ახალ ბლოკბასტერში "ღრუბლების აბრეშუმი" მსახიობი ერთდროულად თამაშობს თეთრკანიან გოგონასაც და მამაკაცსაც - საშინელ ჩინელ ექიმს რკინის თვალით. 100 მლნ დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმს უკვე აქტიურად განიხილავენ, მას წლის ყველაზე ჭკვიანური და იმავდროულად ყველაზე რთული ფილმის წოდების პრეტენდენტადაც მიიჩნევენ.
ჰოლი ბერი 46 წლისაა, მაგრამ მისი შემხედვარე ამას ძნელად დაიჯერებ. 30-ზე ცოტა მეტის გეგონება. არც ნაოჭი აქვს და სახესაც სულ ღიმილი უნათებს.
- როგორც ვიცი, ამ ფილმის გადაღებებზე გრიმიორის სავარძელში 5-6 საათს ატარებდით. როგორც სხვა მსახიობებმა, თქვენც ერთდროულად ექვსი, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟი განასახიერეთ...
- ეს არც ისეთი რთულია, როგორც ჩანს. უბრალოდ, ვიჯექი სავარძელში, თან საწრუპით შემეძლო ყავის დალევა. ამ პერიოდში კი გრიმიორი ოფლში გახვითქული მუშაობდა. საერთოდ, ყველა ამ სახეში გარდასახვა ძალიან მახალისებდა, თითქოს ბავშვი ვიყავი. ერთხელ ჩემი 4 წლის ქალიშვილი ნალაც მივიყვანე გადაღებებზე და ვუთხარი, რომ ახლა მისი დედიკო სულ სხვა სახით გამოეცხადებოდა. როცა ჩემს ერთ-ერთ როლში გამოვედი - ცალთვალა ჩინელის, გოგონას ისე შეეშინდა, ძლივს დავაწყნარეთ.
- ფილმში გმირები ერთი სხეულიდან მეორეში გარდაიქმნებიან. თქვენ თუ გახსოვთ თქვენი წარსული ცხოვრება?
- არ ვიცი, ადრე ვინ ვიყავი, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ: ქორწინება იღბლიანი მექნებოდა, რადგან ამ ცხოვრებაში ორჯერ გავთხოვდი და ორჯერვე გაყრით დავასრულე. დარწმუნებული ვარ, ზედიზედ ორ ცხოვრებაში შეუძლებელია, არ გამმართლებოდა მამაკაცებში. ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა. მჯერა, რომ მხოლოდ ამ ცხოვრებაში არ მიმართლებს კაცებში.
- ფილმში მოხუციც ხართ. როგორი იყო სიბერე?
- ძალიან საშიშია. ნაოჭები, სახეზე ასახული წარსული ცხოვრების ნაკვალევი, ცოტა მაშინებდა. თუმცა ამას ერთი დადებითი მომენტიც აქვს - აღარ მიწევს ფიქრი: "კარგად გამოვიყურები?", "ლამაზი ვარ?" და "მიხდება ეს კაბა?" (იცინის). არა, ყოველდღე კი არ ვიკლავ თავს ამ შეკითხვებით, ჩემი თავის ფასი ვიცი. მაგრამ მაინც არის ხოლმე ასეთი რამ - როგორც ყველა ნორმალური ქალის ცხოვრებაში.
ELLE
(გამოდის ორშაბათობით)