დათა ახალაიას ამ დრომდე ბრალი წაყენებული არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, მას დღემდე პროკურატურიდან არ დაკავშირებიან. "ჯერჯერობით დათა ახალაიას არაფერი არ ბრალდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაზე, ვანო მერაბიშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით, სადაც დათა ახალაიას სახელი ფიგურირებს, ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ბრალი ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილს არ აქვს წაყენებული. თუ კი მის მიმართ ოფიციალურად იქნება ბრალდება, შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენც გავაკეთებთ კომენტარს", - აღნიშნა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, რომ დათა ახალაიას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სანდრო გირგვლიანის საქმესაც უკავშირდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 19 ნოემბერს განაცხადა, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები მიმდინარეობს.