უკვე 2 წელია, შვილები არ მინახავს, რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდე და უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი უამრავი პრობლემის წინაშე. ჩეხური ენა არ ვიცი და მხოლოდ ინგლისურის ცოდნით ჩემი გამოცდილების შესაბამისი სამსახური ვერ ვიშოვე, ამიტომ იძულებული ვარ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ვიმუშაო. დიდი მადლობა უფალს ამისთვისაც... ვიცი, რომ ჩემი ოჯახის განადგურების გეგმა ბატონ გია დგებუაძის, ანუ "მასტერას" კაბინეტში შემუშავდა, ისიც ვიცი, რომ სიმართლე ჩემი ოჯახის მხარესაა და პაულო კოელიოს სიტყვებს მოვიშველიებ: თუ ღმერთი შენთანაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გებრძვის?! - ეს არის ამონარიდი ქეთევან ლომსაძის წერილიდან, რომელიც ამჟამად ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ცხოვრობს. მისი მეუღლე, მინდია ქაშიბაძე, ამავე ქალაქში 2010 წლის 6 დეკემბერს დააკავეს და დღემდე პრაღაში, პანკრაცის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რატომ ჩასვეს ციხეში ერთ დროს წარმატებული ბიზნესმენი, ამის თაობაზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გვიამბობს:
- მინდია ქაშიბაძე წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ლოკალური კომპიუტერული ქსელი და მოხერხდა პირველი ელექტრონული ფოსტის, ე.წ. მეილის მიღება საქართველოში. მისივე თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ცნობილი ქართველი შრიფტოლოგი ანტონ დუმბაძე, რომელმაც შექმნა პირველი ქართული სტანდარტული შრიფტები. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მინდია ქაშიბაძე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში პასუხსაგებ თანამდებობებზე. 2003 წელს მინდია ქაშიბაძეს თავის მეუღლესთან ერთად უკვე დაფუძნებული ჰქონდა კომპიუტერული კომპანია "მაქსტოპი" და ეძებდა პარტნიორს, რომელიც მის ფირმას დააფინანსებდა. სწორედ ამ მომენტში შემთხვევით გაესაუბრა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ თემურ გიორგაძეს, რომელმაც ინვესტორის პოვნა შესთავაზა. ასე დაფუძნდა ახალი კომპანია "მაქსტოპ პირველი", რომლის დამფუძნებლებად გაფორმდნენ: მინდია ქაშიბაძე, გივი გიორგაძე - თემურ გიორგაძის უფროსი ვაჟი და ქეთევან ჯაფარიძე - იმხანად პარლამენტარ ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის რძალი. სწორედ ამ კომპანიაში შეიქმნა პირველი ქართული ლეპტოპი "მაქსტოპი". ამ პროექტის განხორციელებიდან ერთ თვეში კომპანია "მაქსტოპ პირველი" "ინტელ"-ის პარტნიორი გახდა, ახალ პროექტებზე მუშაობდნენ და ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა.
- შემდეგ რა მოხდა?
- 2004-2005 წლებიდან ამ კომპანიას ფინანსური პოლიციის "ყურადღება" აღარ მოჰკლებია, კერძოდ, დაიბარეს მინდია ქაშიბაძე, როგორც "მაქსტოპ პირველის" დირექტორი და შესთავაზეს "ნაციონალურ მოძრაობას" დახმარებოდა: მისცეს ანგარიშის ნომერი, სადაც თავისი სურვილით ფული უნდა გადაერიცხა, რაზეც მინდიამ მტკიცე უარი განაცხადა. ამის შემდეგ დაიწყო კომპანიის ინტენსიური შემოწმება საბაჟოზეც და ადგილზეც, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. ბატონი მინდია არ მალავდა თავის კრიტიკულ თვალსაზრისს ხელისუფლებაზე, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაიპირისპირა მმართველი ძალა. ასე დაიწყო ტერორი მის წინააღმდეგ - სატელეფონო ზარები, შემოწმებები, ფინანსური პოლიციის მოულოდნელი "ვიზიტები"... ბოლოს კი დაიწყეს გამოძიება, ხომ არ ჩატარებულა 2004 წლის დასაწყისში "მაქსტოპის" მიერ ე.წ. უსაქონლო ოპერაცია. ბევრი იძიეს, მაგრამ ვერაფერი დაუდასტურეს. ამის მიუხედავად, გამომძიებელს დააწერინეს, რომ კომპანიის მიერ უსაქონლო ოპერაცია განხორციელდა და დაადეს ჯარიმა საურავებით 300 000 ლარამდე. ეს ყველაფერი 2007 წელს მოხდა. მალე 7 ნოემბრის მოვლენებიც განვითარდა. მინდია ქაშიბაძე ოპოზიციას აშკარად უჭერდა მხარს და თავის თვალსაზრისს არც მალავდა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა და ხელი შეუწყო ავთანდილ წერეთელსა და თემურ გიორგაძეს, მინდია საქმიდან ჩამოეშორებინათ.
- კონკრეტულად რაში დასდეს მას ბრალი?
- დაწერეს საჩივარი, რომ 2005 წლის დასაწყისში მინდიამ თითქოს ავთანდილ წერეთლისაგან ისესხა 650 000 დოლარი ბიზნესისთვის, ანუ "მაქსტოპისთვის". ბრალად დასდეს, რომ მინდიამ ეს თანხა კომპანიაში არ მიიტანა და არც პროცენტს უხდიდა წერეთელს. აქვე აღვნიშნავ, რომ კომპანიის ბუღალტერი და იურისტი ავთანდილ წერეთლის თანამშრომლები იყვნენ, თანაც, გიორგაძის ვაჟი და თვითონ გიორგაძე განაგებდნენ "მაქსტოპის" ფინანსებს. 2008 წელს წერეთელს უცებ "გაახსენდა" ამ ვალის შესახებ, ვითომ მოიკითხა და გაარკვია, რომ სალაროში ეს თანხა არ შემოსულა. გამოდის, რომ მინდიამ ეს თანხა თავისი საჭიროებისათვის დახარჯა, ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და დააზარალა კომპანია. მუხლი, რომელიც ამ დანაშაულს მიესადაგება, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, მათი განზრახვა იყო, რომ დაკავებული დათანხმდებოდა საპროცესო გარიგებას, მისი ბიზნესი კი წერეთელს და გიორგაძეს დარჩებოდათ.
ბატონი მინდია ამბობს, რომ ის დაიბარეს ავთო (ჭუტა) წერეთლის კაბინეტში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც მხედველობა დაუზიანდა. ქაშიბაძეზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც. ამ საქმეში ირიბად ჩართული იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც მინდია ქაშიბაძის მტკიცებით, ავთანდილ წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისაგან წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ. მართალია, მიხეილ მაჭავარიანმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია მინდია ქაშიბაძეს, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს ამ სიცრუეს. არსებობს ფოტოც, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია "მაქსტოპის" პრეზენტაციაზე მიხეილ მაჭავარიანი და მინდია ქაშიბაძე გვერდიგვერდ იდგნენ. იმედი მაქვს, დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო ამ საქმეს საფუძვლიანად გამოიძიებს. ქაშიბაძეს აქვს მასზე ზეწოლისა და წამების დამადასტურებელი ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ განსაჯაროვდება, თუმცა ისინი აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს მტკიცებულების სახით. აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ასე, დანაშაულის დამტკიცების გარეშე გაუსწორდნენ მინდია ქაშიბაძეს, ცხოვრება დაუნგრიეს, მისი ოჯახი კი უსახსროდ და უიმედოდ დატოვეს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)