წლების წინ ერთ-ერთი კერძო ფირმის დირექტორი ვიყავი. მდივანი გოგონა გამითხოვდა. ამის გამო იძულებული გავხდი, გაზეთში განცხადება გამომექვეყნებინა, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. მსურველებს ოფისში ვიბარებდი. კვირაზე მეტხანს ვარჩევდი კანდიდატურას. ზოგი გარეგნობით არ მომეწონა, ზოგი ლაპარაკის მანერით დავიწუნე, საღამო ხანს ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, საკუთარი გაჩენის დღეს ვიწყევლიდი. თან ვბრაზობდი: რამ გადააჯიშა ქართველი გოგონები ასე, რომ 100 გოგონაში ერთი მდივანი ვერ შევარჩიე-მეთქი?! ის იყო, ლამის ხელი ჩავიქნიე, რომ ერთ დღესაც კარი გაიღო და ისეთი ლამაზი ქალი შემოვიდა, პირი ღია დამრჩა. სავარძლიდან წამოვდექი. ის კი თეძოებს ჯიშიანი ცხენივით მოარხევდა. მაღალი, ზომიერად ფერხორციანი, გრძელი, ხვეული, წითელი თმით... ჩემს გაწვდილ მარჯვენას ზედაც არ შეხედა, ისე მოკალათდა სავარძელში და თვალების ფახულით შემომხედა. ერთი-ორი სიტყვა გავუცვალეთ ერთმანეთს და ვუთხარი: - შეგიძლიათ, ორშაბათიდან საქმეს შეუდგეთ-მეთქი.
იმ ღამით მასზე ფიქრმა არ მომასვენა. მომავალი 10 წელი მაინც დავგეგმე. თვალწინ მედგა ლოგინის სცენები თუ მისი ჩაცმა-გახდის პროცესი და ორშაბათის დადგომას მოუთმენლად ველოდი. დილით საგანგებოდ გამოვიპრანჭე და უჩვეულოდ ადრიანად გამოვცხადდი სამსახურში. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. სოფიკო ისე მექცეოდა, თითქოს უფროსი ის იყო, მე კი რიგითი თანამშრომელი ვიყავი. ამან უარესად გამახელა. ყოველთვის ისეთ ტანისამოსს იცვამდა, რომ კაბის ჭრილი თუ დეკოლტე იქ მთავრდებოდა, სადაც ყველაზე საინტერესო იწყებოდა. თავისი ქცევით კი ისეთ ხათრსა და რიდს თესავდა, რომ ზედმეტს ვერაფერს ვუბედავდი. 8 მარტის დადგომამდე დღეებს ვითვლიდი, რომ რაიმე ტანისამოსი მეყიდა. სწორედ ისეთი, საინტერესო ადგილს რომ გამოუკვეთდა. ასეც მოვიქეცი. ჩემი ნაყიდი მაისური ტანზე მართლაც გამომწვევად მოადგა. ერთხელ ბანკეტზე მიწვევა მივიღე, სადაც ქალაქის ელიტა იქნებოდა თავმოყრილი. სოფოს შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო. იუარა და მიზეზად შესაფერისი ტანისამოსის არქონა დაასახელა. მეორე დღესვე წავიყვანე საუკეთესო მაღაზიაში და ჩემი გემოვნებით შერჩეული საღამოს კაბა ვუყიდე. ყველაზე ლამაზი ქალი მე მიმშვენებდა გვერდს იმ ბანკეტზე. მე კი თავგზა ისე მქონდა არეული, რომ 15 წლის ბიჭივით ვიქცეოდი.
შემდეგ, დაბადების დღისთვის, მართალია, გაგანია ზაფხული იყო, მაგრამ ძვირად ღირებული "შუბა" ვაჩუქე. მისი გულწრფელი მადლობა მაინც ვერ დავიმსახურე. ჩემი ძმაკაცებიც თვალებს აჭყეტდნენ მის დანახვაზე, მაგრამ ჩემი შიშით ვინ რას ეტყოდა? ამასობაში ზამთარიც მოვიდა. მე ისევ ისე შორიდან ვეტრფოდი სოფოს. ზამთარში ჩექმაც ვაჩუქე, შემდეგ ვუთხარი - რესტორანში ხარ დაპატიჟებული-მეთქი. ის კი დავუმალე, მარტო მე და ის რომ ვიქნებოდით. მთელი ღამე თვალებდაჭყეტილმა, ოცნებაში გავათენე. გადაწყვეტილი მქონდა, რესტორნის მერე შინ მიმეყვანა და მასთან ვნებიანი ღამე გამეტარებინა. ჩემს ნაყიდ კაბაში, "შუბასა" და ჩექმაში გამოწყობილი მოვიდა. აღფრთოვანებული დავრჩი, ისეთი ლამაზი იყო. საღამო რესტორანში გავატარეთ, შინ კი ყავასა და ნამცხვარზე დავპატიჟე.
უარი არ უთქვამს. სანთლის შუქზე ვისხედით გვერდიგვერდ და მუსიკას ვუსმენდით. შემდეგ ნელ-ნელა მივეპარე, ხელი გადავხვიე და გახდა დავუწყე. არ გამძალიანებია. კაბა გავხადე, თან აღტაცებისა და ნეტარებისგან ვცახცახებდი. ჩექმაზე შესაკრავები გავუხსენი და გავხადე, მაგრამ იმის იქით აღარ გამიშვა. საცვლებისა და კოლჰოტის ამარა დარჩა. ვემუდარებოდი, გაიხადე-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად, იცით, რა მითხრა? შენი ნაყიდი რაც მქონდა, იმის გახდის უფლება გქონდა, დანარჩენი შენ არ გიყიდია, ამიტომ, არც იოცნებო, რომ გავიხდიო. მაშინ ვინანე, იმდენი რომ ვერ მოვიფიქრე - საცვლები მეყიდა. როგორც ჩანს, ბოლომდე არ ვიცნობ ქალის ბუნებას... ისე გავბრაზდი, მეორე დღესვე სამსახურიდან დავითხოვე და მისკენ აღარც გამიხედავს.
პატივისცემით, ყოფილი დირექტორი.