყვებოდა, ეცვა გრძელსახელოიანი პერანგი, მას კი, ვინც საკონტროლო გასროლა მოახდინა - მოკლესახელოიანი პერანგი. როდესაც მკვლელები გასულები არიან სამშვიდობოს, მაშინ გამოჰყავთ ბარათელი შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთიდან და აცხადებენ ეჭვმიტანილად. აღსანიშნავია, რომ ბარათელის დაპატიმრების დროს მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მჯერა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, პატიმარ გიორგი ჩიხლაძის. ის ამბობს, რომ ეს მკვლელობა დათა ახალაიას მიერაა დაგეგმილი, მეტიც, გიორგი ჩიხლაძემ თავის ადვოკატს განუცხადა, წამების დროს დათა ახალაიამ ასეთი რამ მითხრა, მე ხომ იცი, ვინ ვარ? მე ის ვარ, ვინც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და შევასრულე, ისევე გაგასაღებ, როგორც ის გავასაღეო. დათა ახალაიასგან გასაკვირი არაფერია, ამიტომაც მჯერა ამის.
- სასამართლოზე ფირი მტკიცებულებად არ წარადგინეთ?
- ჩვენ არ გადმოგვცეს ფირი. მე რაც ხელთ მაქვს, ის არის "კურიერი პ.ს."-ის მიერ ეთერში გაშვებული სიუჟეტის ასლი, თვითონ ფირი ძალიან დაზიანებული, კადრებამოჭრილი გვაჩვენეს პოლიციის სამმართველოში, არადა, ორიგინალიაო, გვითხრეს. ვფიქრობ, მამაჩემის მკვლელობის თანამონაწილენი აუცილებლად აღმოჩნდებიან სადაზღვევო კომპანია "ალდაგშიც", რადგან კამერები მკვლელების სასარგებლოდ, თავისით არ გადაყენდებოდა და ფირიც თავისით არ დაზიანდებოდა. სასამართლოზე კი დადეს დასკვნა, რომ ეს ფირი გამოძიებისთვის უვარგისია. არადა, სულ ცოტა ეს ფირი იმისთვის მაინცაა საკმარისი, რომ დადასტურდეს - გიორგი ბარათელი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა!
- რაც შეეხება თვითმხილველს, როგორ ვიცი, სრულიად შემთხვევით შეხვდით მას...
- მკვლელობის შემდეგ თვითმხილველები თავად მირეკავდნენ, მპოულობდნენ და მიყვებოდნენ საკუთარი თვალით ნანახის დეტალებს, მაგრამ იმ ტერორსა და რეჟიმში ამ ყველაფრის საჯაროდ წარდგენას აზრი არ ჰქონდა, რადგან არაფერს შეცვლიდნენ. ჩემთვის იმ დროს მთავარი იყო, მცოდნოდა სიმართლე და ეს სიმართლე სხვასაც გაეგო. ახლახან რომ ვიყავი ჩამოსული თბილისში, იმედა დარსალია სიუჟეტს სწორედ მამაჩემის მკვლელობის თემაზე აკეთებდა, მისულები ვიყავით მკვლელობის ადგილას, ვყვებოდით მოწმეთა ჩვენების შესახებ, ამ დროს კი დაბარებულივით გამოჩნდა ის ქალბატონი, რომლის ჩვენების შესახებაც იმ მომენტში ვლაპარაკობდი. რომ დავინახე, კინაღამ ჩავიკეცე... იმ ქალმა კი იქვე, საჯაროდ გააკეთა კომენტარი და რაც იცოდა, მოჰყვა, ეს დაუგეგმავად, ბუნებრივად მოხდა.
- როგორ ფიქრობთ, ბარათელი რატომ შეარჩიეს მკვლელად? რამდენადაც ვიცი, მასთან ბატონ გურამს მაინცდამაინც აქტიური ურთიერთობა არ ჰქონდა...
- მოგეხსენებათ, გიორგი ბარათელი ჩემს ძმასთან მეგობრობდა, მამა ჩვენი მეგობრებიდან ზოგს იცნობდა, ზოგს - არა. მკვლელებმა წინასწარ დაგეგმეს, ამ საქმისთვის საყოფაცხოვრებო მოტივით მკვლელობის იარლიყი მიეკერებინათ, ვითომ ჩემს ძმას 7 წლის წინ მოუვიდა გიორგისთან უთანხმოება და მან მამის მკვლელობით იძია შური, რაც აბსურდია. გურამ შარაძის ცხოვრებაში ვერ მოძებნეს ვერანაირი კომპრომატი, ამიტომ მიზანში ამოიღეს ჩემი ძმა - გიორგი, მიმოიხედეს მის ირგვლივ და ბარათელზე გააკეთეს არჩევანი იმიტომ, რომ მას ვერავინ დაიცავდა, ვერ გამოესარჩლებოდა.
- საქართველოში ჩამოსული რომ იყავით, შეხვდით სოზარ სუბარს და ითხოვდით გიორგი ბარათელთან შეხვედრას. შეძელით მისი მონახულება?
- ბარათელი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. როდესაც პატრიარქთან ვიყავი და ვუამბე დეტალები, მისმა უწმინდესობამ სამჯერ გაიმეორა, ბარათელი უნდა გამოვუშვათო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. სოზარ სუბარი დამპირდა, რომ შემახვედრებდა ბარათელს, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა. რატომ, არ ვიცი, ეს სუბარს უნდა ჰკითხოთ. მესმის ახალი ხელისუფლებისაც, მათ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ, არ მინდა, სულსწრაფობა გამოვიჩინო, ამიტომ დიდად აღარ შემიწუხებია მინისტრი. მთავარი ისაა, რომ გიორგი ბარათელი ცოცხალია. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლება სასტიკად ასაიდუმლოებდა მის ადგილსამყოფელს. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი 2009 წლიდან ითხოვდა საჯარო ინფორმაციის მიწოდებას, თუ სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს ბარათელი. საბედნიეროდ, ამდენი ხნის შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, სოსო მანჯავიძემ და ნინო მიქიაშვილმა შეძლეს მისი ნახვა ციხეში, ის ორთაჭალის "კრიტში" იხდის სასჯელს. მსჯავრდადებული ითხოვს ხელახალ დაკითხვას და საქმის ხელახალ გამოძიებას. მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ შეიტანა მისი მიმართვა პროკურატურაში, შედეგად პროცედურების დაცვით დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და იმედია, სიმართლეც გაირკვევა.
- ქალბატონო რუსუდან, როგორ ფიქრობთ, რა იყო ბატონი გურამის მკვლელობის რეალური მიზეზი?
- ის, რომ გურამ შარაძეს თავისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო არ ჰყავდა მტრები და დაპირისპირებული ხალხი, ტყუილია, ეს სააკაშვილის კარგი ნამუშევარია. ვარდების რევოლუციის შემდეგ მამა ყველა ტელეკომპანიაში აკრძალული და დაბლოკილი იყო, მათ შორის "იმედშიც", სადაც მეც ვმუშაობდი, ოღონდ სხვა განყოფილებაში. იმედია, გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია იტყვიან, ვისი დავალებით ბლოკავდნენ გურამ შარაძეს ამ ტელევიზიაში. აღარაფერს ვამბობ ვითომ ოპოზიციად მოაზრებულ დავით აქუბარდიაზე, მაშინდელ "რუსთავი 2"-სა და "პირველ არხზე". ასე რომ, შეგნებულად მოამზადეს ნიადაგი, თითქოს გურამ შარაძე წავიდა პოლიტიკიდან, რათა ამ შედეგით დაესრულებინათ მამას სიცოცხლე. პარალელურად კი ბინძური ჭორები დაეყარათ, რომ ხალხს სარწმუნოდ მიეღო ოფიციალური ვერსია - მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. მკვლელობის კონკრეტული მიზეზები ალბათ გამოძიების დროს გაირკვევა, ერთ-ერთ მიზეზად კი საგანძურის საკითხს მოვიაზრებთ. ამბობენ, განძი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა დაუბრუნა ჩვენს ქვეყანას, უნდა გაეტანათ საქართველოდან, გურამ შარაძე ამას არ დაუშვებდა, ხელს აუცილებლად შეუშლიდა, მათ კი ეს არ აწყობდათ. გურამ შარაძე მოკლეს იმისთვის, რისთვისაც საქართველოში ყოველთვის კლავდნენ პატრიოტებს.
- ბატონი გურამის მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაცვლილი ნახეს თქვენი ძმა, რაც თვითმკვლელობად იქნა შეფასებული...
- მართალია, გამოძიებამ ამ საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა, მაგრამ ეს აბსურდია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მოეფინება ნათელი, რადგან ეს იყო სახელმწიფო დონეზე ჩადენილი მკვლელობა და აგიხსნით, რატომ. ლაშას ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში თბილისის პოლიციის უფროსმა სოსო ალავიძემ და აწ გარდაცვლილმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ გამართეს პრესკონფერენცია და მთელ ქვეყნას გააგებინეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. რა ეჩქარებოდათ ამის გამოცხადება მაშინ, როცა თვითმკვლელობის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობოდა?! ლაშა საცვლების ამარა გვერდულად იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მეორე ხელი კი იდაყვზე დაბჯენილი, თავში ჰქონდა ერთი ტყვია ნასროლი და იარაღი გადაგდებული იყო საწოლზე. მერე ვითომ ტყვიის გულა დაიკარგა და ვერ იპოვეს, მოიგონეს ათასი ჭორი იმისთვის, რომ ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეულიყო და გამოძიება ნორმალურად არ წარმართულიყო, თუმცა ცნობილმა ექსპერტებმა ეს მკვლელობად შეაფასეს. მამა კინაღამ გადაჰყვა ამ მკვლელობას, მას შვილი მოუკლეს იმიტომ, რომ მორალურად გაენადგურებინათ. ყოველთვის ცდილობდა, სიმართლე დაედგინა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. არც შევარდნაძის ხელისუფლებას, მით უმეტეს სააკაშვილს, არ უნდოდა ლაშას მკვლელობის გამოძიება. იქნებ, ახალი ხელისუფლების დროს გაიხსნას ეს საქმეც.
- როგორც ვიცი, შვეიცარიას სთხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი. რა იყო ამის მიზეზი, ის, რაც თქვენს ოჯახს დაატყდა თავს, თუ კიდევ სხვა, რაც ჩვენ არ ვიცით?
- ღმერთმა მეტი მიზეზი ნუ მომცეს. მე პოლიტიკური თავშესაფარი იქამდე არ მითხოვია, სანამ საბოლოოდ არ გადამეწურა იმედი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უახლოეს წლებში დამთავრდებოდა. მაშინ, როცა სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც სისხლის ბოლო წვეთამდე შეეწინააღმდეგებოდა. ვხედავდი, რომ პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების უმრავლესობა სულგაყიდული იყო და ყველაფერი მიდიოდა იქამდე, რომ ის გახდებოდა პრემიერი და დიდხანს მკვლელების მმართველობიდან თავს ვერ დავიხსნიდით. სწორედ მაშინ ვთხოვე შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფარი. ეს ხდებოდა 2011 წლის იანვარში, სანამ გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და დიდი მადლიერებით უნდა ვთქვა, რომ ერთ თვეში მოთხოვნა დამიკმაყოფილეს.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)