რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილი უფლებადამცველის, "9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელ ლევან გოგიჩაიშვილის შეწყალება გადაწყვიტა, თუმცა პატიმარი შეწყალებაზე უარს ამბობს და პრეზიდენტს ურჩევს, შეწყალების აქტს ხელი არ მოაწეროს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წელს დათო ლეჟავასთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარი სასჯელს ამჟამად რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის.
ლევან გოგიჩაიშვილი:
- შეწყალებაზე უარი ვთქვი და ქალბატონ ელენე თევდორაძესაც დავუდასტურე ჩემი უარი. მან მითხრა, უარს თუ იტყვი, კომისია ამ საკითხს არ განიხილავსო. რჩება მეორე ვარიანტი - პრეზიდენტის ნება. მას კანონი აძლევს უფლებას, შეიწყალოს პატიმარი. მე არავისთვის მიმიმართავს შეწყალების თხოვნით, თუმცა სააკაშვილს აქვს ამის უფლება და შესაძლოა, იძულებით, სპეცრაზმის დახმარებით გამიყვანონ ციხიდან. არ მინდა, ეს მოხდეს, ამიტომ მივმართავ მიხეილ სააკაშვილს: ნუ მოაწერთ ხელს ჩემი შეწყალების აქტს! სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არაფერში მჭირდება. ჩემი შეწყალება მიმაჩნია პროვოკაციად. მოგეხსენებათ, პარლამენტში დაწყებულია მუშაობა პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ, ამიტომაც პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ პროცესს და ის ადამიანები, რომლებიც ამ სიაში არიან, მოაცილოს ციხიდან. ამიტომაც ვაპირებ, პრეზიდენტს ვუჩივლო.
- რის გამო, შეწყალებისთვის?
- მე სააკაშვილის მითითებით დამაპატიმრეს. სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დამაკავეს, რითაც დაარღვიეს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამის გამო ვაპირებ, ვუჩივლო პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ჩემი მეგობრების - ვახტანგ მაისაიას, შალვა გოგინაშვილისა და მელორ ვაჩნაძის სახელით ვაცხადებ, რომ მათაც არავისთვის მიუმართავთ თხოვნით და ისინიც უარს იტყვიან შეწყალებაზე. მე პროვოკაციას ვუწოდებ არა კონკრეტულად ჩემს გათავისუფლებას, არამედ ხელის შეშლას იმ პროცესისადმი, რომ ქვეყანაში ოფიციალურად არ გაცხადდეს პოლიტპატიმრების არსებობა.
- ლევან, რისი მომსწრე გახდი სამი წლის განმავლობაში საპატიმროში?
- რუსთავის მე-17 დაწესებულებამდე ვიყავი გლდანის მე-8 დაწესებულებაში. რაც ამ სამი წლის განმავლობაში ამ ციხეში და, საზოგადოდ, სისტემაში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახე, როგორ სძულს ქართველს - ქართველი. თუ ფაშისტურ გერმანიაში რეპრესიები ხორციელდებოდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, აქ ანალოგიური რამ ხდებოდა ქართველების მიმართ. საოცარია, სად ეტეოდა ამ ადამიანებში ამდენი ღვარძლი და ბოღმა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების, დაუცველი ადამიანების მიმართ ანთხევდნენ - ბორკილდადებულ ადამიანებს წიხლებით სცემდნენ, იყო გაუპატიურების მცდელობა, სხეულის დაზიანება სხვადასხვა მეთოდით. მოკლედ, ეს ჯოჯოხეთი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ შენ ხარ ძალადობის მსხვერპლი, თუ სხვა - შენს გვერდით მყოფი. ზოგჯერ შეურაცხყოფილადაც კი გრძნობ თავს, შენ რომ არ გეხებიან...
- ციხის კადრებმა როგორ იმოქმედა თქვენზე და სხვა პატიმრებზე?
- ეს კადრები რა არის იმასთან შედარებით, რაც მე-8 საპყრობილეში ხდებოდა. წარმოიდგინეთ, 3600 ადამიანი, რომელიც ამ ციხეში იხდიდა სასჯელს, ყოველდღიურად იყო ფიზიკური ანგარიშსწორებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. და არა მარტო გლდანში, ასე ხდებოდა ქუთაისის ციხეში, მე-6 დაწესებულებაში, ქსანში... ჩვენთან, ღია ტიპის მე-17 დაწესებულებაში პატიმრებზე მსგავსი ზემოქმედება რთულია. თუმცა აქ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლევან პაჭკორია, რომელიც ეტაპის მიღების დროს, მანქანას, რომლიდანაც პატიმრები ჩამოჰყავთ, ხვდებოდა და თავის დამქაშებთან ერთად შეურაცხყოფდა პატიმრებს. საბედნიეროდ, დღეს ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა.
- ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას როგორ შეხვდნენ პატიმრები?
- დაახლოებით ისე, როგორც სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას. ადამიანის დაპატიმრება თუ გიხარია, ბოროტი ხარ, მაგრამ ახალაიას დაპატიმრებამ პატიმრებში სამართლიანობის აღდგენის განცდა გააღვივა. ახალაია ამ სისტემაში მარტო არ იყო, ამ საქმეში სხვებიც არიან ჩარეული და ვიმედოვნებ, სამართალი მათაც მიუკაკუნებს. გვყავს პატიმრები, რომლებიც პირადად ახალაიას ჰყავს ნაცემი. მაგალითად, შაკო ოვაკიმიანი, რომელიც ახალაიას დეპარტამენტის უფროსობის პერიოდიდან უჩიოდა.
- ლევან, შენს დაპატიმრებაში ვის მიუძღვის ბრალი?
- ვის და სააკაშვილს! მისი სიძულვილი ჩემს მიმართ არახალია, ჩვენი აქციები ძირითადად, მის წინააღმდეგ იმართებოდა. ჩემი იზოლირებით ასევე დაინტერესებული იყვნენ გივი თარგამაძე, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები და სხვები. ჩემი დაკავების გამფორმებელი კი ირაკლი კოდუა იყო, რომელმაც დაზარალებულ დათო ლეჟავას და დააკავა, შემდეგ კი მოახერხა სასურველი ჩვენების მოპოვება. ადამიანი, რომელიც თვალით არ მყავდა ნანახი, ჩემ მიერ დაზარალებულად ცნეს. არადა, პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე დათო ლეჟავა... მინდა, გამოვეხმაურო ნაცმოს ისტერიას - ქურდს ქუდი ეწვისო, მათზეა ნათქვამი. წინა რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ეს პარტია, როგორც კრიმინალური პოლიტიკური სუბიექტი, უნდა გაუქმდეს.
- საქმის თავიდან გამოძიებას თუ მოითხოვ?
- როგორც ვიცი, დათო ლეჟავას ოჯახი თავის საქციელს ნანობს. აუცილებლად მოვითხოვ ხელახალ გამოძიებას და ამ ადამიანებს მოუწევთ სიმართლის თქმა. თუმცა ყველაფერს ვიღონებ, რომ მათ მიმართ არ დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა. მე მათ ვაპატიე და დანარჩენი მათ სინდისზე იყოს...
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)