ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იმერული ოჯახია, თუმცა მათ სახლში ბევრი უჩვეულო ნივთია. ბერა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ნამუშევრებისა, რაც ლაბაძეების ოჯახში ინახება. საკუთარ თავს "სამი ხელოვანი" დაარქვეს და ქვეყანაში თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა გერბების და სლოგანების გამოყენებით ასახეს.
ოჯახში სამნი არიან, მამა და შვილები - მიხეილ, აკაკი და ციცინო ლაბაძეები. მხატვრობა, დიზაინი და ქანდაკება ლაბაძეების ოჯახის ყველა წევრმა თვითონ ისწავლა. საყვარელი ადამიანები საკუთარი ნიჭის წყალობით ისტორიის კუთვნილებად აქციეს - "მე და ჩემი შვილები ვმუშაობთ წაბლის მასალაზე, ადამიანის სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მინდა რომ ჩვენმა ნამუშევრებმა საუკუნეებს გაუძლოს", - ამბობს მიხეილ ლაბაძე და ნამუშევრებს გვათვალიერებინებს.
საუკეთესო ნამუშევრად ბერა ივანიშვილის პორტრეტს მიიჩნევენ, რომლის შექმნასაც წელიწადზე მეტი დრო დაუთმეს. "მთელი წლის განმავლობაში იცვლებოდა მისი დიზაინი, ვაკვირდებოდით მის შემოქმედებას. მისმა დასკვნითმა კონცერტმა დაგვანახა, რომ ბერა საქართველოში უძლიერესია", - ამბობს ციცინო ლაბაძე.
ლაბაძეებს ყურადღების მიღმა არც ივანიშვილების ოჯახის სხვა წევრები დარჩენიათ. ივანიშვილების პორტრეტი ოჯახის კედელზე საპატიო ადგილს იკავებს.
"ეს კაცი მარტო მე კი არა, მთელ საქართველოს უყვარს, როგორ შეიძლება რომ არ გიყვარდეს, რაც ამ კარგმა კაცმა საქმეები აკეთა!, - ამბობს ოჯახის უფროსი და საკუთარ ნამუშევრებს აფასებს, - ბერას პორტრეტი 2 მლნ დოლარად შეფასდა, საოჯახო პორტრეტი მლნ დოლარად. მე შემეძლო ამაზე 10, 20, 50 მილიონი დამედო, მაგრამ, სიმბოლური ფასი დავადე, ეს მათთვის შეიქმნა, ივანიშვილებისთვის. თუ უნდათ, საჩუქრადაც წაიღონ."
მათ ნამუშევრებში პრეზიდენტის პორტრეტიც არის. ის "ვარდების რევოლუციის" ეიფორიის ნაყოფია. ”მე ძალიან მომეწონა უსისხლო და უმტკივნეულო პროცესი, ეს ნამუშევარი თვითონ ჩვენმა პრეზიდენტმა შეაფასოს. ხელოვანმა ყველა პოლიტიკური მოვლენა უნდა ასახოს", - ასე ფიქრობენ ლაბაძეები და საკუთარ გვარს საკუთარ ნამუშევრებთან ერთად, ისტორიაში შესვლას უწინასწარმეტყველებენ.
ელენე ცინცაძე