ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში მიმდინარე რთულ პროცესებზე თვალსაზრისს მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პარლამენტის ყოფილი წევრი რეზო ჭეიშვილი გამოხატავს:
- ლიტერატურულ ასპარეზზე ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ქალბატონები უფრო აქტიურობენ, - მწერლები და ლიტერატურისმცოდნეები, - აქვეყნებენ წერილებს მწერლობასა და მწერლებზე. ესეც ჩვენი რეალობის, დღევანდელობის გამოძახილია, მივიჩნევ, რომ დღეს საინტერესო არაფერი ხდება. მწერალს მაინც სხვა ტვირთი აქვს; ერთხელ სუფრასთან ერთმა ჩემმა კოლეგამ აურია, გვერდით სუფრასთან მოძველბიჭო ელემენტები ისხდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მასზე თქვა: თუ მწერალია, წავიდეს და წეროს, აქ რას მიზისო. ეს ფრაზა სამუდამოდ დამამახსოვრდა. მართლაც, თუ ვინმე მწერალია, დაჯდეს და წეროს, არავინ უშლის. ეს ადრე ჰქონდა მწერალს შიში და კანკალს: დამიბეჭდავენ თუ არა ნაწარმოებსო, ახლა ძალაშია ფორმულა: წერე და იკითხე!
კომუნისტების ეპოქაში მწერალი სჭირდებოდათ მაინც, დღეს კი ვითარება შეიცვალა. ადრე ბევრი რამ აკრძალული იყო, მიხეილ ჯავახიშვილის კითხვის გამო ერთი ჩემი თანაკურსელი კინაღამ უნივერსიტეტიდან გარიცხეს. თუმცა, წიგნის კითხვა მოდური მაინც იყო.
- თქვენ და ელდარ შენგელაიას ხანგრძლივი თანამშრომლობა გაკავშირებთ, მუშაობდით ფილმებზე: "ცისფერი მთები"; "სამანიშვილის დედინაცვალი"; "ექსპრეს-ინფორმაცია"...
- ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ახლახან დავასრულე მუშაობა ვრცელ მოთხრობაზე "ჭალია ბლოკი", რომელიც, დიდი ალბათობით, ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს დაედება საფუძვლად. ჩვენი ურთიერთობა კი 30 წლის წინ კინოსტუდიიდან დაიწყო, მისი არაერთი ფილმის სცენარის ავტორი ვარ.
- სად და როდის ხდება მოქმედება ახალ სცენარში?
- ნაწარმოები ჩვენს რეალობაზეა, ჩემთვის გუშინდელ დღეზე, რომელიც ყოველთვის ჰგავს დღევანდელს. მოქმედება ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობს. შესაძლოა, გადაღებები წელსვე დაიწყოს, მაგრამ წინ ზამთარია და პავილიონში თუ იქნება ეს შესაძლებელი. "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" უფრო პავილიონშია გადაღებული, მაგრამ იქ სცენარი იძლეოდა ამის საშუალებას. სხვათა შორის, ერთ-ერთ თეატრში "ცისფერი მთების" დადგმა უნდოდათ, მაგრამ ელდარმა დამარწმუნა (და მართალიც იყო), რომ სპექტაკლი შესაძლოა, არ გამოსულიყო, მით უმეტეს - ფილმში გენიალური არტისტების - სესილია თაყაიშვილის, თემიკო ჩირგაძისა და სხვების თამაშის შემდეგ.
- გაქვთ იმედი, რომ ეს ფილმიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც თქვენი წინა ერთობლივი ნამუშევრები?
- მჯერა, წარმატებული იქნება.
- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური დამოკიდებულება ხელოვანსა და ხელისუფლებას შორის? ერთხელ თქვით, ყველას ოპოზიციაში ვარო...
- ვფიქრობ ისეთი, როგორიც ამჟამად არის - აპათიური, დაახლოებით ასე: სახელმწიფოს მწერლის საქმე არ აინტერესებს, მწერალს - სახელმწიფოსი. ახლა კულტურის სამინისტროში ახალი მინისტრი მივიდა - მწერალი გურამ ოდიშარია.
- და როგორია თქვენი აზრი კულტურის ახალ მინისტრზე?
- გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრად დანიშვნა ცოტა მოულოდნელი იყო. მალე მიხვდება, რომ იქ არასასიამოვნო გარემოა. ჩემი აზრით, იქ უფრო საქმის წარმმართველი კაცი უნდა დაენიშნათ, მენეჯერი, როგორც ახლა ამბობენ. ისე, გურამ ოდიშარია ძალზე წესიერი ადამიანია, გაწონასწორებული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ხშირად კარგავენ ურთიერთობას ხალხთან, მთავარია, ეს არ დაემართოს.
- როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს? თქვენ ლოიალურად იყავით განწყობილი ყოფილი ხელისუფლების მიმართ. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მისი მარცხი?
- ამ გუნდმა ვერ მოახერხა ადამიანების გვერდით დგომა, ვერ გათვალა, რა შედეგს მოიტანდა ესა თუ ის ნაბიჯი. ახლა ძალზე გაურკვეველი მდგომარეობაა, ყველა პოლიტიკაშია ჩართული, თუკი ეს არის პოლიტიკა: ის იქ დანიშნეს, ეს მინისტრის მოადგილედ წაიყვანეს და ა.შ. ისიც ვერ აუტანიათ, რომ პარლამენტი ქუთაისშია. ახლა უკან დაბრუნება უნდათ.
- არჩევნებამდე ამბობდით, სააკაშვილი ოპოზიციაზე ჭკვიანიაო...
- ჩემი ნათქვამი გამართლდა, სააკაშვილი ისევ თავის ადგილზეა, უფრო თავისუფალიც არის და შორს იხედება, უცხოეთშიც ანგარიშს უწევენ.
- ბოლო ხანს ხშირად საუბრობენ რუსეთთან ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. შესაძლებელია ეს დღევანდელ ვითარებაში?
- რასაკვირველია, შესაძლებელია, თუკი ქართული მხარე მხოლოდ თანასწორუფლებიან ურთიერთობაზე იქნება თანახმა და არა მონურ დამოკიდებულებაზე. რუსეთთან კულტურული ურთიერთობა ომის შემდეგ შეწყდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები დაშორდნენ რუსულ კულტურულ სივრცეს, არადა, რუსულ კულტურას, განსაკუთრებით - მწერლობას, თეატრს, ბალეტს ყოველთვის ჰქონდა თავისი ადგილი ევროპაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი საამისოდ არც ტრადიციები ჰყოფნის და არც გამოცდილება.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)