საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული სტატისტიკით ინტერესდება და პროექტის ავტორებისგან იმ კონკრეტული რიცხვის დასახელებას ელის, რომელიც ამნისტირებულ მსჯავრდებულთა რაოდენობას ასახავს.
გარდა ამისა, საია-სთვის საინტერესოა, რა პრინციპით შეირჩა "ამნისტიის შესახებ" პროექტში წარმოდგენილი "სისხლის სამართლის კოდექსის" რიგი მუხლები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, "ამნისტიის შესახებ" პროექტის ინიციატორებმა წარმოადგინონ ინფორმაცია იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელთაც აღნიშნული კანონი შეეხებათ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სხვადასხვა დანაშაულში მსჯავრდებული რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს, რათა სახელმწიფომ პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე იზრუნოს. რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, ჩვენ გვაინტერესებს, რა პრინციპით შეარჩიეს კანონპროექტის ინიციატორმა მუხლები, რომელიც პროექტში ჩაიდო. წარმოდგენილ ვერსიაში ისეთი ძალადობრივი ხასიათის მუხლები გვხვდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. ვფიქრობთ, კანონპროექტში ასეთი ტიპის მუხლები არ უნდა იყოს. პარლამენტმა მეტად უნდა დაასაბუთოს, რა ამართლებს ასეთ შემთხვევებზე ამნისტიის გავრცელებას, ასეთი მუხლებით მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას ან მათთვის მსჯავრის განახევრებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა ლინა ღვინიანიძე.
საია-მ "ამნისტიის შესახებ" პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი წერილობითი დასკვნა უკვე წარადგინა.