სოდ-ისა და კუდ-ის სამი მაღალჩინოსანი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან თავისუფლდებიან , სავარაუდოდ, საპყრობილეს ამაღამვე დატოვებენ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის შემდეგ მათმა ადვოკატებმა განაცხადეს.
როგორც დავით ხაჟალიამ აღნიშნა, თანხის გადახდა უახლოეს საათებში მოხდება, რის შემდეგაც ყავლაშვილი გლდანის დაწესებულებას დატოვებს.
ყველაზე ახალგაზრდა მაღალჩინოსნის, ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ შესაძლოა ჯამალაშვილის ოჯახმა დღესვე უზრუნველყოს თანხის გადახდა და დღესვე მოხდეს პატიმრის გათავისუფლება გლდანის #8-ე დაწესებულებიდან.
"ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი. დღეს მივხვდი, რომ ქართული სასამართლო დემოკრატიის გზაზე დადგა. ვეცდებით, უახლოეს პერიოდში მოვახდინოთ თანხის გადახდა", - აღნიშნა ჯამალაშვილის ადვოკატმა.
ადვოკატ ირაკლი ჩიკვილაძის განცხადებით კი, რომელიც 4 ბრალდებულის ინტერესებს იცავს და ოთხიდან მხოლოდ ერთს, ავთანდილ სოლომნიშვილს დაუკმაყოფილდა სააპელაციო სარჩელი, თანხის უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში მოხდება და, სავარაუდოდ, სოლომნიშვილიც დღეს დატოვებს გლდანის დაწესებულებას. რაც შეეხება კიდევ ერთი დაკმაყოფილებული სარჩელის ავტორს, ბრალდებულ გიორგი ჯავახიძეს, მისი ადვოკატის, ვლადიმერ ნორაკიძის განცხადებით, გირაოს თანხის გადახდა მოხდება ხვალ, რის შემდეგაც ჯავახიძე საპატიმროს ხვალვე დატოვებს. აქვე ავთანდილ სოლომნიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩიკვილაძემ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 4 პირიდან თითქმის ყველას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდა და მოსამართლის გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, გაურკვეველია.
რაც შეეხება დანარჩენ 6 ბრალდებულს, რომელთა საჩივრებიც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ისინი გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. მათი ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატური და უსამართლო იყო, რადგან მათი ბრალდებაც გირაოთი გათავისუფლებული პირების ბრალდების თითქმის იდენტური იყო. კუდ-ისა და სოდ-ის 10 მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას შანტაჟისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 15 ნოემბერს დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ათივე პირს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 10 პირიდან ოთხის სააპელაციო სარჩელი დღეს დაკმაყოფილდა და მათ გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.