თბილისის მერს იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება რიყეზე საკონცერტო დარბაზის მშენებლობას არ შეწყვეტს და უკვე აშენებულის დანგრევას არ მოინდომებს. ცოტა ხნის წინ გიგი უგულავამ იტალიაში ყოფნისას არქიტექტორ მაქსიმილიანო ფუქსასს შესჩივლა - ქვეყნის ახალი ხელისუფლება რიყეზე შენი "ამაგის" წყალში ჩაყრას გეგმავსო. შეშფოთებულმა ფუქსასმაც გულშემატკივარი დაამშვიდა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ლაშქრით მოვადგები თბილისს და რიყეს ამაოხრებლებისგან დავიცავო. არც თბილისში აპირებენ ჯაბანად დახვედრას. აკადემიკოსი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ ფუქსასს ძალიან რთულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მეტიც - ის თავს ვერ დაიცავს.
გიგა ბათიაშვილი: - ჩემს უცხოელ კოლეგებს საქართველოში უხდიან უზარმაზარ ჰონორარს და აძლევენ სრულ შემოქმედებით თავისუფლებას; მათ ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარების უფლება აქვთ, რითაც ბოროტად სარგებლობენ. ვეკითხები მაქსიმილიანო ფუქსასს (ჩვენ, ორივე, მსოფლიო აკადემიის წევრები ვართ), მისცემდნენ თუ არა მას უფლებას, იტალიაში, ნებისმიერი ქალაქის ისტორიულ ზონაში, აეშენებინა ისეთი შენობა, როგორსაც რიყეზე აშენებს. მას მე გულივერის ბოტები დავარქვი.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენთვის ძველი თბილისი არის იერუსალიმი, განსაკუთრებით - რიყიდან სანაპირომდე მონაკვეთი. ეს არის უწმინდესი ადგილი, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა რელიგიებისა და ერებისადმი, რადგან აქაურობა ეთნიკური თვალსაზრისით ყველაზე ჭრელია. ამიტომაც მას პატივისცემით მოპყრობა სჭირდება. ასეთი სხვა ადგილი არ გაგვაჩნია. არავის ჰქონდა უფლება, ექსპერიმენტული ოპუსებით ისე ემოქმედა, რომ ამ ადგილის მნიშვნელობისთვის ანგარიში არ გაეწია. არ ვამბობ, რომ უცხოელმა არ უნდა იმუშაოს თბილისში. - სოლოლაკი, მთაწმინდის უბანი, დავით აღმაშენებლის გამზირის ზოგიერთი მონაკვეთი უცხოელების აშენებულია, მაგრამ აქ შენობები ორგანულად ერწყმის ლანდშაფტსა და არქიტექტურულ ანსამბლს, რიყეზე ამ მილების აშენების შემდეგ კი ბარათაშვილის ხიდიდან აღარც დარეჯანის სასახლე მოჩანს, არც მეტეხი და ნარიყალა, არც სიონის სანაპირო... თუ გასცდები ამ მილებს, მამადავითის მთაც იმალება, ამიტომაც ფუქსასს ვერ ვაპატიებთ, რომ მისცა თავს უფლება, გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა.
- სად იქნებოდა ამ საკონცერტო დარბაზის აშენება უპრიანი?
- დიდ დიღომში. თანამედროვე არქიტექტურის კამერტონიც კი გახდებოდა უბნის განაშენიანებისთვის. იქ არავისთან და არაფერთან ჭიდაობას არ დაიწყებდა, გახდებოდა ლიდერი, ტენდენციის განმსაზღვრელი, აქ კი შეურაცხმყოფელია. თუმცა, საბოლოოდ თვითონ გამოდის შეურაცხყოფილი...
ამ შენობამ თავისი თავი დაანგრია.
ფიზიკურად არსებობს, მაგრამ მორალურად დანგრეულია. ფუქსასი ცნობილი პროფესიონალია, მაგრამ მისი დანაშაული ის არის, რომ მოიქცა პიგმეებთან მოსულივით, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რა ხდება ირგვლივ; მისთვის მხოლოდ ეს ობიექტია მთავარი და არც კი დაფიქრებულა, რამდენად ღირებულია დანარჩენი ნაწილი.
ფუქსასის იუსტიციის სახლი ძალიან საინტერესოა; ამ პროექტით მან დაამტკიცა, რომ დიდი ოსტატია. შესაძლოა, ეს სახლი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა, მაგრამ არაფერს აფუჭებს გარშემო. რაც შეეხება საკონცერტო დარბაზს, ხიდს, "ბუდაბარს", "შანგრილას" - მათ გარემო გააფუჭეს. დააკვირდით, რიყეზე გვირაბი იმისათვის გააკეთეს, რომ მისი კედლის უკან აშენებულიყო ბარი და ის განსაკუთრებით თვალში საცემი არ გამხდარიყო. ეს არქიტექტურული ანეკდოტია.
- თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც სახლი დაანგრიეს, გამალებული მუშაობა მიმდინარეობს... იცით, რა შენდება?
- 30-სართულიანი შენობა უნდა აღიმართოს, თურმე. ეს ნიშნავს მამადავითის მთასთან ბრძოლას. ქვედა სანაპიროდან ეს შენობა უფრო მაღალი გამოჩნდება, ვიდრე მთა. ამის შემდეგ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადება, ჩვენ ნგრევას არ დავუშვებთ, ამათ ქალაქის მოშლა უნდათო. სწორედ მათ, თავიანთი უდიერი მოპყრობით დაანგრიეს ყველაფერი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ შეიძლება შენობების მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანა. ნაგებობები მინისა და ლითონის კონსტრუქციებისგან შედგება და დემონტაჟი ადვილად შეიძლება.
აქამდე რამეს რომ აშენებდნენ, ბანერს კიდებდნენ მცირე ინფორმაციით, ახლა კი ბანერიც არ ჩანს, უამრავი ტექნიკაა მიყრილი და გამალებით მუშაობენ. ამ შენობის არქიტექტურაც პლაგიატია. ცნობილია ევროპელი არქიტექტორის მიერ აფრიკაში აგებული ასეთი შენობა, რომლის ანალოგი ბათუმში დადგეს სასტუმრო "რედისონის" სახით. ახლა ბათუმურის მსგავსს აკეთებენ თბილისში, თანაც - უსაშველოდ მაღალს, რითაც ეჭიდავებიან თბილისის არქიტექტურულ სახეს... "იმელის" შენობას, ბათუმის "ინტურისტს", ბაგრატის ტაძარს და კიდევ რიგ შენობებს ისე მოუხსნეს ძეგლის სტატუსი, არავისთვის არაფერი უკითხავთ. სამწუხაროდ, არც იმათ ამოუღიათ ხმა, ვისაც ამ სტატუსის დაცვა შეეძლო. ვგულისხმობ ხელოვნებათმცოდნეებს და ჩემს კოლეგებს, ვინც მიჩუმათებით და თავის დაქნევით მონაწილე გახდა ამ დარღვევებისა. შემაშფოთებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არქიტექტურის საბჭოებში ჩუმად ისხდნენ, რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროში შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ იმაზე, რომელი შენობაა დასაშლელი და რა უნდა გაკეთდეს. ეს ხალხი ძალიან საშიშია. მათ სურთ, ახალ უფროსებს კოჭი გაუგორონ. მიატოვეს ისინი, ვისი ფრთის ქვეშაც აქამდე იყვნენ და მოდიან ახალი თავშესაფრის საპოვნელად.
ძველის მსგავსად, ახალ ხელისუფლებასაც ყველაფერზე თავს დაუქნევენ. მათმა ფუქსავატობამ შეაცდინა ფუქსასიც, რომელსაც ეგონა, რაც სურდა, ის უნდა ეკეთებინა.
ასევე იხილეთ: თეატრი რიყეზე - "ტრუბა" თუ 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურა