ვინ და როდის არის ხელშეუხებელი?

ვინ და როდის არის ხელშეუხებელი?

ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და თბილისის მერის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის, აგრეთვე, კუდისა და სოდის რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს, სად შეიძლება მიგვიყვანოს მიმდინარე პროცესმა. რომელი თანამდებობის პირებსა და როდის, რა შემთხვევაში აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია, ვის რა ხარისხით ანიჭებს კანონი იმუნიტეტს? - ამ საკითხზე ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- თანამდებობის პირთა გარკვეული წრე იმუნიტეტით, ანუ ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობს, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს პირები, ერთი მხრივ, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ, ხალხის მიერ არჩეულნი არიან და მეორე მხრივ, მათი საქმიანობა სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იმუნიტეტის მქონე თანამდებობის პირის დასაპატიმრებლად მხოლოდ სანქცია არ არის საკმარისი, ჯერ საკითხის განსაზღვრული წესით განხილვაა აუცილებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს დანაშაულზე წაასწრებენ, რაც დაუყოვ­ნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოს.

- რა შეიძლება გახდეს, მაგალითად, ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი?

- საქართველოს კონსტიტუციით, პრე­ზიდენტი ხელშეუხებელია; თუმცა, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუკი კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით. ამასთანავე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს, ხოლო ზემოაღნიშნული პროცედურების გავლისა და დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუკი ამ გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 დაუჭერს, ეს სხვა ქვეყნებშიც კარგად აპრობირებული პროცედურაა, თუმცა, ჩვენთან უფრო გართულებულია.

- ყოფილი პრეზიდენტის მიმართ რა შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა?

- კონსტიტუციაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ყოფილ პრეზიდენტს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის, დაცვა, სახელმწიფო უზრუნველყოფა უნარჩუნდება, ამასთანავე, ის სახელმწიფო საიდუმლოების მატარებელია.

- ახლახან კუდისა და სოდის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ერთ-ერთ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი უკანონო გზით მოპოვებული აუდიოჩანაწერით პრეზიდენტის სასახლეში შევიდა... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი გამოძიება დაადგენს, რომ პრეზიდენტმა იცოდა ამ ფარული ჩანაწერების არსებობის შესახებ ან ეს ჩანაწერი მისი დავალებით განხორციელდა? შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება?

- უპირველესად, უნდა დადასტურდეს, რომ პრეზიდენტმა იცოდა ამ უკანონო მოსმენების თაობაზე. თუკი ეს დადასტურდა, შეიძლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩაითვალოს, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, "ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით ხელშეუხებელია". კონსტიტუციის დარღვევა შესაძლოა, გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი სჭირდება, ამდენი დეპუტატი კი კოალიცია "ქართულ ოცნებას" ამჟამად პარლამენტში არ ჰყავს. ჩემი აზრით, პოლიტიკურად უფრო გამართლებული იქნება პარლამენტმა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს და მოქმედ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნისა და მთავრობის გადაყენების უფლება. ამ შემთხვევაში ქვეყანაში მეტი სტაბილურობა იქნება და როგორც თვითონ სააკაშვილმა თქვა, ორხელისუფლებიანობა დასრულდება.

ვნახოთ, სად მიგვიყვანს გამოძიებათა ჯაჭვი, თეორიულად ყველამ ვიცით, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი თუნდაც ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, ან თუნდაც ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის ომის დროს ისეთი ადამიანები იძლეოდნენ ბრძანებებს, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რას აკეთებდა ამ დროს უმაღლესი მთავარსარდალი? მაგრამ ამ ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება.

- რა შემთხვევაში შეიძლება იმპიჩმენტის წესით საკონსტიტუც­იო სასამართლოს თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება?

- კონსტიტუციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ასეთივე იმუნიტეტით სარგებლობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები, ოღონდ ამ შემთხვევაში დაკავებისთვის, ჩხრეკისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. ასევე ხელშეუხებელია მოსამართლეც, რომლის დაკავებასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა სჭირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, მთავარი პროკურორის, მთავრობის წევრების, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებას არა დეპუტატთა საერთო რიცხვის ორი მესამედი (როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში), არამედ უმრავლესობა სჭირდება.

- ვინ სარგებლობს დიპლომატიური ხელშეუხებლობით?

- ამგვარი ხელშეუხებლობით სარგებლობენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, საელჩოსა და სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. მათი დაპატიმრება, ჩხრეკა დაუშვებელია; თუ მათ დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საელჩოს, მისი წარმომადგენელი ყველა პროცედურას უნდა დაესწროს.. საზოგადოებას ახსოვს დიპლომატ გიგა მახარაძის აშშ-ში გასამართლების გახმაურებული საქმე, მას ქართულმა მხარემ იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, უმეტესწილად დიპლომატის გაწვევა ხდება ხოლმე, რაც არ ნიშნავს, რომ მან ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ უნდა აგოს.

- სარგებლობენ თუ არა ხელშეუხებლობით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები?

- პარლამენტის თავმჯდომარე ამ თვალსაზრისით, პარლამენტის რიგით წევრთან არის გათანაბრებული. პარლამენტის წევრის დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, აქაც გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდა­ტები რეგისტრირების დღიდან არიან ხელშეუხებელნი, ეს პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლისგან დაცვის ერთგვარი მექანიზმია საარჩევნო პროცესში.

"სახალხო დამცველის შესახებ" კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა