ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი, ისტორიკოსი, წარმოშობით ქისტი მათე ციხესაშვილი იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე ალაპარაკდა, რომლებიც, მისი აზრით, ჩეჩნების წინაშე ჩადენილ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი:
- ბატონო მათე, როგორ შეაფასებთ ბაჩანა ახალაიას დაპატიმრებას, რომელსაც თურმე მთელი ჩეჩენური დიასპორა ეძებდა საზღვარგარეთ?
- ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოდან არც გასულა.ახალაიამ ინტერვიუში ახსენა, რომ თითქოს დასასვენებლად იყო თურქეთში, კერძოდ - ანტალიაში, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მას ყველგან ეძებდა საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩნური დიასპორა. ყველაზე დიდი დიასპორა კი თურქეთში გვყავს. ისინი გამორიცხავენ ახალაიას იქ ყოფნას, რადგან დიდსაც და პატარასაც აქვს მასზე ინფორმაცია, რომ ჩახოცა ბიჭები და ყველა მას დაეძებდა.
- რატომ ეძებდნენ ბაჩო ახალაიას, ჯერ ხომ არ დამტკიცებულა მისი ბრალი - არც გამოძიება ჩატარებულა და არც ჩეჩნურ კომისიას დაუდასტურებია ეს?
- ლაფანყურის სპეცოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს ქვედანაყოფი, ბაჩო ახალაია კი შს მინისტრი იყო, ამიტომაც ეკისრება მას პასუხისმგებლობა. ახალაიას ბრძანების გარეშე ბიჭებს არავინ ჩახოცავდა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი მათი ღალატით ჩახოცვაა. ასეთი რამის პატიება კი შეუძლებელია, განსაკუთრებით - მთიელებში. ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია, რაც ხდებოდა საქართველოში. მაგალითად, გიორგი ბარამიძემ ვენაში განაცხადა, საქართველო მზად არის, დაეხმაროს რუსეთს კავკასიელების, კერძოდ კი, კავკასიის იმირატის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. როცა მთავრობის წარმომადგენელი მაღალი ტრიბუნიდან ამბობს ასეთ რამეს, ეს არის სახელმწიფოს პოზიცია. ასე რომ, ბარამიძეც ჩეჩნური ანგარიშსწორების სიაშია.
- კიდევ ვინ გყავთ მაგ სიაში?
- სიაში ნომერ პირველი შევარდნაძეა, რომელსაც ყველაზე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიელების წინაშეც. შევარდნაძე რომ არა, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევს ჰქონდათ შემუშავებული, დღეს ჩეჩნეთი თავისუფალი იქნებოდა. ის იწონებდა რუსეთის აგრესიას ჩეჩნეთში და იქ ომის დაწყებას მხარს უჭერდა. ლაპარაკი იყო იმაზე, შეგვეყვანა თუ არა სიაში თენგიზ კიტოვანი. მან თქვა ასეთი რამ: თუ ჩეჩნეთი არ გადმომცემს გამსახურდიას, მე შევდივარ პანკისის ხეობაში და ყველას ტყვედ ავიყვანო. ჩვენ გროზნოდან შევუთვალეთ: შედი, თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ-თქო, მაგრამ არ შევიდა. ამიტომაც არ შეუყვანიათ კიტოვანი ჩეჩნებს დასასჯელთა სიაში. დასასჯელთა სიაშია ახმეტელი გია ლორთქიფანიძეც.
- ითქვა, რომ კავკასიელი ბიჭები გადაჰყავდათ ჩეჩნეთში და მათ საზღვარზე სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო სიგნალი და უკან დაიხიაო.
- რაც შეეხება რუსეთში გადასვლა-გადმოსვლას, ის ბიჭები ამაზე წამსვლელები არ იყვნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ კავკასიის ქედის გადალახვა შეუძლებელია. არ ვიცი... საკითხი ასე დგას - ბიჭები ღალატით არიან მოკლულნი და მეორეც, ჩვენი ადათიდან გამომდინარე, ადამიანი არ შეიძლება მოკლა ძილის, ჭამის და მაპატიეთ, საპირფარეშოში ყოფნის დროს. ეს არაკაცობაა და ასეთი ქმედება არავის ეპატიება. ასეთი დიდი ოპერაცია სააკაშვილის გარეშე არ ჩატარდებოდა, ის არის პრეზიდენტი და იღებს გადაწყვეტილებას. დასადგენია, სააკაშვილმა ბრძანა თუ არა ცეცხლის გახსნა. ისეც ხომ შეიძლება, რაღაც საკითხებში შს მინისტრი დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებას? ასე რომ, სააკაშვილზე შურისძიების მიზეზი ჯერ არ გვაქვს.
- ზაკაევის კომისიას ხომ არა აქვს ახალი ინფორმაცია?
- კომისიას ჯერ არავითარი ინფორმაცია არა აქვს. ვერ ხერხდება იმ ექვსი ბიჭის ადგილსამყოფელის დადგენა, რომელთა კვალიც დაიკარგა. არსებობს ვერსია, რომ ისინი საზღვარგარეთ გაიყვანეს, კერძოდ - თურქეთში. თუმცა, კომისიამ ჯერ ვერ დაადგინა, ისინი ცოცხლები არიან თუ არა.
- ამბობენ, ჩეჩნებმა შეუთვალეს ახალაიას, ციხეშიც მოგწვდებითო...
- ახალაია ევროპაში რომ ჩამოსულიყო, აქედან ვერ გააღწევდა. ციხეში თუა, იჯდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია სიმართლის დადგენა - რა მოხდა ლაფანყურში. გააჩნია, როგორ წარიმართება სასამართლო. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა დღეს არ დაწყებულა, საუკუნეებიდან მოდის და ასეც გაგრძელდება. კარგი იყო, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, ახლა მთავარია, ეს სპეცოპერაცია ისევე საიდუმლოდ არ დარჩეს, როგორც კატინში მომხდარი ტრაგედია. ბიძინა ივანიშვილმა თელავსა და ახმეტაში განაცხადა, ეს საქმე სამართლიანად იქნება გამოძიებული და ყველაფერი დადგინდებაო. ერთადერთი იმედი და გარანტი იმისა, რომ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და ბოლომდე მიიყვანენ, არის პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი. გასარკვევია, ვინ გასცა ბრძანება და ვინ დახოცა ბიჭები. ისე, ახალაიასთვის ციხე უსაფრთხო ადგილია, რადგან იქ სისხლის აღება შეუძლებელია. ჩეჩნები ახლა მისი ძმის აყვანით უფრო არიან დაინტერესებულნი. დათა ახალაია ვალდებულია, ძმის ნაცვლად აგოს პასუხი. დღეს გვარი ახალაია ყველა კავკასიელს პირზე აკერია - ჩეჩნებს, ინგუშებს, ყაბარდო-ბალყარელებს...
- ძმამ როგორ უნდა აგოს პასუხი? დავუშვათ, რომ ისიც დააპატიმრეს - მას უახლოეს ხანში წაუყენებენ ბრალს.
- საჭიროა, როგორც ტყვე, ისე აიყვანონ, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და როლანდ ახალაია არ გვეტყვის, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე.
- როლანდ ახალაიას აყვანასაც ხომ არ აპირებენ?
- ახალაიების მამა არის ხნიერი და უფროს ადამიანებთან საქმე არ გვაქვს. ჩეჩნური ადათით, თუ არავინ არის ისეთი, სისხლი რომ აიღო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიდგება ჯერი მამაზე. სამიზნეს თუ პატარა შვილები ჰყავს, ჩეჩნები არც მათ ახლებენ ხელს, შვილები სრულწლოვანები უნდა იყონ, არც ცოლს ემუქრება საფრთხე... სამაგიეროს გადახდა მამაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება.
- თუმცა კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა თქვა, ჯიჰადი და წამებით სიკვდილის განაჩენი არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას და ზურაბ ადეიშვილის, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართაც არის გამოტანილიო.
- ჯიჰადი არის იგივე ბრძოლა, ომი, როცა ცდილობ, შენი გაიტანო. კავკასიის იმირატის ადათობრივი სამართლიდან გამომდინარე მიღებული დადგენილებით, სიკვდილის განაჩენი არ გამოვა მანამ, სანამ ყველაფერი არ დადგინდება. ჯიჰადი, შარიათი და სხვები საქართველოში რაღაც სისტემად მიაჩნიათ. ეს არის იგივე სისხლის სამართლის კოდექსი თავისი კანონებით. მასში წამებით მკვლელობაზე არ არის ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის ყველაფერს, რაც მოხდა, ამის შემდეგ სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას.
- ბატონო მათე, კარგა ხანია ევროპაში ცხოვრობთ და რას ფიქრობთ სისხლის აღების წესზე, რომელზეც არაერთმა ხალხმა უარი თქვა?
- ეს წესი ადათობრივი სამართლიდან გამომდინარეობს, ჩვენმა მამა-პაპამ შემოინახა და ამას დღეს ვერ შევცვლით. სისხლის აღების წესი კავკასიელების გადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი იყო.
- ხშირად იხსენებენ ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობას აფხაზეთის ომში და იმასაც, რაც ლესელიძის სტადიონზე მოხდა...
- იმ პერიოდში ზვიად გამსახურდია გროზნოში იმყოფებოდა და ჩვენ მისი დავალებით ვიყავით იქ ჩასული ვიცე-პრეზიდენტ იანდარბიევის მეთაურობით. ინფორმაცია, რომ ლესელიძის სტადიონზე ჩეჩნებმა ქართველებს თავები დააჭრეს და ფეხბურთს თამაშობდნენ, სიცრუეა. ჩვენ სტადიონზე გავიყვანეთ ადგილობრივი მოსახლეობა, ტელევიზია, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ჟურნალისტები და ვუთხარით, სადაც იტყვით, ის ადგილი გავთხაროთ, გამოიყვანეთ ახლო-მახლო მცხოვრები ხალხი და ვკითხოთ, მოხდა თუ არა იქ ასეთი რამ-თქო. არც ერთმა ეს არ დაადასტურა. ეს ინფორმაცია გაავრცელა შევარდნაძემ, რაკი გამსახურდია გროზნოში იჯდა. პუტინმა რომ თქვა, ცხინვალში ქართველებმა დაწვეს 8 ოსი და მერე ტანკები გადაატარეს ზედო, მართალი იყო? აფხაზეთში 82 ჩეჩენი იბრძოდა და ამდენმა კაცმა დაამარცხა საქართველოს შეიარაღებული ძალები?!
ესაუბრა ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)