არსად მითქვამს, რომ ოკუპაციის მუზემი უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, იური მეჩითოვმა "მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება მის პოზიციას, მეჩითოვი მიიჩნევს, რომ მუზეუმის სახელწოდება აბსურდულია.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ოკუპაციის გარდა, "სხვა ცხოვრებაც სუფევდა".
"ეს უნდა იყოს საბჭოთა პერიოდის მუზეუმი. მე მიცხოვრია იმ პერიოდში. რაღაც პერიოდს შეიძლება დაერქვას ოკუპაცია, მაგრამ სხვა ცხოვრებაც სუფევდა. ჩემი აზრია და მე არ ვახვევ ამას თავზე არავის, რომ ეს უნდა იყოს საბჭოთა პერიოდის მუზეუმი, სადაც იქნება ყველაფერი. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შავ-თეთრად დაინახო ცხოვრება, მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, მაგრამ ეს მუზეუმი არის შავი, წითელი ელემენტებით: ნატყვიარებით", - განაცხადა მეჩითოვმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე აღნიშნული მუზეუმის საკითხი საერთოდ არ განიხილება, რადგან სამინისტროს "სხვა უამრავი საქმე აქვს".