რუსეთის კულტურის ცნობილ მოღვაწეთა ჯგუფი მოსკოვის დიდი თეატრის დირექტორად რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონის ნიკოლოზ ცისკარიძის დანიშვნას ითხოვს. ჯგუფი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს. ამის შესახებ საკუთარ ბლოგზე საერთაშორისო თანამეგობრობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოვმა დაწერა. მისი თქმით, წერილის ავტორები თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ანატოლი იკსანოვის გათავისუფლებას მოითხოვენ.
წერილის ავტორი 12 ადამიანია: მსახიობი ვლადიმერ ანდრეევი, მწვრთნელი ირინა ვინერი, რეჟისორი გალინა ვოლჩეკი, პედაგოგი იური ვლადიმიროვი, ქორეოგრაფი მიხეილ ლავროვსკი, ცნობილი ბალერინა მარია ლეონოვა, ოპერის მომღერალი ელენა ობრაზცოვა, ტენორი ზურაბ სოტკილავა, რეჟისორი მარკ ზახაროვი და ოლეგ ტაბაკოვი, ასევე მსახიობები ალისა ფრეინდლიხი და გენადი ხაზანოვი.
კულტურის მოღვაწეები წერენ, რომ "თეატრის წამყვანი სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა 2012 წლის დეკემბრიდან ცვლილებების განხორციელება, რომელიც თეატრის გენერალური დირექტორის ანატოლი იკსანოვის შეცვლით უნდა დაიწყოს. იკსანოვი ამ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს.
ნიკოლოზ ცისკარიძეს წარსულში მოსკოვის დიდი თეატრის დირექციასთან კონფლიქტი ჰქონდა. 2012 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორეოგრაფთან კონფლიქტი მოგვარდა. თავად ცისკარიძე აცხადებდა, რომ დაპირისპირების მიზეზი მისი მხრიდან თეატრის ხელმძღვანელობის კრიტიკა გახდა. ქორეოგრაფი არ მალავდა საკუთარ დამოკიდებულებას თეატრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმერ მედინსკიმ ისკანოვთან სამწლიანი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. ამგვარად, ისკანოვი რუსეთის დიდი თეატრის დირექტორის თანამდებობაზე 2014 წლის ბოლომდე დარჩება.
მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.