19 ნოემბერს მაესტროში გასულ გადაცემა "კვირის აზრებში" შორენა შავერდაშვილი კახა ბენდუქიძესთან შეხვედრას იხსენებს, როცა მოუმზადებელი შავერდაშვილის გამოსვლა მაშინ სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი გახდა.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებულ media.ge-ზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას იხსენებს ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი "კვირის აზრებში" და სტატიიდან შემდეგი ფრაზის ციტირებას ცდილობს: "ჟურნალისტმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ რაღაცის 1,5-ჯერ გაზრდა 12 %-იან ზრდაზე მეტია". შავერდაშვილი იგივე წინადადებას თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და "კათეტების" ნაცვლად, სიტყვა "კათეტერებს" იყენებს.
ცხადია, გამოხმაურებამ სოციალურ ქსელებში არ დააყოვნა. ეს ამბავი შეუმჩნეველი არ დარჩენია საპარლამენტო უმცირესობის წევრ, გოგა ხაჩიძესაც, რომელიც საკუთარ გვერდზე შორენა შავერდაშვილს მიმართავს: "ვგიჟდები, ბიჭი რომ პიანინოზე უკრავს და გოგო გეომეტრიითაა გატაცებული...".
პოსტს მოგვიანებით თავად შავერდაშვილი ეხმაურება, რომელიც სამწუხარო მექანიკური შეცდომის გამო თავის გამართლებას ცდილობს და ყველაფერს მის ინგლისურენოვან განათლებას აბრალებს.
სანამ შორენა შავერდაშვილი თავს უხერხულ მდგომარეობაში უკვე მესამედ იგდებდა, ყველას პითაგორას ინგლისურენოვანი ვარიანტი გაგვახსენდა, სადაც სიტყვა "კათეტს" და მით უფრო, "კათეტერს" ვერსად იპოვით. (Pythagorean Theorem - a² + b² = c² where c is the hypotenuse while a and b are the legs of the triangle).
გადაცემა, რომელიც შორენა შავედაშვილმა დედას, მამას და კახა ბენდუქიძეს მიუძღვნა, "ფეისბუქზე" მორიგ საქილიკო თემად იქცა.