საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 5.5 პროცენტამდე ამცირებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლებიც. განახლებული პროგნოზით, მომავალი წლიდან ინფლაცია ზომიერ ზრდას დაიწყებს, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბლა დარჩება.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორები ოქტომბერში მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს, რაც ფასების შემცირების მიმართულებით მოქმედებს.
2013 წელს გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ფასების დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.
წლის პირველ ნახევარში ზრდის ტენდენცია ჰქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება მესამე კვარტალშიც გაგრძელდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაფართოებას ხელს უწყობს ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდის ტემპის შენელებაც, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპაში არსებული ეკონომიკური ვითარება.
"იქიდან გამომდინარე, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 19 დეკემბერს გაიმართება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9