მექსიკის პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებიდან ("მექსიკის შეერთებული შტატები") "შეერთებული შტატების" ამოღების ინიციატივით გამოვიდა. კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტში 22 ნოემბერს შეიტანა.
"მოვიდა დრო, ქვეყანამ საკუთარი ლამაზი და მარტივი სახელი, მექსიკა დაიბრუნოს",- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნის სახელი "სხვა სახელმწიფოების მიბაძვით" მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. მექსიკის შეერთებული შტატები ქვეყანას 1824 წელს ეწოდა, მას შემდეგ, რაც მან ესპანეთიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ქვეყნის ოფიციალური სახელს ძირითადად ოფიციალურ დოკუმენტებსა და ვალუტის კუპიურებზე იყენებენ. იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის არ გამოიყენება. "მაპატიეთ კალამბურისთვის, მაგრამ მექსიკის სახელი - მექსიკაა",- განაცხადა პრეზიდენტმა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.