"კლიპი გადავიღე სიმღერაზე - "მე მინდა შენთან". მუსიკისა და ტექსტის ავტორი მე ვარ. სიმღერას ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერალთან - თამრო დუდუნიასთან ერთად ვასრულებ", - მითხრა მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა მომღერალმა გიგა კვენეტაძემ, რომელმაც ერთ-ერთ კაფეში ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. კლიპის ნახვის შემდეგ გიგას გავესაუბრე; ის ხომ უკვე წლებია, მოსკოვში საქმიანობს და ბუნებრივია, მის მიმართ კითხვებიც დაგროვდა.
- რატომ გადაწყვიტე, თამროსთან ერთად გემღერა და მასთან ერთად კლიპიც გადაგეღო?
- უკვე წელიწადზე მეტია, თამროსთან ვთანამშრომლობ. მან უკვე დაასრულა ახალ რუსულენოვან ალბომზე მუშაობა, რომელში შესული სიმღერების ავტორი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მე გახლავართ და ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც მალე გაიმართება... თამრო დუდუნია რუსეთში მცხოვრები დამწყები მომღერალია. ის სამ წლამდე აქ იზრდებოდა, შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გვპირდება, რომ ცოტა ხანში ისწავლის.
- ამ კლიპის პრეზენტაცია თბილისში რატომ გადაწყვიტეთ?
- დიდი ხანია, საქართველოში არ გამოვჩენილვარ და მომინდა, ეს ახალი ნამუშევარი პირველად ქართველებს ენახათ. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. ამასთან, თამროს საქართველოში არ იცნობდნენ და ამ საღამოს საზოგადოების წინაშე მისი წარდგენაც მოხდა.
- მერე ახალი კლიპით კმაყოფილი ხარ?
- მიხარია, რომ ჩემი და თამროს ტანდემი შედგა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა: კლიპის რეჟისორს - გოჩა ლომთაძეს, პროექტის დირექტორ შოთა ქასრაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა. კლიპს 2 დღის განმავლობაში, ბათუმში ვიღებდით.
- რეჟისორის გადაწყვეტილება მოგეწონა?
- სიუჟეტი არ არის ცუდი: შაჰიდ ქალს აძლევენ დავალებას, რომ ააფეთქოს ერთ-ერთი კლუბი, მაგრამ ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად ქალს საკუთარი გარეგნობა უშლის ხელს. საჭირო გახდება მისი დაფინანსება, რათა იმიჯი შეიცვალოს და გარდაიქმნას ლამაზ ქალად. ამ საქმეში მას ჩემი პერსონაჟი ეხმარება. ქალს ახალი იმიჯი ისე მოეწონება, რომ საბოლოოდ, კლუბის აფეთქებაზე უარს იტყვის... მოკლედ, ყველაფერი კარგად მთავრდება...
- უკვე დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობ. გვითხარი, იქ კონკრეტულად რას საქმიანობ?
- დღესდღეობით მოსკოვში კომპოზიტორის ამპლუაში, აქტიურად ვმუშაობ. ჩემს სიმღერებს მღერიან ისეთი ცნობილი ჯგუფები თუ სოლო მომღერლები, როგორებიც არიან: "ა სტუდიო", "დისკოთეკა ი ავარია", დიანა ღურწკაია, დათო ხუჯაძე, დავით კალანდაძე, ჟასმინი... უმეტესად, მე და დათო ხუჯაძე ერთად ვმუშაობთ და ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ...
- გიგა, რა გახდა შენი საქართველოდან წასვლის მიზეზი?
- ალბათ, ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა აღარ მინდოდა. მსურდა, ჩემი შემოქმედება განვითარებულიყო...
- არადა, ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღე - ანუ მაშინ, როდესაც ქართველები მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ... ვფიქრობ, შენი ნაბიჯი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული...
- კი, ასე იყო, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ...
- რითი ხარ კმაყოფილი? მაინც, რა გარდატეხა მოხდა შენს შემოქმედებაში?
- უპირველესად ის, რომ შემოქმედებითად გავიზარდე, ჩემს სიმღერებზე მოთხოვნილება აქვთ ცნობილ მომღერლებს და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის...
- ასე მგონია, ქართულად ლაპარაკი გიჭირს, სიტყვები გავიწყდება...
- კი, ასეა (იცინის)!
- არ გაგიჭირდა მოსკოვში ცხოვრება და იქაურობასთან შეგუება?
- ძნელია რუსულ გარემოსთან შეგუება, მაგრამ ეს სირთულე დავძლიე. თუ რაღაც მიზანი გაქვს დასახული და მის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, შედეგი აუცილებლად იქნება. მთავარია, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილო არ დარჩე... ადრე საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. როდესაც გადაწყდა, რომ მოსკოვში მივდიოდი, ვიფიქრე, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი; საქმე რომ ამეწყო, დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და საკუთარი თავის ვირწმუნე... მოსკოვში დამხვდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი სიყვარულით მიმიღეს და მიჩვენეს სწორი გზა. მათ შორის იყო არც ისე ცნობილი ადამიანი - ნუგზარ წიკლაური, რომელსაც მინდა, თქვენი მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა დათო ხუჯაძეს, რომელიც ჩემი "გზამკვლევი" იყო. მან ბევრი რამ მასწავლა და ამიხსნა. მადლობა ქეთა თოფურიას იმის გამო, რომ მუდამ მეხმარება, ჩემს სიმღერებს სხვადასხვა ცნობილმა მომღერალმა მოუსმინოს. ის ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანია...
- მუსიკის გარდა, კიდევ რას აკეთებ?
- მერწმუნეთ, დილიდან საღამომდე მუსიკაში ვარ ჩაფლული... საღამოობით ამა თუ იმ პრეზენტაციაზე, საღამოსა თუ პრემიერაზე წასვლა მიწევს ხოლმე. მუსიკის მხრივ მოსკოვი ძალიან აქტიური ქალაქია და იქაურმა მუსიკოსებმაც ზუსტად იციან, რას, რატომ და რისთვის აკეთებენ.
- აპირებ, რომ მოსკოვში საზოგადოებას როგორც მომღერალი, ისე წარუდგე?
- რა თქმა უნდა.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- ვცხოვრობ მოსკოვის ცენტრში, მარტო... ჩემი ცხოვრება ძირითადად, შემოქმედებითი ფიქრით არის დატვირთული; ასევე, მუდმივად ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.
- დაოჯახებას არ აპირებ?
- ჯერჯერობით, არა.
- წლები სიმღერაში რომ გაგიფრინდეს?..
- შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ არა უშავს - სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება (იღიმის).
- საქართველოში ვინ გყავს?
- დედა და და. ისინი ამჟამად ქუთაისში არიან. ვიცი, რომ დედას ჩემი და, სიძე და დისშვილები ყურადღებას არ აკლებენ და მოსკოვში მშვიდად ვარ. რაც შეეხება მამას, ის მაშინ გარდაიცვალა, როცა მოსკოვში წავედი...
- გიგა, გისმენ და რატომღაც მგონია, რომ საქართველოში დაბრუნებას აღარ გეგმავ...
- ძალიან მენატრება და მიყვარს საქართველო, ქართველები. დღევანდელი საღამოც იმის დასტურია, რომ სამშობლო არ მავიწყდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო... მართალია, ცოტა ხანში ორმაგი მოქალაქეობა მექნება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - მე უპირველესად, ქართველი ვარ! საკუთარი შემოქმედების გატანა ბევრ ქვეყანაში შემიძლია.
- საქართველოში ნამღერი რეპერტუარიდან გამომდინარე, აქ მტირალა გიგას გეძახდნენ. მოსკოვში ეს ამბავი თუ იციან?
- სხვათა შორის, დღესაც ვაგრძელებ ამ ტრადიციას და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ოდესმე ტირილს შევწყვეტ (იცინის).
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)