გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობაზე ძალიან ბევრს კამათობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაგვები, რომლებსაც გენური ინჟინერიის გზით მიღებულ საკვებს აჭმევდნენ, კიბოთი დაავადდნენ, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამგვარი საკვები მავნებელი არ არის. საგულისხმოა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას თავისი ნიშანი აქვს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და როგორც ახალი მთავრობა გვაიმედებს, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება საქართველოშიც სავალდებულო იქნება. გვესაუბრება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.
- ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება აუცილებელია?
- რა თქმა უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რას მიირთმევენ. მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, რას ყიდულობს - გენმოდიფიცირებულ თუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. აქედან გამომდინარე, გენური ინჟინერიით დამზადებული პროდუქციის მარკირება აუცილებელია. ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ჯერ კიდევ 1994 წელს, როცა ბიომრავალფეროვნების კონვენციას შეუერთდა, ხოლო 2004 წელს "კარტახენას ოქმის" რატიფიცირება მოვახდინეთ. "კარტახენას ოქმი" გაეროს დოკუმენტია და უშუალოდ ეხება გენმოდიფიცირებული ნედლეულისა და პროდუქციის საკითხებს. იქ პირდაპირ წერია, რომ პროდუქცია უნდა იყოს მარკირებული. თანაც, არა მხოლოდ მზა პროდუქციის მარკირებაა აუცილებელი, არამედ იმ პროდუქციისაც, რომელიც შემოდის სათესლე მასალად და მისი გავრცელება ბუნებაში არანაკლებ მავნებელია, რადგან ჩვენს უნიკალურ ჯიშებს ანადგურებს. აქედან გამომდინარე, მეც და ჩემი თანამოაზრეებიც ვფიქრობთ, რომ უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა და საქართველო უნდა გამოცხადდეს გენმოდიფიცირებული პროდუქციისაგან თავისუფალ ზონად, ჩვენი უნიკალური ჯიშების მოსპობა და გადაგვარება რომ არ დაიწყოს. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენება უნდა აიკრძალოს. ვიმეორებ, მყიდველმა უნდა იცოდეს, რისგან არის დამზადებული პროდუქტი, რომელიც დახლზე დევს და არის თუ არა ის სახიფათო ჯანმრთელობისთვის.
- ბატონო ზურაბ, კამათობენ, რომ ამგვარი პროდუქტი შეიძლება სულაც არ იყოს მავნებელი. ალბათ, მისი შემოტანით ვიღაცას სერიოზული სარგებელი აქვს.
- რასაკვირველია, სარგებელი აქვთ. პირველ რიგში, არსებობს კატეგორია მეცნიერებისა, რომლებიც გრანტს იღებენ და ამ თემაზე მუშაობენ. ეს მათთვის შემოსავლის წყაროა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პროდუქცია შეიძლება არ იყოს მავნებელი ჯანმრთელობისათვის. ჩვენ კი საკითხს ასე ვსვამთ: ყველაფერი, რაც რისკის შემცველია, მოსახლეობას უნდა ავარიდოთ, რადგან გენური ინჟინერიით დამზადებული სურსათის გამოყენებისას რისკის ფაქტორი საკმაოდ დიდია. ამაზე მეტყველებს ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიც. კი ბატონო, მეცნიერებმა იკვლიონ, რაც უნდათ, ის დაამტკიცონ, მაგრამ ვიდრე რაიმეს გაარკვევენ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, საკვები, რომელსაც ჩვენი შვილები მიირთმევენ, მავნებელია თუ არა.
- ამგვარი პროდუქტის მარკირება სურსათის გაძვირებას ხომ არ გამოიწვევს?
- არსებობს ასეთი არგუმენტი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. გენმოდიფიცირებული პროდუქცია ყველგან, სადაც ის მოიხმარება, არის იაფი, ჩვენთან კი იმის გამო, რომ მომხმარებელმა არ იცის, რისთვის იხდის ფულს, უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მარკირება არ გააძვირებს პროდუქტს, პირიქით, თუ ეწერება, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული, მისი ფასი მკვეთრად დაიწევს. სამაგიეროდ, ნატურალური პროდუქტი გაძვირდება, რითაც ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს სტიმული მიეცემათ, რომ ნატურალური პროდუქცია აწარმოონ. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა. ამ ტიპის პროდუქტზე კი დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, დაინტერესდება ადგილობრივი ფერმერი, ადგილობრივი მეწარმე, ექსპორტის მაჩვენებელიც გაიზრდება და ქვეყანაში ვალუტაც შემოვა. სწორედ ამ გზით შემოსულმა ვალუტამ უნდა გაამყაროს ლარის კურსი და არა ნასესხებმა დოლარმა, რომელიც ეროვნულ ბანკში ინახება. დაიწყება იმპორტის ჩანაცვლება ექსპორტით, რის შედეგადაც ეროვნული წარმოება გაიზრდება, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ყურადღება მიექცეს.
- როგორი ფორმა აქვს მარკირებას საზღვარგარეთ და როგორი ექნება საქართველოში?
- საზღვარგარეთ მაღაზიებში ცალკე კუთხეა გამოყოფილი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია, რომ იქ იყიდება გენმოდიფიცირებული პროდუქტი. გარდა ამისა, თვითონ შეფუთვაზეც არის შესაბამისი წარწერა. ჩვენთანაც დაახლოებით ასე გაკეთდება: გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე აუცილებლად იქნება აღნიშნული, რომ ეს არის რისკის შემცველი პროდუქცია.წარწერა უნდა იყოს გამოკვეთილი, დიდი ასოებით დაწერილი და არა ისეთი, როცა მყიდველი ვერც კი არჩევს, იქ რა წერია. სუპერმარკეტებში კი ცალკე კუთხე უნდა გამოიყოს გენური ინჟინერიით დამზადებული პროდუქტისათვის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ არის.
- ბატონო ზურაბ, სიგარეტზეც არის ასეთი წარწერები, მაგრამ მაინც ეწევიან.
- ვერ დაგეთანხმებით, როდესაც სიგარეტის კოლოფებზე მკაფიო ასოებით დაიწერა, რომ ეს არის მავნებელი და მომწამვლელი პროდუქტი, ამან ბევრზე იმოქმედა. ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც მოწევას თავი დაანება. შეიძლება მარკირების მიუხედავად, ვინმემ გენმოდიფიცირებული პროდუქციაც შეიძინოს, რადგან ის უფრო იაფია, მაგრამ ის შეგნებულად წავა ამ რისკზე. რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობა მოტყუებული მაინც არ დარჩება.
- დასასრულ, როდის დაიწყება გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება?
- 2013 წლიდან, ალბათ, ჩვენს მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში გენური ინჟინერიით დამზადებულ პროდუქციას ცალკე ადგილი გამოეყოფა და შესაბამისი ნიშანი ექნება. ჯერჯერობით კი ამ გადაწყვეტილების შესაბამისი კანონი უნდა მომზადდეს.
ცნობისათვის
ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შეტანა აკრძალულია, ბევრგან კი - შეზღუდული. ხოლო ზოგიერთი ქვეყანა მსგავსი პროდუქციისგან თავისუფალ ზონად არის გამოცხადებული. საზღვარგარეთ მაღაზიებში ცალკე კუთხეა გამოყოფილი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია, რომ იქ იყიდება გენმოდიფიცირებული პროდუქტი. გარდა ამისა, თვითონ შეფუთვაზეც არის შესაბამისი წარწერა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)