11 წელია, რაც ფოტორეპორტიორია. ამჟამად ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟულ სააგენტოში მუშაობს. ძალიან უყვარს თავის საქმე. უხარია, როდესაც კადრი კარგი გამოდის... ზურა ქურციკიძე იმ ფოტოგრაფებიდან ერთ-ერთი გახლავთ, რომელებიც 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშებად შერაცხეს... ცოტა ხნის წინ, სწორედ იმ ფოტორეპორტიორებმა (ირაკლი გედენიძე, გია აბდალაძე, ზურა ქურციკიძე) საკუთარი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოაწყვეს. გამოფენის ინიციატორი გია აბდალაძე გახლდათ, სადაც მათ ქართული პოლიტიკური რეალობის ამსახველი, საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოკადრები გამოფინეს (ნამუშევრები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 2012 წლის პერიოდს მოიცავდა). ზურას სწორედ ამ საბაბით დავუკავშირდით და თავის საქმიანობაზე ვესაუბრეთ.
- ჩვენი მიზანი იყო, ეს ფოტოები საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვეტანა, რადგანაც არ გვინდა, მსგავსი ფაქტები და მოვლენები ჩვენს ქვეყანაში კვლავ განმეორდეს...
- ცნობილი ფაქტია, რომ ცხელ წერტილში მუშაობა რთულია. მაგალითად, ომის დროს, ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი უიარაღო ჯარისკაცები არიან...
- გეთანხმებით. 2008 წელს, უშუალოდ ფრონტის ხაზზე არ ვყოფილვარ, მაგრამ საკმარისად მომიწია რთულ ვითარებაში მუშაობამ. რთულია, როცა დაჭრილისა და გარდაცვლილის გადაღება გიწევს. ძნელია, როცა შენ თვალწინ ადამიანები იღუპებიან, შენ კი ასეთ დროს უძლური ხარ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, რადგანაც წინა პლანზე სამსახურებრივ მოვალეობას აყენებ, საკუთარ თავში ემოციებს თრგუნავ და აფიქსირებ იმას, რასაც ხედავ. ასეთ დროს გარკვეული წესებიც არსებობს, როგორ უნდა მოიქცე ომში, რა გადაიღო. მაგალითად, ფოტოკორესპონდენტმა ფრონტის ხაზი არ უნდა გადაკვეთოს...
- რა ემოცია გაქვთ, როდესაც თქვენ მიერ გადაღებულ უმძიმეს ფოტოებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ათვალიერებთ?
- აბსოლუტურად ბუნებრივი, რასაც ადამიანში ასეთი სისხლის ღვრა იწვევს. გახსოვთ ალბათ, ის ცნობილი კადრი, გორის დაბომბვის დროს, ქალბატონი შველას რომ ითხოვს. მართალია, "სასწრაფო დახმარების" ბრიგადები იქვე იყვნენ, მაგრამ ადამიანურად მე ის მაწუხებდა, რომ პირადად ვერ ვშველოდი. უბრალოდ ვიდექი და მას იმ მდგომარეობაში ფოტოს ვუღებდი...
- ყველა ფოტოგრაფი სარისკო ადგილებში არ მიდის; რა არის თქვენთვის სტიმული იმისთვის, რომ გადასაღებად ყველგან მიდიხართ?
- ალბათ სამსახურებრივი მოვალეობა და საქმის სიყვარული. ფოტორეპორტიორი ყველაფერს იღებს, - სპორტიდან დაწყებული, ომით დამთავრებული და ყველანაირი კადრი ერთნაირი ენთუზიაზმით უნდა გადაიღოს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომის კადრების გადაღებამ კიდევ მოგვიწიოს... ჩემთვის ასეთივე უსიამოვნო იყო 2007 წლის 7 ნოემბერი და 2011 წლის 26 მაისი... იმედი მაქვს, მსგავს ფაქტებს ქართველები აღარასდროს ვიხილავთ...
- მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ თქვენს კოლეგებთან ერთად, მოღალატეებად შეგრაცხათ და დაგაპატიმრათ...
- ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ... მიუხედავად ყველაფრისა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცილი დამწამა, ბოღმა და შურისძიების გრძნობა არ მამოძრავებს.
- ციხეში როგორ გეპყრობოდნენ?
- ციხის თანამშრომლებს ჩემ მიმართ ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ...
- საერთოდ, სად და როდის დაიწყეთ ფოტორეპორტიორობა და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- ამ სფეროში მუშაობა 2001 წელს, გაზეთ "რეზონანსში" დავიწყე და იმის შემდეგ, ბევრ ადგილობრივ გამოცემასთან ვთანამშრომლობდი. ფოტოების გადაღება ბავშვობიდან მიყვარდა. შემდეგ, ჩავთვალე, რომ ჩემი პროფესიისგან განსხვავებით, - ვეტერინარი გახლავართ, - ფოტოგრაფობა უფრო საინტერესო და პერსპექტიული საქმიანობა იყო. ვერ ვიტყვი, რომ გამოჩენილი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ არსებულ სტანდარტებს მგონი, შევესაბამები.
- დასაწყისში არ გაგიჭირდათ ეს საქმიანობა?
- გამიჭირდა, თავიდან არც ისე ადვილი იყო. ჩემს მაშინდელ ყოველდღიურ შრომას მარცხიც ახლდა. მაგალითად, გაზეთში მუშაობისას ცუდი კადრებიც გამომსვლია... მერე თანდათან გამოცდილება შევიძინე. ვისწავლე, რა უნდა გადამეღო, რა - არა.
- ყველაზე მეტად რისი გადაღება მოგწონთ?
- საერთოდ გადაღება მიყვარს და მთავარი ეს არის. ამოჩემებული არაფერი მაქვს. როცა კარგი კადრი გამოდის, სასიამოვნო და საინტერესოა...
- რა არის მთავარი იმისთვის, რომ ადამიანი თქვენს საქმეში წარმატებული გახდეს?
- პირველ რიგში, საქმისადმი სიყვარული და მონდომება. საერთოდ, ყველა სფეროში ხომ ასეა? ასევე, ნიჭი და სწორი ხედვაა საჭირო. ამასთან, ფოტოგრაფისთვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი კარგი აპარატია! თან, ახალი ტექნიკა იმდენად დახვეწილია, რომ მეტ შესაძლებლობას გაძლევს.
- ადრე, ფოტოფირს გამჟღავნება და დაბეჭდვა სჭირდებოდა. ახლა ეს პროცედურა ციფრული აპარატებისა და კომპიუტერის წყალობით გამარტივებულია...
- კი, მაგრამ ზოგიერთი ფოტოგრაფი, ახალ აპარატთან ერთად, იმ ძველსაც იყენებს, რადგანაც მოსწონს იმ აპარატით მუშაობა და გარკვეული ნოსტალგიაც აქვს. გამოსახულება ფირზე მართლაც სხვანაირია. ბავშვობაში, ჩაბნელებულ სააბაზანოში მეც ვამჟღავნებდი ჩემს ფირებს. მაშინ ეს საქმიანობა არაერთი ადამიანის გატაცება იყო. ახლა კი ფოტოებს კომპიუტერში ვამუშავებთ, ფერებსა და ჩრდილებს ვასწორებთ... როცა ხერხები იცი, რთული არ არის საქმის გაკეთება. ზოგ ფოტოს დამუშავება არც კი სჭირდება ხოლმე.
- ევროპის პრესფოტო სააგენტო - EPA-სთან თანამშრომლობა როდის დაიწყეთ?
- სააგენტოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვხვდი. ჩემი ფოტოები რომ ნახეს, მოეწონათ და ამიყვანეს. მათთან დღემდე ვთანამშრომლობ. სააგენტოსთვის ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობ და ბევრი რამის გადაღების საშუალება მაქვს, რაც ძალიან მომწონს...
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ გიწევთ მუშაობა?
- კარგა ხანია ქვეყნის გარეთ აღარ გავსულვარ, თუმცა ადრე უკრაინაში, რუსეთში, ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში ხშირად დავდიოდი. ძირითადად, იქ მიმდინარე არჩევნების პროცესსა და სპორტში საერთაშორისო მატჩებს ვიღებდი. ჩემი ცხოვრებისეული გეგმები მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული, ვიღებ იმას, რაც გარშემო ხდება და რაც აქტუალურია.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)