წყალშია ჭეშმარიტება? - ანუ შეიძლება თუ არა წყლის ტარიფის შემცირება

წყალშია ჭეშმარიტება? - ანუ შეიძლება თუ არა წყლის ტარიფის შემცირება

წყალი თანამედროვე მსოფლიოში სტრატეგიულ რესურსად არის მიჩნეული და, სპეციალისტთა პროგნოზით, ახლო მომავალში ნავთობზე ძვირი გახდება. ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელ მსოფლიოში ნორმალური ხარისხის სასმელი წყალი არ მიეწოდება ერთ მილიარდზე მეტ ადამიანს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებია ახლო და შუა აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ცენტრალური აზია, აგრეთვე, ჩინეთი. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვითაც კი ოციოდე წელიწადში წყლის დეფიციტი ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეაწუხებს. ამის მიუხედავად, სპეციალისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ წყლის ტარიფი საქართველოში, კერძოდ კი, მის დედაქალაქში, ხელოვნურად არის გაზრდილი. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძეც:

- ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და არ შეიძლება წყლის ტარიფი აქ ისეთივე იყოს, როგორიც არის, მაგალითად, არაბეთში, საბერძნეთში, რუსეთში ან აფრიკის ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან წყლის ტარიფი ხელოვნურად არის გაბერილი. მოსახლეობის ერთ სულზე დღეს ჩვენ ვიხდით 3,15 ლარს, ხოლო იურიდიული პირები ერთ კუბურ მეტრ წყალში 4,40 ლარს იხდიან, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

- რეალურად რა ღირს 1 კუბური მეტრი წყალი და თუ შეიძლება ტარიფის გაიაფება?

- თუ ზუსტად დავითვლით, 1 კუბური მეტრი წყლის ღირებულებამ არა მგონია 20-25 თეთრს გადააჭარბოს. არ იფიქროთ, რომ ამას დილეტანტის დონეზე, სავარაუდოდ ვამბობდე. სემეკი, ანუ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია მკაცრად ასაიდუმლოებს წყლის ტარიფის დათვლის მეთოდს, ანალოგიური რამ ხდება ენერგორესურსების ტარიფების შემთხვევაშიც. წყლის თვითღირებულება 20-25 თეთრია და ტარიფიდან ძალიან დიდი წილი მიდის მოგებაზე. შეიძლება თუ არა წყლის ტარიფის შემცირება? - დიახ, შეიძლება და სხვათა შორის, მნიშვნელოვნადაც. წყლის თვითღირებულებას უნდა დაემატოს გარკვეული ხარჯებიც, მოგებაც, მაგრამ როცა თვითღირებულება არის 25 თეთრი, გასაყიდი ფასი კი - 3 ლარზე მეტი, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი უნდა აღინიშნოს: ჩვენთან ერთ სულზე ითვლიან 800 ლიტრ წყალს თვეში, რაც შეუსაბამო რიცხვია. მაშინ, როცა მთელი ევროპის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარება არ შეიძლება აღემატებოდეს 250-300 ლიტრს, ჩვენ რაღა გვემართება?

- და მაინც, მიახლოებით, რამდენ ლარამდე თუ თეთრამდე შეიძლება შემცირდეს წყლის ფასი საქართველოში?

- შემცირება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

- რატომ, ბატონო თემურ?

- საქმე ის არის, რომ მარეგულირებელი კომისია იყო და არის დანამატი ძველი ხელისუფლებისა. ის ასრულებდა და დღემდე ასრულებს ნოტარიუსის როლს, რა ციფრსაც დაუწერდნენ "თბილისის წყალში" ან უფრო ზემოთ, სემეკიც იმ ციფრებს ამტკიცებდა. მარეგულირებელ კომისიას საჯარო არასოდეს გაუხდია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ითვლიდნენ და რის საფუძველზე ადგენდნენ ამხელა ტარიფებს. თუ ეს ინფორმაცია საჯარო იქნება, მაშინ უკვე ნათელი გახდება, რამდენით შეიძლება შემცირდეს ტარიფი. თუმცა, ერთია, რასაც მე თქვენ გიმტკიცებთ და მეორე - ის, რომ მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლოდ იყო შენახული, ანუ - ტარიფის დათვლის მეთოდიკა და ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფომ გააფორმა კომპანია "თბილისის წყლის" მფლობელებთან.

- წყლის ტარიფი ელექტროენერგიის ფასთანაც ხომ არ არის დაკავშირებული?

- წყლის ღირებულების კომპონენტებში ელექტროენერგიის წილი ძალიან მცირეა - დაახლოებით 30 პროცენტი. ამიტომ ელექტროენერგიის ფასი წყლის ტარიფზე მაინცდამაინც არ მოქმედებს. მით უმეტეს, რომ ჟინვალიდან თბილისს წყალი თვითდინებით მიეწოდება, შესაბამისად, ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯით. სწორედ ჟინვალი აწვდის დედაქალაქს წყლის რაოდენობის 85 პროცენტს. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ წყლის ტარიფის შემცირება სავსებით რეალურია, თუმცა ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს საამისო ბერკეტები, რადგან მარეგულირებელ კომისიაში ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხი ზის, რომლებიც ინიციატივას არ იჩენენ, ტარიფის გასაიაფებლად იმუშაონ. ჩემი აზრით, ისინი დღემდე არიან დამოკიდებული ძველ ხელისუფლებაზე. ამ კომისიაში ისეთი შემადგენლობა მუშაობს, რომელიც სხვაგვარად ვერც მოიქცევა. ის განსხვავება, რომელიც არის წყლის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის, გასაგებია, ვის ჯიბეებში მიედინებოდა და მიედინება დღესაც.

- როგორია თბილისისთვის მოწოდებული წყლის ხარისხი?

- ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ბევრი სხვა რამ. ადრე ეს ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია. ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს, როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. "თბილისის წყალი", ალბათ, ამოწმებს, მაგრამ მათი შემოწმების ხარისხში ეჭვი მეპარება. ფაქტია, რომ წყლის ტარიფი ათჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი და არსებობს დიდი შანსი მის შესამცირებლად. ახალი მთავრობა კი ლაპარაკობს ტარიფების შემცირებაზე, მაგრამ სემეკში ძველი შემადგენლობა რჩება. თანაც, ეს ის ხალხია, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულ კადრებად არის მიჩნეული. ისინი ყველაფერს იღონებენ, რომ ტარიფი არ შემცირდეს. გამორიცხული არ არის საბოტაჟიც. ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობის გული რომ არ მოიგოს, ყველაფერს იღონებენ, რომ ივანიშვილისა და მისი გუნდის დაპირებები არ შესრულდეს. მათთვის ხელსაყრელიც კია, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხი უკმაყოფილო ჰყავდეს. კიდევ ვიმეორებ, იმ ბერკეტებით, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, წყლის ტარიფს ვერ შეამცირებენ.

დათო მოსიაშვილის ინფოგრაფიკა

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ