ჯოან როულინგმა ჟურნალისტ ენ პეჩეტთან საუბრისას განაცხადა, რომ წიგნის სიუჟეტს ყოველთვის საიდუმლოდ ინახავს.
"ჰარი პოტერი" საიდუმლოდ დაიწერა. ბოლო წუთამდე არავისთვის არ მიმიცია ხელნაწერი. პირველად ეს წიგნი არა ჩემმა მეუღლემ, არამედ გამომცემელმა ნახა. და ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა წიგნი უკვე დასრულებული იყო".
მწერალმა ისიც აღნიშნა, თუ რატომ არ ანდობს თავის იდეებს მეგობრებსა და ახლობლებს. "გაუმხილო ვინმეს იდეა, რომლის მიხედვითაც გინდა დაწერო - იგივეა, რომ ეს იდეა თავშივე მოკლა. ერთხელ გადავწყვიტე ჰარი პოტერის იდეა იმ ადამიანისთვის გამენდო, რომელიც არ არის ჩემი ოჯახის წევრი და დღემდე ძალიან კარგად მახსოვს მისი სახის გამომეტყველება... თითქოს უნდოდა ეთქვა: რა სისულელეებს წერ?
ნებისმიერი იდეა გენიალურად გეჩვენება, სანამ გონებაში გაქვს. იტყვი თუ არა მას ხმამაღლა, ნამდვილ სისულელედ იქცევა!", - ამბობს როულინგი.
ჯოან როულინგი სხვა მწერლების შეცდომებზეც სწავლობს:
"მახსოვს აგატა კრისტის ბიოგრაფიულ წიგნში წავიკითხე, რომ მისი პირველი ქმარი ძალიან კრიტიკულად უდგებოდა მის ჩანაფიქრებს. და მე, როგორც მწერალმა, ზუსტად ვიცი, რატომ დაინგრა ეს ქორწინება!".
როულინგის თქმით, "ჰარი პოტერის" შემდეგ პირველ წიგნზე მუშაობა განსხვავებული იყო:
"როდესაც The Casual Vacancy-ს ვწერდი, ცხოვრებაში პირველად მივეცი მეუღლეს საშუალება, ხელნაწერი ენახა. მომეწონა აზრების და იდეების გაზიარება რომანის წერის დროს. ალბათ, ეს უფრო ხშირად უნდა ვაკეთო. და აგატა კრისტისგან განსხვავებით, ჩემი მეუღლე მე ძალიან გამომადგა".
როულინგის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა ისიც შეიტყვეს, როგორი დამოკიდებულება აქვს ლიტერატორს კრიტიკისადმი.
"ვფიქრობ საკმაოდ ადეკვატურად ვიღებ კრიტიკას. რედაქტორების შესწორებები, დამატებები და ასე შემდეგ.. ყოველ შემთხვევაში, ჩხუბამდე საქმე არასდროს მისულა. ძალიან მიყვარს რედაქტორები - ისინი ხომ ჩემი პირველი მკითხველები არიან", - განაცხადა მწერალმა.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.