ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა კიევში, Kyiv Post-ის ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიის სათაურია:"ქვეყნის მიმავალი ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიას შეინარჩუნებს".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა მისი თანაგუნდელების დაპატიმრებები მთავრობის კუნთების თამაშად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატია შენარჩუნდება.
"უკანასკნელ დღეებში ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას მოუწოდეს, მორიდებოდნენ შერჩევით გამოძიებებს პროდასავლელი სააკაშვილის დათხოვნილი მოკავშირეების წინააღმდეგ. 2004 წლიდან სააკაშვილმა 4,5 მილიონიანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - საქართველო დასავლეთის მედგარ მოკავშირედ და ავტორიტარული ლიდერების ჩვეულ რეგიონში დემოკრატიის იმედად აქცია. დაპატიმრებებმა შექმნა საშიშროება, რომ საქართველო ჩაიძირებოდა უკრაინის მსგავსად, სადაც ევროინტეგრაციისკენ სვლა გაყინულია, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში ჩასვეს", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორს მოჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის ციტატაც, რომელიც კიევის ფორუმზე ჩაწერა.
"ახალი მთავრობა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს. ეს კუნთების თამაში მოკლევადიანია და არ გაჭრის. ხალხი ახალ მთავრობას დაპირებების შესრულებას მოსთხოვს", - მოჰყავს გამოცემას მიხეილ სააკაშვილის ციტატა.
სტატიაში ასევე მოყვანილია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის განცხადება, რომელმაც ივანიშვილის მთავრობას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"არავის სურს, შეექმნას წარმოდგენა, რომ ის რაც ხდება, არის პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ ანგარიშსწორება კანონის უზენაესობის პრინციპის გვერდის ავლით", - განუცხადა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტის დროს", - წერს Wall Street Journal-ი.