სალომე მახარაძე წლებია ძველი ხელისუფლების პირობებში ამა თუ იმ უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელია. წინა კვირას მან ახალ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის დეტალები გაახმაურა. მახარაძის თქმით, მინისტრს უნდოდა მასთან მუშაობა და ერთი თვის განმავლობაში მათ კარგი საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს, მაგრამ ბოლოს, მინისტრთან საუბრისას გაირკვა, რომ სალომე სამსახურში ვერ დარჩებოდა, რადგან პრესსამსახურის უფროსები, მითითების შესაბამისად, მხოლოდ ახლო მეგობრული წრიდან უნდა დაინიშნონ. როდესაც სალომეს შევხვდით, მას სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, არც მინისტრს ჰყავდა გათავისუფლებული იმ დროისთვის. როგორი იყო დიმიტრი შაშკინსა და ბაჩო ახალაიასთან მუშაობის წლები, სალომე თავად გვიამბობს.
- სიმართლე გითხრათ, წამოსვლაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ბატონ ირაკლის მოსვლიდან რამდენიმე საათში შევხვდი და ვკითხე, ვინმესთვის უნდა გადამებარებინა თუ არა ჩემი საქმე. თუკი აპირებდა, რომ ჩემთან ემუშავა, მაშინ ის უნდა მცოდნოდა, როგორ უნდა გვემუშავა ერთობლივად. შეიძლებოდა, ნებისმიერ დროს ახალი რამ მომხდარიყო, რაზეც ჟურნალისტებს შეკითხვები ექნებოდათ, მე კი ჩემს თავზე ვერ ავიღებდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრას. სამწუხაროდ, და ამის შესახებ მუდმივად ვდარდობ, საქართველოში პიარის სამსახურის უფროსი სტრატეგიას ამ მიმართულებით არ განსაზღვრავს, როგორც წესით უნდა ხდებოდეს. წლებია, ამ სფეროში ვმუშაობ და ბევრად უფრო დამოკიდებული ხარ ხელმძღვანელზე, პიარს ხშირად უწყების პოლიტიკური ხელმძღვანელი განსაზღვრავს... ისევ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს რომ დავუბრუნდეთ, მაშინ გადაწყდა, რომ ჩემს სამსახურს გავაგრძელებდი. ამ ერთი თვის განმავლობაში მასთან მუშაობა საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სატელევიზიო ინტერვიუს და არც პრესასთან ვრცელ საუბარს არ დათანხმდა, ეს ჩემთვის გარკვეულწილად გასაგები იყო, არა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მიჩვეული ვარ ჩაკეტილ მინისტრებს, არამედ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა და ახალ მინისტრს დრო სჭირდებოდა საკითხებში გასარკვევად, სანამ გადაცემაში სტუმრობას ან პრესასთან შეხვედრას დათანხმებოდა. ჩემი დაკვირვებით, ის ბრმად არ ენდობა ადამიანებს, გისმენს და გეკითხება, რა არგუმენტები გაქვს და რატომ ჯობია ასე და არა სხვანაირად. შესაბამისად, ითვალისწინებს კიდეც ბევრ რამეს.
- თქვენ როდის გითხრათ, რომ ამ თანამდებობაზე აღარ მოგიაზრებდათ?
- შაბათ საღამოს. მანამდე ჩვენ ტექსტური შეტყობინებებით ვკონტაქტობდით და სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობდით. სიმართლე გითხრათ, ვინაიდან შაბათი იყო, თანაც საღამო, ვიფიქრე, რომ სწორედ ამ გეგმებზე უნდა გველაპარაკა და ფურცლებით შეიარაღებული მივედი. მითხრა, რომ მიუხედავად მისი კარგი განწყობისა ჩემ მიმართ ამ ერთი თვის განმავლობაში, ასეთია ზოგადი პოლიტიკა და წამყვან თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ ადამიანები ახლო სამეგობრო წრიდან. ის იძულებული იყო, ეთხოვა ჩემთვის, დამეწერა განცხადება წასვლის თაობაზე. ამაზე უარი ვუთხარი. ეს ტყუილი იქნებოდა და ამიტომ თავად უნდა გავეთავისუფლებინე. ვფიქრობ, ადამიანურად გაუჭირდა, რადგან ამ ერთი თვის განმავლობაში მთლიანად გადავეწყვე და ვეცადე, სამომავლო გეგმები დაგვესახა.
- პიარ-მრჩეველი უწყებაში მინისტრთან ყველაზე დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევა და რატომ ფიქრობდით, რომ თქვენ დაგტოვებდნენ?
- არ ვფიქრობ, რომ პიარი მაინცდამაინც მეგობარმა უნდა გირჩიოს. ეს პროფესიაა. მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, ყველა ვითარებაში უნდა იპოვო ოპტიმალური გამოსავალი და ნებისმიერ ხელმძღვანელს ურჩიო ის, რასაც სხვას ურჩევდი. პიარი არ გულისხმობს იმას, რომ ძალიან დაახლოებული იყო ხელმძღვანელთან. ეს ზერელე მიდგომა და არაპროფესიონალიზმია. ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური წრეების ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს დამოკიდებულებაა. პიარი არის შუამავალი საზოგადოებასა და გარკვეულ უწყებას შორის და უნდა მიეცეს მას საშუალება, ეს გააკეთოს. სამწუხაროდ, მე ხშირად არ მეძლეოდა ამის საშუალება. ეს, გარკვეულწილად, შეიძლება პიროვნული მიდგომების გამოც ხდებოდა და ასევე იმიტომაც, რომ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკა იყო.
- სად გიმუშავიათ, უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მკითხველს თქვენი თავი...
- მუშაობა დავიწყე ტელეკომპანია "ევრიკაში", საავტორო გადაცემით. შემდეგ "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურში გადავინაცვლე, მერე "იბერიაში", "მზეში". ორი თვე დავისვენე სამაგისტრო ნაშრომის გამო და სასჯელაღსრულების სისტემიდან მივიღე სამსახურზე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ჯერ დეპარტამენტში გახლდით, შემდეგ ბატონ შაშკინთან ვიმუშავე სამინისტროში. თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ მან თავისთან დამიძახა. სამი წელი იქ ვიმუშავე. შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში სამი მინისტრი გამოიცვალა - ახალაია, ზღულაძე, ღარიბაშვილი.
- ბაჩო ახალაიას როგორ დაახასიათებთ, როგორი უფროსი იყო?
- მისი ზოგადი დახასიათებისგან თავს შევიკავებ, როგორც უფროსზე, შემიძლია გითხრათ - საკმაოდ ჩაკეტილი გახლდათ. ასეთ პირობებში მყოფ ადამიანზე ძნელია ამის თქმა, თუმცა მაინც მიხარია, რომ თავის ინტერვიუში გვიან, ძალიან გვიან აღიარა, რომ საზოგადოებასთან უფრო გახსნილი უნდა ყოფილიყო.
- მისი არც ერთი ინტერვიუ არ გვახსოვს არც პრესაში და არც ტელევიზიით.
- კი, გეთანხმებით. მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი, მედიის აგრესია ჩემზე გადმოდიოდა, მაგრამ ეს იყო მისი პირადი განწყობა გარკვეული პროცენტით, ხოლო დანარჩენი ის, რომ ძალოვან მინისტრებს არ უნდა ესაუბრათ, ეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის გამო ხდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ მინისტრების გადაწყვეტილება. არ ვიცი, როგორ და ვინ წყვეტდა ამას, მაგრამ ბაჩო ახალაია ინტერვიუებზე ჩემს შეთავაზებას მუდმივად უარით პასუხობდა. ტელეეთერში ეპატიჟებოდნენ, ასევე პრესას უნდოდა ინტერვიუს ჩაწერა, ჟურნალისტების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მაინც განუწყვეტლივ გვთავაზობდნენ და მე მათ ყველა შეთავაზებას ვაცნობდი მინისტრს. საზოგადოებასთან კონტაქტი საჭიროა, მიუხედავად შენი სუბიექტური დამოკიდებულებისა მედიის მიმართ, მოგწონს ჟურნალისტები თუ არა. აქ ზომიერებაა საჭირო. მეორე მხრივ ამ კუთხით რადიკალურად განსხვავებული ადამიანების დასახელებაც შემიძლია, რომლებსაც სულ ტელევიზორში ყოფნა უნდოდათ. მაგალითად, დიმიტრი შაშკინს. მას დღეში 3-4 ღონისძიება ჰქონდა. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, გეტყვით, მაშინ მას ვეუბნებოდი, რომ ეს არ მომწონდა. ეს არ ხდებოდა მხოლოდ ჩემს სამინისტროში. ბევრი სხვა ჩემი კოლეგაც ასეთ მდგომარეობაში იყო. ზოგიერთი თანამდებობის პირი უზომოდ ჩანდა ტელევიზორში.
პიარში დაწერილი წესია, რომ ერთი და იგივე მესიჯი ბევრჯერ გაიმეორო, სხვადასხვა მედიასაშუალებით, მაგრამ არ შეიძლება, ერთი და იგივე ობიექტი გახსნა სამჯერ, რადგან ერთხელ გახსნილსაც წყალში ყრი და ეს უხერხულია. ვერ დავასახელებ მათ ვინაობას, მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგა ამაზე ძალიან დარდობდა. მერე მათ უწევდათ პასუხის გაცემა. პიარის სფეროს წარმომადგენლებს პატივს არ სცემენ და ჰგონიათ, რომ ტელევიზიით ბევრჯერ გამოჩენა კარგი პიარის გარანტიაა ან პირიქით, დამალვაა კარგი გამოსავალი. ჯობია, ითანამშრომლო მედიასთან.
- პატიმრების წამების კადრები რომ გავრცელდა, ფიქრობდით, პიარის კუთხით ამისთვის რა უნდა დაგეპირისპირებინათ? მით უმეტეს, ამ კონტექსტში თქვენი ხელმძღვანელის სახელი და გვარი ახსენეს...
- სიმართლე გითხრათ, როცა ეს კადრები ვნახე, დამავიწყდა, რომ იმ დროს სამსახურში ვიყავი. ძალიან ამაზრზენი კადრები იყო. ბაჩო ახალაიასთან მქონდა შეხება ვიწრო პროფილით, რაც უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხებოდა. ბევრი ღონისძიება გაგვიკეთებია ერთად სასჯელაღსრულებაში და თავდაცვაში, პოლიციაში ვერ მოვასწარით. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს მე არ მეხებოდა. შესაძლოა, სუბიექტური ვიყო იმ გარემოდან გამომდინარე, სადაც ვმუშაობდი. მქონდა პირობები, რომ მემუშავა. არავინ უპასუხოდ არ მტოვებდა, მაგრამ სხვა საკითხია, რა პასუხები იყო ეს. ჩემს კოლეგებს ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი, შინაგანად კი ვფიქრობდი, რომ მათ შეკითხვებზე პასუხები არსებობდა და თუკი კომუნიკაცია შედგებოდა, ეს მედიისთვისაც და ჩემი ხელმძღვანელისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.
- რადგან თქვენ არ გქონდათ, ასე ვთქვათ, "გემრიელად" მუშაობის საშუალება, არ გაგჩენიათ სურვილი, დაგეტოვებინათ თანამდებობა და სხვაგან წასულიყავით?
- არ მიფიქრია, რადგან ჩემი წამოსვლით ამ პრობლემას არაფერი ეშველებოდა. საერთოდ, გემრიელი და წამოსაწოლი სამსახური იშვიათია. არ ვნანობ, რომ არ წამოვედი. რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე. არის რაღაცები, რაც შენზე არ არის დამოკიდებული და ვერ გამოასწორებ.
- დისკომფორტი არასოდეს შეგქმნიათ ხელისუფლებასთან მუშაობით, იმ მძიმე ბრალდებებს თუ გავითვალისწინებთ, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა? განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ გახმაურებულ მკვლელობებს...
- ეს შეკითხვა ჩემთვის მეგობრებსაც დაუსვამთ. ჩემი თვალით არასდროს მინახავს ის, რაც სამართლებრივად არასწორი იქნებოდა.
- არ გჯეროდათ ბრალდებების, რაც ისმოდა?
- თავს შევიკავებ ჩემი დამოკიდებულების გამოხატვისგან, რადგან თუკი რაიმე საკუთარი თვალით არ გინახავს, იმაზე არ უნდა ილაპარაკო. შეფასებებს არ გავაკეთებ და სხვებსაც ვურჩევ, თავი შეიკავონ იმის შეფასებისგან, რაც დანამდვილებით არ იციან.
- დღეს, როდესაც წამოხვედით სამსახურიდან, როგორ გრძნობთ თავს? ხართ გულდაწყვეტილი?
- გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც მოხდა. მინისტრთან მუშაობა მართლაც კარგად დავიწყე. თავიდანვე რომ გავეშვი, ასე არ დამწყდებოდა გული.
- შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ?
- ბატონი ირაკლისგან მქონდა შეთავაზება დეპარტამენტში დარჩენაზე, რაზეც თავიდანვე ვუთხარი უარი. შემდეგ მითხრა, რომ შეიძლებოდა ფიქრი სამინისტროში დარჩენაზე, თუმცა მე ჩემი პროფესიით მინდა მუშაობა. ჩვენს პროფესიას ბევრი ტკივილი და ცნობადობა მოაქვს, მაგრამ ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი.
- ნინო გიორგობიანს იცნობთ, ვინც თქვენს ადგილას მიიწვიეს?
- დიდი ხანია, მას "კავკასიიდან" ვიცნობ. რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში, მისი მეუღლე მონაწილეობდა. მეტი შეხება არ გვქონია. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი რთული უწყებაა. ადამიანისთვის, რომელსაც ძალოვან სტრუქტურაში არ უმუშავია, პირდაპირ ამხელა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთული პასუხისმგებლობაა. ამხელა პასუხისმგებლობას მე თავიდანვე არ ავიღებდი, მას წარმატებებს ვუსურვებ.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, როგორი ურთიერთობა ექნება ახალ ხელისუფლებას პრესასთან? თქვენ რომელ ხელისუფლებასთანაც მუშაობდით, არც მათი პრესმდივნები პასუხობდნენ ჟურნალისტების ზარებს და დღესაც შეინიშნება ეს ტენდენცია ახალი ხელისუფლების პირობებშიც...
- აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ რადიკალურები ვართ და ძალოვანი უწყებებიდან ისეთ ინფორმაციას ვითხოვთ, რომელიც ადამიანის პირად უსაფრთხოებას ან გამოძიების მიმდინარეობას არღვევს, უწყებების წარმომადგენლებიც ღიზიანდებიან, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მედიას გარკვეულ ზღვრამდე უნდა მიჰყვე და უპასუხო მის შეკითხვებს. ამ მხრივ რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ. ერთი თვე მორატორიუმი ავიღეთ, ამ ხნის განმავლობაში ბატონი ირაკლი დილის ხუთ საათამდე მუშაობდა და ამას ყველა ხედავდა... თუმცა, პიარის საკითხები ისევ მხოლოდ პოლიტიკური კუთხით წყდება. პროფესიონალს უნდა მისცე საშუალება, თავისი საქმე თავად დაალაგოს. ეს ნიშანი კი ჯერ არ ჩანს.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)