"მე დავინახე ორი გვამი... ერთი შეიტანეს, ხოლო მეორე - შეიყვანეს", - ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის შემთხვევითი მოწმე ნათელა მოდებაძე გაზეთ "ქრონიკას" სკანდალურ დეტალებს უმხელს. კადეტთა კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა ნათელა მოდებაძემ 2006 წლის 2 თებერვლის ღამეს საბურთალოს ქუჩაზე, იმ სახლის სიახლოვეს, სადაც მეორე დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს, დაინახა, თუ როგორ მიიტანა იქ 4-5-მა ადამიანმა ორი გარდაცვლილის გვამი. მოდებაძე ამჟამად მეუღლესთან ერთად ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობს და ელოდება იმ დროს, როცა საქართველოში უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. "ქრონიკასთან" ინტერვიუში ის ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს დეტალურად იხსენებს.
"ის სახლი, საბურთალოს N53-ში, სადაც მიცვალებულები შეასვენეს და ეს ამბავი მოხდა, უნდა დაექირავებინა ჩემს მეგობარს. ოქტომბერში ჩემი მეგობარი მოელაპარაკა კიდეც ამ ბინის მეპატრონეს - ქალბატონ ეკა კიკიანს და ნოემბრის დასაწყისში ჩვენ ამ ბინაში უნდა გადავსულიყავით.", - აცხადებს ნათელა მოდებაძე.
როგორც მოდებაძე ამბობს, ბინის მფლობელთან სიტყვიერი მოლაპარაკების მიუხედავად, მოგვიანებით ბინის დაქირავებაზე უარი მიიღეს - ეკა კიკიანმა მათ ბოდიში მოუხადა და განუცხადა, რომ კლიენტი იპოვა, რომელიც უფრო მეტს იხდიდა. მოდებაძის თქმით, ეს კლიენტი "მეცხრე არხის" ერთ-ერთი ტელეწამყვანი ვასიკო მაღლაფერიძე აღმოჩნდა, რომელიც მას საბურთალოს N53-ში მდებარე ბინის სიახლოვეს ორჯერ ჰყავს ნანახი.
როგორც ნათელა მოდებაძე იხსენებს, ტრაგედიის ღამეს შემთხვევის თვითმხილველი მეგობრის ქალიშვილთან ერთად გახდა.
"ძალიან გვიანი იყო, მაღაზიები დაკეტილი... ღამის პირველი საათი, შეიძლება უფრო მეტიც... ერთი სიტყვით ფულის გადახურდავება გვინდოდა და მე და ჩემი მეგობრის ბავშვი იქვე ბენზინგასამართ სადგურზე წავედით ფულის გადასახურდავებლად. თქვენ თუ გაქვთ ნანახი საბურთალოს N53 სახლი, ერთი ცენტრალური ქუჩაა და მეორე კუთხეში შესასვლელია. ჩვენ სწორედ ამ კუთხის შესასვლელიდან შემოვედით და სწორედ იქ დაგვხვდა შავი, დიდი ჯიპი, რომელიც შუქებჩამქრალი იდგა, ხოლო იმ სახლში, რომელიც ვასიკო მაღლაფერიძეს ჰქონდა ნაქირავები, შუქი ანთებული იყო. მე დავინახე ორი გვამი... მათი სახეები მე არ დამინახავს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მე გარკვევით, ძალიან ახლოდან დავინახე ორი გვამი. მეორე დილით რომ გამოაცხადა ვანო მერაბიშვილმა, - ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გაზმა გაგუდა ამა და ამ სახლშიო, აი, მაშინ ვიკივლე და მეგობარს ვუთხარი, - სწორედ ჟვანიას და იმ საცოდავი ბიჭის გვამები შეასვენეს მაგ სახლში წუხელ-მეთქი", - იხსენებს მოდებაძე.
მოწმის თქმით, გვამების გადატანაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათი ვინაობასთან დაკავშირებით საუბარს მხოლოდ სასამრთლოში აპირებს.
"უფრო დიდი გვამი, რომელიც სავარაუდოდ, ბატონი ზურაბ ჟვანიას ცხედარი უნდა ყოფილიყო, რამდენიმე კაცმა სახლში შეიტანა, ხოლო შედარებით ახალგაზრდა და მსუბუქი რომელიც იყო, აი, მთვრალ კაცს რომ შეუდგებიან აქეთ-იქიდან და წაიყვანენ, ისე შეიტანეს სახლში", - აცხადებს ნათელა მოდებაძე.
როგორც ნათელა მოდებაძე ამბობს, ტრაგედიიდან მეორე დღესვე, როდესაც მან ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რისი მოწმეც გახდა, მისი და მისი ოჯახის მისამართით ზეწოლა დაიწყო. ირლანდიაში ყოფნის დროს მისი მკვლელობაც სცადეს - 2011 წლის 19 აგვისტოს დუბლინში მას ჯერ მსუბუქი ავტომობილი - "გოლფი" დააჯახეს, შემდეგ კი ჯიპი, თუმცა მრავალჯერადი ოპერაციების წყალობით, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.